მარიამ ბასილაია და საბა ბოლქვაძე კონფერენციის გამარჯვებულებად დასახელდნენ

თარიღი: 2023-12-06 13:55:34

სტუდენტთა 83-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულებად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტები მარიამ ბასილაია და საბა ბოლქვაძე დასახელდნენ. მათ კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენება, რომლის სათაურია –  ,,TikTok, როგორც პოლიტიკური არხი თანამედროვე საქართველოში: ,,შეცვალე საქართველოსა’’ და არჩიბალდ მეკეშის შემთხვევების მაგალითზე“.

,,თემა იდეათა გაცვლისა და ჩვენი სამეცნიერო ხელმძღვანელის, ასისტენტ-პროფესორის სანდრო ტაბატაძის რჩევის შედეგად შეირჩა. ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა მსგავსი კვლევა, თემის დამუშავების პროცესიც არასტანდარტული და საინტერესო იყო. შევისწავლეთ აღნიშნულ საკითხზე არსებული უცხოური ლიტერატურა, თავად  სოციალური მედიის – ,,TikTok”- ის არქიტექტურა და ჩვენ მიერ არჩეული არხების კონტენტი. მონაცემთა ანალიზისა და სინთეზის შედეგად კი შევძელით სრულფასოვანი კვლევის წარდგენა“, – ამბობს მარიამი.

მთავარი კითხვა, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდა მკვლევრებმა არჩეული თემა შეისწავლეს, გახლდათ შემდეგი –  ,,როგორია ,,ტიკტოკ”-ის პოლიტიკურ არხად გამოყენების პრაქტიკა თანამედროვე საქართველოში ,,შეცვალე საქართველოსა’’ და არჩიბალდ მეკეშის შემთხვევების მაგალითებზე?

,,კვლევამ აჩვენა, რომ პოლიტიკური სუბიექტების დაბადება შესაძლებელია თანამედროვე ციფრული მედიის პლატფორმებზე (ჩვენს შემთხვევაში – ,,TikTok-ზე’’). საქართველოში ,,TikTok’’-ის, როგორც პოლიტიკური არხის, გამოყენების ტენდენცია წარმატებული და მზარდია. ,,TikTok’’ პლატფორმაზე იქმნებიან როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები – არჩიბალდ მეკეშის (სანდრო ლომინაშვილი) მაგალითზე, ისე უფრო მსხვილი პოლიტიკური ელემენტები გიორგი გაგნიძის პარტია ,,შეცვალე საქართველო’’-ს მაგალითზე. კვლევამ აჩვენა თანამედროვე ქართული სოციალური მედიის სივრცეში პოლიტიკის ტრანსფერის ტენდენციების არსებობა. შესწავლილი ორივე არხის რაოდენობრივი მონაცემები მოწმობენ, რომ ,,TikTok’’-ზე სტაბილური აქტიურობის შემთხვევაში შესაძლებელია პოლიტიკურ მხარდამჭერთა ბაზის კულტივაცია. ბოლო კვლევა გვიჩვენებს, რომ ქართული სოციალური მედიის სივრცეში იდეოლოგიურ სიმყარეს ნაკლები მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური სახის კონტენტის მიღებისას“, – ამბობს საბა ბოლქვაძე.

მარიამ ბასილაიას და საბა ბოლქვაძის თემამ კონფერენციის მესამე სექციის ფარგლებში – თანამედროვე ტექნოლოგიები და ქართული მედია – გაიმარჯვა. კონფერენცია თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეგიდით ჩატარდა.  

Facebook
Twitter
LinkedIn