რამდენი ბალით აფასებენ სტუდენტები ლისის სტუდქალაქში ცხოვრების ხარისხს

თარიღი: 2024-04-03 19:38:18

ლისის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ამჟამად  240 სტუდენტი ცხოვრობს, როგორც ამას სტუდქალაქის ადმინისტრაცია გვეუბნება. ლისის საერთო საცხოვრებელი ძალიან კეთილმოწყობილი და კომფორტულია სტუდენტებისთვის. ,,ძირითადი პრობლემა, რაზეც სტუდენტები მოგვმართავენ ხოლმე, ეს არის სანტექნიკისა და ელექტროობის დაზიანებები, სადურგლო საქმე და ერთ ოთახში მცხოვრებთა შეუთანხმებლობა. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მყისიერად მოვახდინოთ რეაგირება და დავეხმაროთ ჩვენს სტუდენტებს”, – აცხადებს სტუდქალაქის ადმინისტრატორი, ქალბატონი თამარ დვალი.

ამასვე ადასტურებენ თავად ლისის სტუდქალაქის მაცხოვრებლებიც: „არ მახსენდება საკითხი, რომელიც მიმიტანია ადმინისტრაციამდე და იმავე დღეს თუ არა, მეორე დღეს მაინც არ მოგვარებულიყო. დავამატებ იმასაც, რომ მახსოვს ჩვენი ხელოსანი დაკავებული იყო. ბატონი ზაზა და ქალბატონი თამარი თავად ამოვიდნენ ოთახში დასახმარებლად. ძალიან ყურადღებიანი, თბილები და პასუხისმგებლიანები არიან”, – აღნიშნავს სტუდქალაქის მაცხოვრებელი მარიამ ლოთიშვილი.

სტუდქალაქის მაცხოვრებელი სტუდენტების გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისინი ძალიან კმაყოფილები არიან საერთო საცხოვრებლის პირობებით, ამასთან ერთად, ხაზს უსვამენ თავიანთ დამოკიდებულებებს ერთმანეთისადმი და იმ ღირებულ ურთიერთობებს, რომლებიც სტუდქალაქში თანაცხოვრებისას შეიძინეს.

,,სტუდქალაქის მაცხოვრებლებს გვაქვს ყველა ის პირობა, რაც საჭიროა სტუდენტური ცხოვრებისთვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ადგილი მიქმნის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის შეგრძნებას. სტუდქალაქის სივრცე შემოსაზღვრულია და დაცვა იცავს 24 საათის განმავლობაში. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ სტუდქალაქმა მასწავლა  – როგორ შევუთავსო სწავლა და გართობა ერთმანეთს. თითქმის დღე არ გადის ისე, რომ არ შევიკრიბოთ სტუდენტები”, – გვითხრა ანა ზურაბაშვილმა.

,,უამრავი მეგობარი შემმატა სტუდქალაქმა. როგორც ჩვენ, ასევე, ჩემი ოჯახის წევრები ვამბობთ, რომ ეს ჩვენი ,,მეორე ოჯახია”. არ ვიცი, ამდენი სხვადასხვა მისწრაფების, შეხედულების, სხვადასხვა კუთხის შვილი ერთად ასე როგორ შეგვყარა ამ ადგილმა, რომ დღე არ გავა ერთმანეთის კარზე არ დავაკაკუნოთ, საღამოს ერთად არ შევიკრიბოთ, ვისაუბროთ და ვითამაშოთ სამაგიდო ან თუნდაც ზეპირსიტყვიერი თამაშები. ადმინისტრაციის შენობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ყველამ ერთ სივრცეში მოვიყაროთ თავი. თითქმის ყველა ფეხბურთის თამაშზე ვიკრიბებით და ერთად ვგულშემატკივრობთ საყვარელ გუნდს, ასევე აქვე აღვნიშნავთ ჩვენს საყვარელ დღესასწაულებსაც, ახალი წელი იქნება ეს თუ რომელიმე ჩვენგანის დაბადების დღე”,  – ამბობს მარიამ ლოთიშვილი.

,,სტუდენტურ საცხოვრებელში უკვე სამი წელია ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ ,,საერთო გარემოში” გვიწევს ცხოვრება, ეს არ აფერხებს ჩემი სწავლის ხარისხს, ვინაიდან ხმაურის შემთხვევაში სასწავლო ოთახებიც გვაქვს. ერთადერთ პრობლემურ საკითხად, ალბათ, არასაკმარისი პირადი სივრცის ქონას გამოვყოფდი, თუმცა ყველა სხვა ბენეფიტის გათვალისწინებით, სტუდქალაქში ცხოვრების ხარისხს 10 ბალიანი სისტემიდან რვით შევაფასებდი. თითოეულ ჩვენგანს მოგვეთხოვება, რომ პატივი ვცეთ ერთმანეთს, ვიყოთ მეტად დამთმობები და კომუნიკაბელურები”, – აღნიშნა ნუკი კალმახელიძემ.

ლისის სტუდქალაქში ცხოვრებისთვის რეგისტრაცია ხორციელდება სემესტრულად, ონლაინ რეჟიმში. სტუდენტებს ეგზავნებათ ტექსტური შეტყობინება ტელეფონის ნომერზე და რეგისტრაციის გავლა ხდება Uni.tsu.ge-ს საშუალებით. საერთო საცხოვრებლის ღირებულება სტუდენტზე შეადგენს არაუმეტეს 150 ლარს.

მანჩო ბალხამიშვილი,

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტი

ფოტოები ავტორის

Facebook
Twitter
LinkedIn