თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა პროფესორის ლადო გამსახურდიას საჯარო ლექცია ლუქსემბურგის უნივერსიტეტში

თარიღი: 2022-09-30 21:16:45

თსუ-ს პროფესორმა ლადო გამსახურდიამ ლუქსემბურგის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე – „კულტურა – სემიოტიკური კონსტრუქციაა? დეკონსტრუქციის მცდელობები“.

პროფესორის კვლევის საგანი ის კულტურული საფუძვლებია, რაც მაღალი საფეხურის მენტალურ დინამიკას უდევს საფუძვლად: კერძოდ, იგი იკვლევს პროკულტურაციის სემიოტიკურ დინამიკას, აკულტურაციას, სელფს, პიროვნულ კონსტრუირებას, მიგრანტთა ადაპტაციასა და მულტიკულტურული თანაცხოვრების თავისებურებებს.

მის ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომთა შორის შედის „სემიოტიკური თვითკონსტრუირება მულტიკულტულურ სოციუმებში: პროკულტურაციის თეორია“ (2021 წ.) და „პროკულტურაციის თეორია: თვითგანვითარება ინტერკულტურული კომუნიკაციით“ (2022 წ.).

 „მრავალკულტურულ სოციუმებსა და ემიგრაციაში ადაპტაცია სოციოკულტურული ფსიქოლოგიის ინტერესის საგანი, უკვე საუკუნეზე მეტია, რაც გახდა, თუმცა მისი კონცეპტუალიზაცია კვლავ გამოწვევად რჩება. იმისათვის, რომ გავიაზროთ ინტერკულტურული და მულტიკულტურული თეორიები, აუცილებელია განხილულ იქნას ის აქსიომური თეორიული განსაზღვრებები, რაც საფუძვლად უდევს მის კონცეპტუალიზაციას. ეს უკანასკნელი ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფილია წამყვანი სოციო-ფსიქოლოგების მიერ, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ინფორმაციის მოძიებაზე შესაბამისი დედუქციური თეორიული ანალიზის გარეშე. „ადაპტაციისა“ და „კულტურის“ კონცეფციები ხვდება იმ ხშირად უგულებელყოფილ თეორიულ გამოწვევათა რიცხვში, რომლებიც განსაზღვრავენ და ხაზს უსვამენ უმნიშვნელოვანესი მენტალური პროცესების აღქმას. მე განვიხილე „კულტურის“ კონცეპტუალიზაციის მთავარი მიდგომები სოციოკულტურულ ფსიქოლოგიასა და ფსიქო-კულტურულ ანთროპოლოგიაში, შევთავაზე ინდივიდებისა და კულტურათა ურთიერთობების სისტემური რეპრეზენტაცია. განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებთ ინდივიდზე ორიენტირებულ პროკულტურულ ხედვაზე და მის მნიშვნელობაზე თვითკონსტრუირების პროცესში, რაც განხილული იქნება სემიოტიკური დინამიკის კულტურული ფსიქოლოგიის სისტემური პერსპექტივიდან“, – აღნიშნა ლადო გამსახურდიამ.

Facebook
Twitter
LinkedIn