რატომ განიცდიან სტუდენტები მწვავე პრობლემად  დამეგობრების თემას?

თარიღი: 2023-10-30 15:07:01

სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება პირველკურსელების პოსტები, სადაც ისინი მეგობრების მოძებნის სურვილს გამოთქვამენ. მეგობრის პოვნის რა პრობლემას ქმნის საუნივერსიტეტო ცხოვრება და რამდენად სტრესულია სტუდენტებისთვის სწავლის პირველი წელი?

ახალ და უცხო გარემოში ადაპტაცია ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც ახლახან სკოლა დაამთავრეს და მოსწყდნენ ნაჩვევ ადგილს, სადაც თორმეტი წელი გაატარეს, ნამდვილად რთულია. დატვირთული აბიტურიენტობის ეტაპის შემდეგ უნივერსიტეტში მოხვედრა, სადაც სკოლისგან განსხვავებული გარემოა, ბუნებრივია, პირველკურსელებში იწვევს სტრესს. მათ უჩნდებათ ათასი კითხვა, რომელთა დასმისაც ერიდებათ; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – არ ჰყავთ მეგობრები, რომლებიც მარტივად გადაატანინებენ მიჩვევის პროცესს. სწავლის პირველ წელს ყველაზე რთულია გაითავისო და მოერგო ადგილს, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მეორე სახლივითაა.

სამართლის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელ გვანცა გედენიძისთვის ახლა უნივერსიტეტში სწავლის პირველი კვირებია, იგი ახლაც შეგუების პროცესშია და აღნიშნავს, რომ ამ პერიოდს მართლაც ახლავს სტრესი: „სულ მესმოდა უფროსებისგან, რომ უნივერსიტეტში გაჩენილი მეგობრები ძალიან ძვირფასები არიან და ეს წლები საუკეთესოა, მაგრამ დაწყებისთანავე მივხვდი, რომ არც ისე მარტივია ამდენ სტუდენტში დაუახლოვდე ადამიანებს და გაიჩინო მეგობრები. ზოგი ერთმანეთს უკვე იცნობს და ურჩევნიათ ისევ ერთმანეთთან იყვნენ, ვიდრე ახალ ადამიანებს დაუახლოვდნენ“, – ამბობს გვანცა. გვანცას გაუმართლა, რადგან თავის რამდენიმე კლასელთან ერთად ჩაირიცხა სამართლის მიმართულებაზე. უცხო გარემოში ახლო ადამიანების დანახვა და მათი გვერდში დგომა მას აძლიერებს. ყოველთვის, როდესაც ადამიანების ცხოვრებაში რაიმე ახალი ეტაპი იწყება, ისინი ფიქრობენ და ნერვიულობენ გამოწვევებზე, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, დაძლევადია, მაგრამ დიდი ბედნიერებაა, როცა რთულ ეტაპებს მეგობრებთან ერთად გადიხარ.  „როდესაც უნივერსიტეტში ჩემი მეგობრები არ მხვდებიან და მარტო ვარ, მაშინ რთულია ახალი ადამიანების გაცნობა, რადგან ვფიქრობ  – ერთგვარი კომპლექსი გვაწუხებს ჩვენს თაობას ახალი ადამიანების გაცნობის, თუმცა, უნივერსიტეტი სწორედ ამაში გვეხმარება, რომ უფრო გახსნილები და თამამები ვიყოთ“, – ამბობს გვანცა.

უნივერსიტეტში წელს პირველკურსელებისთვის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშიაც ესწრებოდა. მიუხედავად უნივერსიტეტისგან გადმოდგმული ამ ნაბიჯისა, სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში პირველკურსელების მიერ განთავსებულ პოსტებს მაინც ხშირად ვაწყდებით. ისინი წერენ, რომ არ ჰყავთ მეგობრები, ვერ უმეგობრდებიან კურსელებს და მათთვის ეს პრობლემა იმდენად რთულ ფორმას იღებს, რომ უნივერსიტეტში სიარულიც კი აღარ სურთ.

ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვაზე – არსებული საგანმანათლებლო პროცესი, რაც ჯგუფელის და კურსელის ყოლას გამორიცხავს, ხომ არ უშლის ხელს სტუდენტებს  – მეგობრები გაიჩინონ?  – უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თამარ ვეფხვაძე გვპასუხობს: ,,სასწავლო პროცესის სხვაგვარად ორგანიზება ჩვენს უნივერსიტეტში, ისევე, როგორც მსოფლიოს მასშტაბით დიდ უნივერსიტეტებში, წარმოუდგენელია. თქვენ კარგად იცით, რომ ასეთ დიდ უნივერსიტეტებში, როგორიც ჩვენი უნივერსიტეტია, სასწავლო კურსებზე რეგისტრაციის სისტემა არსებობს და სტუდენტისთვის მინიჭებული ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფუძემდებლური უფლება – ეს არის სწორედ ის, რომ მას შეუძლია თვითონ გაუკეთოს ადმინისტრირება საკუთარ კურიკულუმს. როდესაც ეს უფლება აქვს სტუდენტს, ცხადია, ამ დიდ კონგლომერატში ჯგუფის განცდა ვერ იქნება, რადგან სტუდენტი შეიძლება რაღაც ჯგუფს სტუდენტებისა მხოლოდ  კონკრეტული  სასწავლო  კურსის ფარგლებში ხვდებოდეს. მე პრობლემას პირადი ურთიერთობების სოციალური ქსელების მოხმარებით ჩანაცვლებაშიც ვხედავ.  თუკი სტუდენტები სოციალიზაციის წყურვილს გაჯეტებით და სოციალური ქსელებით ივსებენ, უკვე დროც ნაკლები რჩებათ, რომ პირადი კონტაქტები ჰქონდეთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აუცილებელია სტუდენტური თვითმმართველობის როლის გაძლიერება, რომელსაც შეუძლია გარკვეული ღონისძიებების რიცხვი და მასში სტუდენტების ჩართულობის მოტივაცია გაზარდოს. ასეთი მიდგომა სტუდენტების სოციალიზაციას ხელს შეუწყობს. გარდა ამისა, უნივერსიტეტის ბაღი, ბიბლიოთეკა და ის სტუდენტური სივრცეები, რომლებიც ახლა ეწყობა (ჩვენ ვხედავთ, რომ კორპუსებში ძალიან კომფორტული მრავალი ზონა გაჩნდა ჩვენი ახალგაზრდებისთვის), სტუდენტს ლექციებს შორის თავისუფალი დროის ამ ადგილებში გატარების საშუალებას აძლევს, სადაც შეიძლება მომავალი მეგობრები გაიცნონ“.  

ჩვენ მიერ წამოჭრილ პრობლემაზე ვესაუბრეთ, ასევე, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, ქალბატონ ეკატერინე ფირცხალავას, რომელიც პრობლემის მიზეზებზეც მიუთითებს:  „სტუდენტებს ერთმანეთთან დამეგობრებაში ხელს შეუწყობს მათი საერთო ინტერესები და შეხედულებები, რის შემდეგაც დაახლოება და დამეგობრება უფრო მარტივი იქნება. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ისეთ კურსელთან დამეგობრება, რომელიც კარგად სწავლობს, ძირითადად, მრავალი სტუდენტის ინტერესია ხოლმე. სტუდენტები, რომლებიც  ინტროვერტები არიან, რა თქმა უნდა, ახასიათებთ ჩაკეტილობა და ესეც ერთგვარი მიზეზია, რატომაც არის შესაძლებელი, რომ მათ უჭირდეთ დამეგობრება“, – აღნიშნავს ეკატერინე ფირცხალავა, რომელიც გვამცნობს, რომ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი ფუნქციონირებს.

„სტუდენტებს, რომლებიც განიცდიან ფსიქოლოგიურ და ემოციურ პრობლემებს, ცენტრი მათ დაეხმარება. მათ ასევე შეუძლიათ ცენტრს მიმართონ მაშინაც, როდესაც აქვთ სხვადასხვა ტიპის ინტერპერსონალური პრობლემები, ვერ პოულობენ მეგობრებს, თავს მარტოსულად გრძნობენ. ცენტრის პერსონალი სათანადო მეთოდოლოგიის გამოყენებით დაეხმარება სტუდენტებს ამ პრობლემების დაძლევაში, რაც მნიშვნელოვანია მათი კარგად ყოფნისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნავს ქალბატონი ეკატერინე.

გამოსავლის ძიებაში ჩვენ ისეთ სტუდენტსაც გადავაწყდით, რომელსაც უნივერსიტეტისადმი წინასწარი მოლოდინები გაუმართლდა და ჩვენთან საუბრისას თანატოლებისათვის რჩევის მიცემით შემოიფარგლა: ,,თუ გსურთ, რომ უნივერსიტეტში მეგობრები გაიჩინოთ, აუცილებლად გადადგით პირველი ნაბიჯები მათთან ურთიერთობისას და ეცადეთ კომუნიკაცია დაამყაროთ, რადგან შესაძლოა სწორედ ისინი ელოდებიან თქვენგან ინიციატივას“, – გვითხრა თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პირველკურსელმა ბათო ტეფნაძემ, რომლისთვისაც პირველი დღე უნივერსიტეტში ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ელოდა.

ასე რომ, გამოსავალი არსებობს, თუკი სტუდენტები ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ინფორმაციას გაიაზრებენ და ყველა იმ სიკეთეს აითვისებენ, რასაც უნივერსიტეტი მათ სთავაზობს.

ანი მამისაშვილი

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn