უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კვების ობიექტები საკუთარი რესურსით გახსნას

თარიღი: 2023-12-15 13:19:08

გვესაუბრება თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე:

„მიმდინარე წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ კორპუსებში კვების ობიექტების გახსნის მიზნით აუქციონი ორჯერ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ძველ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება მათი თხოვნის საფუძველზე შეწყდა. სამწუხაროდ, ორივე აუქციონი ჩაიშალა – უარყოფითი შედეგით დასრულდა. შესაბამისად, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კვების ობიექტები საკუთარი რესურსით გახსნას, რისთვისაც ჩვენ უკვე ავიყვანეთ შესაბამისი დარგის სპეციალისტი. მან უკვე მოიძია კვების ობიექტის ამუშავებისთვის საჭირო კადრები. მიმდინარეობს სტრუქტურის სისტემური გამართვა, ბაზრის კვლევა, შედგენილია მენიუ და პროდუქტების შესყიდვის მიზნით უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი. პირველ ეტაპზე, მომავალი წლის თებერვლის ბოლოს, ორი კვების ობიექტი მე-10 (მაღლივ) და მე-11 (ბიოლოგების) სასწავლო კორპუსებში მოეწყობა, მომდევნო ეტაპზე ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კორპუსებს მოვიცავთ და აქ პირველი კვების ობიექტი მეორე კორპუსში განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ აუქციონის შედეგად გამარჯვებულმა კომპანიამ თსუ-ს ყველა კორპუსში უკვე განათავსა სავაჭრო აპარატები, საიდანაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ცივი/ცხელი სასმელი და სხვადასხვა სახის ტკბილეულობა თუ ,,სასუსნავი“.

Facebook
Twitter
LinkedIn