თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს ლერი ლევიძის პირადი არქივი გადაეცა

თარიღი: 2024-03-29 15:03:24

თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს ახლახან მეცნიერის, ლერი ლევიძის პირადი არქივი გადაეცა.

  ისტორიის ეთნოლოგიის დოქტორის, ლავრენტი ჯანიაშვილის ინფორმაციით,  არქივში დაცულია  მეცნიერის მიერ წლების განმავლობაში შესრულებული   ნაშრომები და საქართველოს სხვადასხვა კუთხესა თუ ჩრდილო კავკასიაში მოპოვებული საველე-ეთნოგრაფიული მასალა, მათ შორის:  1976-2002 წწ. (1976 სვანეთის ექსპედიცია; 1982  -სვანეთი; 1983 – სამეგრელო-აფხაზეთი;  1984 წ. – სამეგრელო-აფხაზეთი, რაჭა; 1985 წ. -აფხაზეთი,  სვანეთი,  ბალყარეთი; 1986წ. – ლეჩხუმი, 1987 წ. – სამეგრელო, ხევსურეთი, შიდა ქართლი; 1988წ – რაჭა; 1990 წ. – იმერეთი;  1991 წ. – სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი; 2002 წ. – აჭარა). დღიურებში განმარტებულია მონადირეობასთან დაკავშირებული ტერმინები, რიტუალები, ასევე ეკიპირების,  სამოსის,  წესის და ა.შ. აღწერა, რომელიც დღეისათვის  ყოფაში აღარ გვხვდება და, ფაქტობრივად, პირველწყაროს წარმოადგენს საკითხით  დაინტერესებული მკვლევრებისათვის.

„მეტად საგულისხმოა ლერი ლევიძის გამოუქვეყნებელი გამოკვლევები, რომელიც 7 საქაღალდეშია მოთავსებული. მას 1992 წლისთვის მზად ჰქონდა ვრცელტანიანი ნაშრომი „ნადირობის ტრადიციები და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები დასავლეთ საქართველოს მთიანეთში“. იგი ნადირობის ორგანიზაციას განიხილავს, როგორც კოლექტიური შრომის უძველესი ფორმის რეკონსტრუქციის (აღდგენის) საშუალებას, სადაც მკაფიოდაა სტრუქტურირებული კოლექტივის ცალკეულ წევრთა უფლება-მოვალეობები და შრომის პროდუქციის განაწილების წესი.

 აღსანიშნავია, რომ ნადირობის ორგანიზაციამ შემოინახა გადმონაშთური მოვლენები, რომლებიც საუკუნიდან საუკუნეში გადადიოდა და მე-20 საუკუნემდე მოაღწია. ამ მოვლენათა გამოყოფა და შესწავლა საშუალებას იძლევა აღდგეს საზოგადოებაში შორეულ წარსულში არსებული ვითარება. ნადირობასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებებისა და რწმენა-წარმოდგენების შესწავლის საფუძველზე მკვლევარმა გაარკვია, რომ საქართველოში არსებობდა სხვადასხვა ნადირის (ირემი, შველი და ა.შ) კულტი, რომელიც უნდა ჩამოყალიბებულიყო იმ დროს, როდესაც ადამიანის ერთ-ერთი ძირითად საარსებო საშუალება ნადირობა იყო. ამ კულტის შესახებ წარმოდგენას გვიქმნის მოსანადირებელი ცხოველების რეგლამენტაციის წესი, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოსა და კავკასიაში; ასევე მონადირეთა რწმენა, რომ ნადირს უნარი აქვს, მოისმინოს და გაიგოს ადამიანის საუბარი (ამიტომ მონადირის განზრახვის საიდუმლოდ შენახვის მიზნით, ნადირობისას იყენებდნენ საიდუმლო ე.წ. მონადირის ენას); მთის რქიანი ნადირის კულტის დამადასტურებლად მიაჩნია წეს-ჩვეულებათა რიგი, რომელიც მთლიანად ნანადირევის ცალკეულ ნაწილებთან – ძვლებთან, თავრიელთან და ა.შ. პატივისცემით დამოკიდებულებას გულისხმობს. მკვლევარი აქვე აკეთებს მნიშვნელოვან დასკვნას, რომ ნადირის კულტის შემონახვა არამარტო ტოტემიზმის ფაქტორით, არამედ მისი სამეურნეო მნიშვნელობით, ასევე ქრისტიანობისა და ისლამის  შეხედულებათა გავლენითაც იყო განპირობებული. მაგ., ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ნადირობის კულტმა ამ რელიგიისათვის დამახასიათებელი გამორჩეულობის ატრიბუტი „წმინდა“ შეიძინა და მონადირეობაც „წმინდა საქმედ“ იქცა. ამ კონტექსტში განიხილავს მკვლევარი აკრძალვების // ტაბუირების სისტემას, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სიწმინდის დაცვის ღონისძიებებს“, – ამბობს ლავრენტი ჯანიაშვილი.

