პროფესორი მიხეილ ნიორაძე გარდაიცვალა

თარიღი: 2024-03-14 13:10:05

თსუ-ს ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ინსიტუტის დირექტორი პროფესორი მიხეილ ნიორაძე. 

მიხეილ ნიორაძის სამეცნიერო მოღვაწეობა მოიცავს ორ პერიოდს. პირველი დაკავშირებულია დუბნის ამაჩქარებელზე რელატივისტური ბირთვული ფიზიკის სფეროში შესრულებულ კვლევებთან,  ხოლო მეორე იულიხის კვლევითი ცენტრის ამაჩქარებელზე ჩატარებულ ექსპერიმენტებთან. პროფესორ მიხეილ ნიორაძის მიერ თანაავტორებთან ერთად შესრულებულმა სამეცნიერო შრომათა ერთმა ციკლმა  დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის პრემია (1998 წ.) დაიმსახურა, ხოლო შედგენილი სისტემების რელატივისტური ტალღური ფუნქციების კვლევასთან დაკავშირებულმა შრომათა მეორე ციკლმა – საქართველოს ეროვნული პრემია (2009 წ.). 

1993 წლიდან მიხეილ ნიორაძე, თავისი ჯგუფით, მიწვეული იყო ქ. იულიხის კვლევით ცენტრში (გერმანია) საერთაშორისო თანამშრომლობაში  მონაწილეობის მისაღებად. ამ ექსპერიმენტებისთვის მისი ხელმძღვანელობით თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში დამუშავდა და შეიქმნა სრულიად ახალი ტიპის ჩერენკოვის მთვლელები, რომლებიც გამოიყენებოდა იულიხის სამეცნიერო ცენტრის ამაჩქარებელზე. მიხეილ ნიორაძის ინიციატივით, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ინიცირებული იყო ნუკლონ-ნუკლონური ურთიერთქმედების სპინური სტრუქტურის შესწავლის მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც წარმატებით დასრულდა 2016 წელს. პოლარიზაციული ექსპერიმენტების შედეგები შესულია ნუკლონ-ნუკლონ ურთიერთქმედების მონაცემთა მსოფლიო ბაზაში.

პროფესორმა მიხეილ ნიორაძემ, გერმანელ კოლეგებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა გერმანულ-კავკასიურ სკოლა-სემინარს ჰადრონულ ფიზიკაში, რომელიც 2004 წლიდან დღემდე ტარდება თბილისში ყოველ ორ წელიწადში. გერმანული მხარის ინიციატივით, ის ტრანსფორმირდა ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის კონცეფციად. ამ პროექტის ფარგლებში, ქართველი სტუდენტების მიერ შესრულებული იყო 11 სამაგისტრო და 6 სადოქტორო ნაშრომი იულიხის კვლევით ცენტრში.

მიხეილ ნიორაძის უშუალო მონაწილეობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (დაახლოებით 80 მაღალი იმპაქტ-ფაქტორის ჟურნალებში). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო და 1 აკადემიური ხარისხის სადოქტორო დისერტაცია.

მიხეილ ნიორაძემ 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1990 წელს – სადოქტორო დისერტაცია. მას მინიჭებული ჰქონდა პროფესორის აკადემიური ხარისხი. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა თსუ-ს ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტს.

ბატონი მიხეილის, როგორც შესანიშნავი მეცნიერის, პედაგოგის, ხელმძღვანელის, ღრმად ერუდირებული, გულისხმიერი და კარგი ადამიანის სახელი სამუდამოდ დარჩება მისი კოლეგების, თანამშრომლების, მოწაფეების მეხსიერებაში.

Facebook
Twitter
LinkedIn