თსუ-ს საქართველოს ისტორიის ინსტიტუტმა რუმინელ კოლეგას უმასპინძლა

თარიღი: 2023-10-06 13:05:26

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მოწვევით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტის (იაში, რუმინეთი) ისტორიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იულიან მოგა.

ვიზიტის დეტალებზე გაზეთი “თბილისის უნივერსიტეტი” ისტორიის დოქტორს ლერი თავაძეს ესაუბრა.

– ბატონო ლერი, რას ითვალისწინებდა პროფესორ იულიან მოგას ვიზიტი?

– რუმინელი კოლეგის ვიზიტი ითვალისწინებდა Erasmus Plus-ის პროგრამის ფარგლებში სასწავლო ტიპის აქტივობებსა და საჯარო ლექციების ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ პროფესორი იულიან მოგა ხშირად სტუმრობს საქართველოს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თამამად შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მეგობარია. 

– მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა, უფრო ახლოს გაგვეცნო პროფესორ მოგას სამეცნიერო ინტერესები…

– პროფესორ მოგას ძირითადი სამეცნიერო მიმართულებაა ანტიკური პერიოდი, უფრო კონკრეტულად კი, ანტიკური ხანის ანატოლიისა და საბერძნეთის რელიგიური საკითხების შესწავლა. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროა, ასევე, ებრაისტიკა, ეპიგრაფიკა და ქრისტიანული კვლევები. ქრისტიანული კვლევებიდან უკანასკნელ პერიოდში პროფესორი მოგა განსაკუთრებით დაინტერესდა სალოსთა მოღვაწეობის შესწავლით. ამ კუთხით მისი ინტერესის სფერო გახდა მამა გაბრიელის მოღვაწეობის შესწავლა. იულიან მოგამ მამა გაბრიელის მოღვაწეობას საკონფერენციო მოხსენება, სტატია და რამდენიმე საჯარო გამოსვლა მიუძღვნა. ის, ასევე, ცდილობს მამა გაბრიელის შესახებ საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას. ამ მიზნით, იულიან მოგას ხელმძღვანელობით, რამდენიმე მკვლევარი უკვე მუშაობს ქართულ და რუსულ ენებზე დაწერილი მამა გაბრიელის შესახებ შექმნილი ბიოგრაფიის თარგმანზე, რომელიც, რუმინელი პროფესორის გეგმის მიხედვით, უნდა გამოქვეყნდეს ინგლისურ და რუმინულ ენებზე. ამით მამა გაბრიელის შესახებ ლიტერატურა ხელმისაწვდომი გახდება რუმინულ ენაზე, ხოლო ინგლისურენოვან ლიტერატურას კიდევ ერთი მაღალი დონის თარგმანი შეემატება მამა გაბრიელ შესახებ. აღნიშნული უდავოდ გაზრდის საერთაშორისო ცნობადობას მამა გაბრიელის მოღვაწეობის შესახებ მსოფლიო მასშტაბით.

– რას შეეხებოდა რუმინელი პროფესორის საჯარო ლექციების თემატიკა?

– იულიან მოგამ საქართველოში თავისი რიგით ბოლო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 23-30 სექტემბერს შედგა, ორი დიდი საჯარო ლექცია-პრეზენტაცია ჩაატარა. ორივე მათგანი საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პროფესორმა თედო დუნდუამ გახსნა, რომელმაც უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩვენი რუმინელი კოლეგა წარუდგინა და მცირე შესავალი სიტყვა გააკეთა.

ლექციები ალექსანდრე მაკედონელის ეგვიპტური მემკვიდრეობისა და ანტიკური ანატოლიის მოსახლეობის სოციალურ-რელიგიურ კონტროლს შეეხებოდა, რამაც აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. გაიმართა დისკუსია.

რუმინელი პროფესორის ორივე საჯარო ლექცია თანამედროვე ინვენტარით განახლუბულ თსუ-ის პირველ კორპუსში ჩატარდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული საჯარო პრეზენტაციების გარდა, იულიან მოგამ წაიკითხა ლექციები ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, დაესწრო და მონაწილეობა მიიღო 27 სექტემბერისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შეხვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეგებს. დაისახა სამომავლო გეგმებიც, რაც ჩვენი რუმინელი კოლეგის აქტიურ ჩართვას გულისხმობს ქართულ აკადემიურ სივრცეში, ხოლო ქართველ მეცნიერების მონაწილეობას რუმინეთის აკადემიურ ცხოვრებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ იულიან მოგა გახლავთ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების (რედაქტორები: თედო დუნდუა, ალექსანდრე ბოშიშვილი) სარედაქციო კოლეგიის წევრი და ამავე ჟურნალის სხვადასხვა ნომრის თანაავტორი. მისი დაპირებით, ის გააგრძელებს თანამშრომლობას თსუ სამეცნიერო გამოცემებთან და მომავალში არაერთ კვლევას გვპირდება ქართულ-რუმინული ურთიერთობების ისტორიაზე.

Facebook
Twitter
LinkedIn