მეცნიერი მიიჩნევს, რომ არქივის მნიშვნელოვანი ნაშრომია 2001 წელს შესრულებული „თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემები და ბუნებათსარგებლობის ხალხური ტრადიციები“, რომელშიც განხილულია ქართველი ხალხის ყოფაში შემონახული ბუნებათსარგებლობის წესები, რომლებიც განვითარების უძველეს ეტაპზე მორგებული იყო უფრო გარემოსთან ცხოვრების წესის შეგუებაზე, ვიდრე – მის კონტროლზე. მოგვიანებით ხსენებული დამოკიდებულება ჩაანაცვლა მიდგომამ, რომელიც გულისხმობდა ინდუსტრიული და ტექნიკური ხერხებით ბუნების კონტროლს, უკავშირდებოდა მსხვილ კაპიტალდაბანდებებს და კარგად ორგანიზებულ სოციალურ სფეროს; თანამედროვე ეპოქა აერთიანებს ზემოხსენებულ ორივე ტიპის თავისებურებებს და შესაძლებელს ხდის – ეფექტური გახდეს ბუნებრივ-სტიქიურ მოვლენებთან ადაპტაცია, უსაფრთხო ცხოვრებისათვის ემპირიული ცოდნის გამოყენებით. ბოლო დროს საქართველოში მომხდარი სტიქიური კატასტროფები თვალსაჩინოს ხდის მკვლევრის ალღოს და გვახსენებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური ევოლუციის პირობებშიც კი აუცილებელია ხალხური გამოცდილების გათვალისწინება.

„შეიძლება ითქვას, რომ ლერი ლევიძის პირადი არქივი მნიშვნელოვანი შენაძენია  თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტისა და სამეცნიერო საზოგადოებისათვის.  მისი ზედაპირული გაცნობაც კი გვიქმნის წარმოდგენას კეთილსინდისიერ და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ   ადამიანზე;  გვახსენებს ჩვენს ვალს, ვუპატრონოთ მის სამეცნიერო მემკვიდრეობას, მოვახერხოთ, რომ საზოგადოებამ იხილოს მისი გამოუქვეყნებელი ნაშრომები.  რაც შეეხება საველე დღიურებს,  ის ინსტიტუტის არქივში დაიდებს ბინას და და ხელმისაწვდომი გახდება მკვლევრებისათვის“,  – აღნიშნავს ლავრენტი ჯანიაშვილი

აღსანიშნავია, რომ ლერი ლევიძის პირადი არქივი თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს ბექა თეთრაძის ოჯახმა გადასცა. ლერი  ლევიძე 1978 წლიდან მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილებაში. იგი  იკვლევდა სამონადირეო ტრადიციებსა და მასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს საქართველოსა და ჩრდილო კავკასიაში.

Facebook
Twitter
LinkedIn