თსუ-ში სამეცნიერო კონფერენციით სოციალური მუშაკი მაია მგელიაშვილი გაიხსენეს

თარიღი: 2024-04-10 20:33:45

„ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“ – ამ სახელწოდებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სოციალური მუშაობის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც მაია მგელიაშვილის  ხსოვნას მიეძღვნა. კონფერენციის ინიციატორი გახლდათ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია World Vision საქართველოსთან, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად.

„სიმბოლურია, რომ მაია მგელიაშვილის სახელობის კონფერენციით ჩვენ ვეხმიანებით სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღეს, რომელიც წელს 19 მარტს აღინიშნება. ამ დღის მიზანია, გაიზარდოს საზოგადოებაში სოციალური მუშაკებისა და მათი წვლილის შესახებ ცნობადობა. ეს კონფერენცია ეძღვნება მაია მგელიაშვილს, როგორც ერთ-ერთ პირველ კვალიფიციურ სოციალურ მუშაკს, რომელიც დაუღალავად შრომობდა სოციალური მუშაობის პროფესიის დანერგვისა და განვითარებისთვის ბავშვების, მოზარდებისა და მათი ოჯახების საკეთილდღეოდ.  სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღის 2024 წლის თემაა – საერთო მომავალი ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის (Shared future for transformative change).  ამ თემას ჩვენ, ქართველი სოციალური მუშაკები, მაიას  სიტყვებით ვუერთდებით:  „მე სოციალური მუშაკი ვარ… მე ვცვლი, მე ვაძლიერებ, მე მჯერა!“, – ითქვა კონფერენციის გახსნაზე.

„ამგვარი შეხვედრები პროფესიის უმნიშვნელოვანეს როლზე,  მისი განვითარების მიღწევებსა და გამოწვევებზე მსჯელობის პლატფორმას ქმნის. სოციალური მუშაობის, როგორც ახალბედა დარგის, განვითარებისთვის საქართველოში მნიშვნელოვანია პრაქტიკოსთა და მეცნიერთა ერთობლივ სივრცეში მუშაობა“, – აღნიშნა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა სალომე ნამიჭეიშვილმა.

კონფერენციაზე გაიხსენეს და მიმოიხილეს მაია მგელიაშვილის მოღვაწეობა და  ბავშვზე ზრუნვის სისტემის მხარდაჭერა World Vision საქართველოსთან ერთად, მოისმინეს მაიას შვილის მარიამ ყარმაზანაშვილის გამოსვლა, რომელიც მისი თვალით დანახულ დედის საქმიანობას ეძღვნებოდა.

კონფერენციის პირველი სესიის თემა იყო „მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები სოციალური მუშაობის გასავითარებლად ბავშვებისა და ოჯახებისთვის“. წარმოდგენილი იყო მოხსენებები: სოციალური მუშაობის პრაქტიკა ბავშვებისა და ოჯახების მომსახურებებში (კან იიპ, ჰონგ-კონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ჩინეთი); „ხელოვნების თერაპია ბავშვებისთვის სტრესულ სიტუაციებში(მონიკა ვიგერი, გამოყენებით მეცნიერებათა  კათოლიკური უნივერსიტეტი, ფრაებურგი, გერმანია); „ბავშვთა კეთილდღეობა უკრაინაში(კატერინა იჰნატენკო, ასოცირებული პროფესორი, ლუგანსკის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა); „ბავშვებისა და ოჯახების სისტემების გაძლიერება საქართველოში(ნინო შატბერაშვილი, ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ია შეყრილაძე, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აბსტრაქტის ავტორები: სალომე ნამიჭეიშვილი, ნინო შატბერაშვილი, ნათია ფარცხალაძე, შორენა საძაგლიშვილი, ია შეყრილაძე); მეორე სესია მიეძღვნა ახალბედა სოციალური მუშაკების პერსპექტივებს სოციალური მუშაობისა და ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ. კონფერენციაში მონაწილე ახალბედა სოციალურ მუშაკებს სერტიფიკატები გადაეცათ. დასკვნით ნაწილზე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვოკალურ-ინსტრუმენტულ  ანსამბლ „უნივერსიტეტის“ მიერ რამდენიმე ხალხური სიმღერა შესრულდა.

მაია მგელიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელსაც საფუძველი 2023 წლის 14 ივლისს  ჩაეყარა, ყოველწლიურად გაიმართება.  

Facebook
Twitter
LinkedIn