კონფერენციის შედეგად მოიძებნა გზა კულტურათაშორისი ეფექტური კომუნიკაციისთვის

თარიღი: 2023-06-14 14:47:36

,,იპოვე საერთო ღირებულებები“ – ამ სახელწოდებით, 10 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პირველი ინგლისურენოვანი კონფერენცია გაიმართა კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის ინგლისურენოვანი პროგრამის ფარგლებში. კონფერენციის ორგანიზატორი თსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი, ინგლისური ენის ლექტორი ელენე ცაცუა გახლდათ, რომელიც თსუ-ს პროფესორ მანანა ხაჩიძისადმი კონფერენციის ორგანიზებაში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლიერებას გამოხატავს.

კონფერენციას ზუსტ და საბუნებისმეტველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ. კონფერენციაზე მოწვეული ჰყავდათ ,,გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში“ პროექტის ხელმძღვანელი მედეა გუგეშაშვილი, რომელიც საქართველოში არ იმყოფებოდა და კონფერენციის მონაწილეებს ერევნიდან ჩაერთო. მან ისაუბრა თემაზე: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება. ღონისძიებაზე მოეწყო ინდოეთში ქალთა დისკრიმინაციის ამსახველი ვიდეო-ჩვენება.

კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს საკითხები, რომელიც დაკავშირებული იყო ქართულ კულტურულ, სოციალურ თუ ეკონომიკურ რეალობასთან. მათ არაჩვეულებრივად გაართვეს თავი შემოქმედებითი კუთხით გლობალური და ლოკალური ასპექტების საინტერესოდ ინტეგრირებას, რაც მოიცავდა შემდეგ თემებს: კარგი მოქალაქე თუ კარგი პიროვნება? განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მიმოხილვა კულტურული თვალსაზრისით; დავამსხვრიოთ სტერეოტიპები: ხედვა, გრძნობა, მოქმედება; კულტურათაშორისი ბარიერები – კულტურული შოკი; კოლექტივიზმი და ინდივიდუალიზმი; ძალადობა და კულტურა; გლობალიზაცია და განათლებასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში. ყველა  საკითხი მიზნად ისახავდა ქართული რეალობის დაკავშირებას თანამედროვე ცივილიზაციასთან, საერთო ღირებულებების პოვნას; საბოლოოდ, კონფერენცია იყო შესაძლებლობა – გვეგრძნო, რომ ქართულ კულტურას ღირსეული ადგილი უჭირავს მსოფლიოს წინმავალი ქვეყნების კულტურათა გვერდით.

,,მე და ჩემმა სტუდენტებმა საგაზაფხულო სემესტრში ბევრი ვიშრომეთ, ვითანამშრომლეთ და კიდევ უფრო მეტად ავიმაღლეთ ცნობიერება განსხვავებულის პატივისცემაზე, არაძალადობრივი და ტოლერანტული კულტურის ჩამოყალიბებაზე ჩვენს საზოგადოებაში. მთელი სემესტრი ვცდილობდი სტუდენტებს დავხმარებოდი 21-ე საუკუნის უნარების გამომუშავებაში, როგორიც არის თანამშრომლობა, კომუნიკაცია, თანაგრძნობის განცდა, თავდაჯერებულობა და თავიანთი თავის რეპრეზენტაცია. ჩემი თვითმიზანი იყო – მათ ეს უნარები უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე გამოეყენებინათ, რის გამოც ძალიან მინდოდა კონფერენციის ჩატარება და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. წარმოდგენილი საკითხების, თემების და ცოდნის გარდა, ვფიქრობ, რომ მათ თავი გაართვეს რეპრეზენტაციის უნარს, რაც სასარგებლო გამოცდილება იქნება მათთვის მომავალში. საგანმანათლებლო სივრცე დღეს უნდა იყოს სტუდენტზე ორიენტირებული, რაც მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კონფერენციაზე. მსგავსი ღონისძიების ჩატარების გზით აკადემიური პერსონალი ვაღიარებთ სტუდენტების შრომას და ცოდნას, რაც მათ მოტივაციას და ნდობას უფრო ზრდის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი“, – აცხადებს კონფერენციის ორგანიზატორი ელენე ცაცუა.

დოქტორანტის მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილი თემა ეხებოდა კულტურათაშორისი კომუნიკაციის დროს გაკეთებულ აღმოჩენებს. თემის სახელწოდებაა: ,,იპოვე საერთო ჰუმანური ღირებულებები“.

,,შესავალ ნაწილში ვისაუბრე  – რა განსხვავებაა საბჭოთა კავშირის დროს მოქმედ საგაკვეთილო სივრცესა და ახლანდელ საკლასო ოთახს შორის, რატომ დაგვჭირდა კულტურათაშორისი ტერმინის ასე ხშირად გამოყენება საბჭოთა ეპოქის რღვევის შემდეგ და სხვა გამომწვევ მიზეზებზე. შემდგომ, ძირითად ნაწილში შევეხე პროექტს, რომელიც განვახორციელე პანდემიის პერიოდში ჩემი ორგანიზაციის სახელით  – ,,ინგლისური ენის პედაგოგების სივრცე“ (English Teachers’ Space– ETS). პროექტს ერქვა –  ,,ინგლისური ენის სწავლება კულტურის შემეცნების გზით“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამმა ქვეყანამ: საქართველომ, ინდოეთმა და ბანგლადეშმა. სამივეს აქვს აბსოლუტურად განსხვავებული კულტურული და სოციალური წარმომავლობა. სამთვიანი პროექტის დაკვირვების და მოსწავლეთა გამოკითხვის შემდეგ მე და ჩემმა უცხოელმა კოლეგებმა აღმოვაჩინეთ, რომ კულტურათაშორისი ეფექტური კომუნიკაციისთვის არსებობს სამი ძირითადი უნარი: თანაგრძნობა (Empathy), რეფლექსია/აზროვნება  (Thoughtfulness) და უსაფრთხოება (Security). სამივე უნარს ერთად ვუწოდე ჩემი ორგანიზაციის აკრონიმი ETS. სხვადასხვა ეროვნების პიროვნებებს შორის კომუნიკაციის დამყარების დროს მნიშვნელოვანია – პედაგოგმა უზრუნველყოს მოცემული უნარების განვითარება სტუდენტში. თანაგრძნობის გარეშე შეუძლებელია განსხვავებულის მიღება და სხვა კულტურაში ,,მოგზაურობა“. ამისთვის საჭიროა რეფლექსია და სხვისი კულტურის გონიერების გზით განსჯა (ჯგუფური აქტივობები, დისკუსიები, როლური თამაშები). პირველი და მეორე უნარი მიზეზია იმისა, რომ უცხო პირებს შორის არსებობდეს ნდობის განცდა, რათა მათ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. შევეცადე ჩემი პრეზენტაციის დროს სტუდენტებისთვის მიმეწოდებინა მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ სამივე უნარის გამომუშავება კომუნიკაციის დროს შექმნის ნაკლებ გაუგებრობას კულტურებს შორის, ვინაიდან განსხვავებულობა ხშირად კონფლიქტების მიზეზია. ამიტომ თანაგრძნობა, რეფლექსია და უსაფრთხოების განცდა ნამდვილად არის გარანტი წარმატებული კულტურათაშორისი კომუნიკაციისთვის“, – აღნიშნავს ელენე ცაცუა.

Facebook
Twitter
LinkedIn