მირანდა კახიშვილი თვლის, რომ თსუ-ში სწავლისას წინ საუკეთესო წლები ელოდება

თარიღი: 2023-09-21 16:18:16

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მაღალრეიტინგულ პირველკურსელად დასახელებული მირანდა კახიშვილი თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე ჩაირიცხა. მას სურს დაეუფლოს დიპლომატიას.

რატომ აირჩია თსუ? – ამ კითხვაზე მირანდას ასეთი პასუხი აქვს: ,,თსუ ერთ-ერთი მოწინავე და გამორჩეული უნივერსიტეტია  არამარტო  საქართველოში,  არამედ მთელ კავკასიაში და ვფიქრობ,  ეს ის ადგილია, სადაც შესაბამის განათლებას მივიღებ. გარდა ამისა, ჩემი გადაწყვეტილება თსუ-ს აკადემიურმა პერსონალმაც განაპირობა“.

მირანდა ფიქრობს, რომ წინ საუკეთესო წლები ელოდება, რადგან, მისი აზრით, ხარისხიანი განათლების მიღებასთან ერთად უამრავ საინტერესო ადამიანს შეხვდება, რაც იმის საშუალებას მისცემს, რომ უკეთ გაიცნოს თავისი ქვეყანა და საზოგადოება. მას სურს მომავალში თავისი სპეციალობით დასაქმდეს და სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს.

,,მსურს, თსუ-სთან ერთად უამრავი საუკეთესო მოგონება მაკავშირებდეს და ვიცი, რომ ასეც იქნება“, – ამბობს პირველკურსელი მირანდა კახიშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn