მარიამ ხაზალიამ თსუ აკადემიური პერსონალის გამოც აირჩია

თარიღი: 2023-10-13 15:36:40

,,ბავშვობიდან მაინტერესებს ამბების ფენომენი. სწორედ ამ უკანასკნელმა შემაყვარა კითხვაც, ახლა კი პრაქტიკული ჟურნალისტიკის კურსის ფარგლებში შანსი მეძლევა, რომ ამბები მეც მოვუყვე ხოლმე  სხვებს“, – ამბობს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ხაზალია, რომელიც თსუ-ს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციაში სტაჟირების კურსს გადის. რატომ აირჩია თსუ?  – ამ კითხვაზე მარიამი ასეთ პასუხს გვცემს: ,,ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად დავასახელებდი აკადემიურ პერსონალს, რომლებიც მუდამ ცდილობენ, რომ ჩვენი შეკითხვები უპასუხოდ არასდროს დატოვონ. უნივერსიტეტმა გამზარდა პიროვნულად, მომცა დიდი გამოცდილება და შემძინა არაერთი მეგობარი“.

მიუხედავად უნივერსიტეტისადმი უაღრესად სათუთი დამოკიდებულებისა, მარიამ ხაზალიას გულისწყრომას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იწვევს. ,,ვისურვებდი, რომ გაცილებით გამართული ადმინისტრაცია გვყავდეს, რომლის წარმომადგენლებისთვისაც სტუდენტების ხმა პრიორიტეტული იქნება“, – აღნიშნავს სტუდენტი. მარიამს სურს, რომ საგნების არჩევის პროცესი უფრო გამარტივდეს და მოქნილი გახდეს.

როგორც ბევრი წარმატებული სტუდენტი, მარიამიც ამ ბოლო დროს ფიქრობს იმაზე –  თუ როგორ დააბალანსოს სწავლა, სამსახური და დასვენება ისე, რომ ერთმა მეორეს ხელი არ შეუშალოს. რაც მას საუკეთესოდ ახასიათებს, მისი პასუხია პასუხისმგებლიანობის თემაზე: ,,ჩემთვის პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ საქმეს, რასაც ხელს მოვკიდებ, გავაკეთო ისე – თითქოს ეს ჩემი ბოლო საქმე იყოს ამქვეყნად“.

Facebook
Twitter
LinkedIn