სამეცნიერო ნაშრომის – „კავკასიის ხალხები, კულტურები, ენები“  – პრეზენტაცია

თარიღი: 2023-04-07 21:03:55

4 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ორგანიზებით  ახლადგამოცემული სამეცნიერო ნაშრომის – „კავკასიის ხალხები, კულტურები, ენები“  – პრეზენტაცია გაიმართა.   კოლექტიური მონოგრაფია (ავტორები: მ. ჩუხუა, ნ. ანთელავა, მ. მაგომედხანოვი)  შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით  განხორციელდა.

თსუ-ს პროფესორის,  მერაბ ჩუხუას ინფორმაციით, ნაშრომში კავკასიელი ხალხებისა და ენების გენეტიკური წარმომავლობის და კულტურათა ურთიერთმიმართების პრობლემა კომპლექსურადაა შესწავლილ-წარმოდგენილი – ლინგვისტურთან ერთად, ეთნოლოგიური, არქეოლოგიური და პალეობიოლოგიური კვლევებიდან მიღებული დასკვნების გათვალიწინებით, რაც მეტად აქტუალურს ხდის წარმოდგენილ პრობლემატიკას.

„აღსანიშნავია, რომ  მსგავსი მასშტაბის, იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხებსა და ენებზე (კულტურებზე) სპეციალურად ორიენტირებული, კომპლექსური კვლევა საქართველოში დღემდე არ განხორციელებულა. დიდი ხანია, ლინგვისტური კავკასიოლოგია მწიფდება იმ ნიშნულისათვის, როცა აუცილებელი ხდება შემაჯამებელი ხასიათის ასეთი ნაშრომი, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთება კავკასიის ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური პორტრეტი, ანტროპოლოგიურად შესწავლილი სათანადო დარგის მეცნიერთა მიერ.

მონოგრაფიის ლინგვიტური ნაწილი მიმოიხილავს კავკასიოლოგიაში არსებულ ყველა ძირითად საენათმეცნიერო საკითხს, მიუყვება რა თანამედროვე მსოფლიო ლინგვისტიკის მაჯისცემას. საენათმეცნიერო განაკვეთში მოცემულია არა მხოლოდ ტრადიციულად ცნობილი თეორიები ამ მიმართულებით, არამედ დასმულია იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების უახლესი პრობლემებიც“,  – ამბობს მერაბ ჩუხუა.

პროფესორი   მერაბ ჩუხუა  თავის ნაშრომში განიხილავს  წინა აზიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის  ძველი მკვდარი ენების იბერიულ-კავკასიურ ენებთან ნათესაობის  თეორიის ხედვას; განიხილავს ბასკური, ბურუშაული, კასიტური თუ აინუ ენების შესაძლო გენეტიკურ კავშირებს ამ ოჯახთან; საგანგებო ყურადღებას უთმობს ნოსტრატულ და დენე-სინო-კავკასიურ თეორიებს. აქტიურდება ცნება „პალეოკავკასიური“. ენობრივი მასალითაა წარმოდგენილი და დასაბუთებული კავკასიის აბორიგენული მოსახლეობის  მაღალი  კულტურული განვითარება – მოყოლებული არქაული პერიოდებიდან. ავტორი მიზნად ისახავს არა არსებული მასალის კომპილაციურ შეჯამებას, არამედ დღემდე მის მიერვე ჩატარებული უმთავრესი კვლევების ორიგინალურ ანალიზს თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომელიც ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების პრობლემური უბანია.

მონოგრაფიის გაცნობით მკითხველისათვის იხაზება ლინგვისტური კავკასიოლოგიის განვითარების პროსპექტი.

მნიშვნელოვანია, რომ ეთნოლოგიის  ნაწილში  წარმოდგენილია კავკასიის ავტოქთონ ხალხთა ადრეული ეთნოგენეზის პრობლემები და ეთნოკულტურის საკითხები. მოცემულია ისტორიოგრაფიაში ფართოდ გავრცელებული თეორიები და მათი კრიტიკული ანალიზი. ასეთი მიდგომა განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს ნაშრომს, იმის გათვალისწინებით, რომ კავკასიელი ხალხების ეთნოგენეზის საკითხი საბოლოოდ გადაჭრილი არ არის. ემპირიულ მასალაზე დაფუძნებული კვლევა ეთნოლოგიური მეცნიერების კარდინალურ საკითხთა გადაწყვეტისაკენ წინგადადგმული ნაბიჯია.

როგორც მონოგრაფიის წინასიტყვაობაშია აღნიშნული, „საქართველოს ჰუმანიტარული კვლევების ისტორიაში პირველად შეიქმნა ინტერდისციპლინური ხასიათის ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომი ― ახალი პარადიგმა მეცნიერებაში, რომელიც, მიმდინარე კვლევათა შედეგების ფონზე, სრულად (კომპლექსურად) წარმოაჩენს თანამედროვე კავკასიელი ხალხების (პალეოკავკასიელების) ენობრივ, კულტურულ და ყოფით სამყაროს“.

წარმოდგენილი ნაშრომი მდიდრდება, ასევე, ინგლისური ვერსიის პოვნიერებით, რომელიც ძირითად დებულებებს ადეკვატურად ასახავს და ხელს შეუწყობს მათ გავრცელებას საერთაშორისო მასშტაბით.

მონოგრაფია დააინტერესებს როგორც სპეციალისტებს, ისე – ფართო საზოგადოებასაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის დადებითი გამოხმაურება, რაც ნაშრომმა უკვე მოიპოვა სტუდენტთა და მეცნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდა სპეციალისტთა შორის.

ღონისძიებაზე მონოგრაფიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს   თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა,  პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა, ასევე,  მონოგრაფიის ავტორებმა, პროფესორებმა  მერაბ ჩუხუამ  და ნუგზარ ანთელავამ. ნაშრომი შეაფასეს ღონისძიების სტუმრებმა, მეცნიერებმა: ზურაბ ხონელიძემ,  გიორგი გოგოლაშვილმა, ზურაბ პაპასკირმა, ანდრო ბედუკაძემ, მერაბ ნაჭყებიამ, მანანა ბუკიამ, ბეჟან ხორავამ, ნაირა ბეპიევმა, ნიკო ჯავახიშვილმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა, მარინე ივანიშვილმა, რევაზ აბაშიამ, მურმან პაპაშვილმა, ნატო ახალაიამ, ნოდარ არდოტელმა და პოეტმა ელგუჯა მარღიამ.

Facebook
Twitter
LinkedIn