მარიამ ბალხამიშვილს სურს, რომ თსუ უფრო მეტად მოერგოს სტუდენტთა ინტერესებს

თარიღი: 2023-10-13 13:12:25

თბილისის სხელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტს მარიამ ბალხამიშვილს ჟურნალისტის პროფესიის დაუფლება სურს. სწორედ ამიტომ აირჩია მან თსუ-ს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციის მიერ გამოცხადებული სტაჟირების კურსის გავლა პრაქტიკული ჟურნალისტიკის კუთხით. მარიამს ბეჭდურ მედიაში დასაქმება სურს და უნდა, რომ პროფესიონალი ჟურნალისტი გახდეს.

რატომ აირჩია თსუ? – ამ კითხვაზე მარიამ ბალხამიშვილი ასეთ პასუხს გვცემს:  ,,თსუ ავირჩიე, რადგან ვფიქრობ, რომ თუკი გინდა გახდე პროფესიონალი შენს სფეროში და ისწავლო ქვეყნის საუკეთესო ლექტორებთან, მაშინ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ამისათვის. ამავდროულად, მგონია, რომ ყველაზე ძლიერი ჰუმანიტარული სკოლა დღეს საქართველოში სწორედ თსუ-ს აქვს“.

მარიამს დღეს არჩეული პროფესიაც მოსწონს, რადგან სწავლისას ქართული ენისა და ლიტერატურის შესახებ უამრავ მნიშვნელოვან, საინტერესო და ბევრისათვის უცნობ დეტალს ეხება. თუმცა, ჟურნალისტიკა მისთვის ის სფეროა, რომელიც ბავშვობიდან ხიბლავდა.  ,,საზოგადოებას მიაწოდო საინტერესო ფაქტები და მოვლენები ისე, რომ დაიცვა ობიექტურობა, გქონდეს კომუნიკაცია არაერთ საინტერესო პერსონასთან და, ამასთანავე, ფეხი აუწყო ცხოვრების რიტმს, ისე, რომ არ გამოგრჩეს არც ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, ამ პროფესიას საინტერესოსთან ერთად საპასუხისმგებლოსაც ხდის“, – ამბობს მარიამ ბალხამიშვილი. 

მიუხედავად იმისა, რომ მარიამს ძალიან სათუთი დამოკიდებულება აქვს უნივერსიტეტისადმი, ამ სივრცეში იგი პრობლემებსაც ხედავს, რასაც გვიზიარებს: ,,ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის არ არის ჯანსაღი კომუნიკაცია, რაც აისახება შემდგომ პროცესებზე. ამავდროულად, მგონია, რომ უნივერსიტეტი ნაკლებად ითვალისწინებს და ერგება სტუდენტის ინტერესებს. შეიძლება არაერთი საინტერესო პროექტის დაგეგმვა, რომელიც მეტად საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს. ასევე, ვისურვებდი გაცვლითი პროგრამების შესახებ აქტიურად ხდებოდეს სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება“, – აცხადებს სტუდენტი.

მარიამს გარდა ლექცია-სემინარებისა, სტუდენტებისათვის საინტერესო აქტივობებში ჩართვაც სურს. თავის მხრივ, მარიამ ბალხამიშვილი ყველა საქმის შესასრულებლად მზაობას გამოხატავს და მთელი პასუხისმგებლობით ელოდება შეთავაზებებს.

,,პასუხისმგებლიანობა ჩემთვის ნიშნავს პასუხი აგო იმ საქმესა თუ ქმედებაზე, რომლის გაკეთების პირობაც გაქვს დადებული საკუთარი თავისა თუ სხვების წინაშე, მიუხედავად ხელის შემშლელი ფაქტორებისა  – შეასრულო შენზე დაკისრებული საქმე“, – ამბობს მარიამი.

მისი მოტივაციაა, უპირველესად, საკუთარი თავი, რადგან სურს, რომ განვითარდეს და იმაზე უკეთესი იყოს ხვალ, ვიდრე არის დღეს. მარცხად განიხილავს იმ შემთხვევას, თუკი მთელი დღე ფუჭად გაატარა და მარცხისა თუ წარუმატებლობის შიშის გამო უარი თქვა იმის გაკეთებაზე, რაც ძალიან უნდოდა. არადა მარიამ ბალხამიშვილს წინ ბევრი გეგმა აქვს:  ,,მინდა, ვიყო პროფესიონალი იმ სფეროში, სადაც ვიმუშავებ; მსურს, წავიდე სასწავლებლად საზღვარგარეთ; ვფიქრობ, ვაკეთო ის საქმე, რომელიც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს“.

Facebook
Twitter
LinkedIn