უნივერსიტეტის გამომცემლობა ახალი სტრატეგიით იწყებს მუშაობას

თარიღი: 2024-03-27 18:08:38

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ამ თანამდებობაზე  კახაბერ რუსიძე დაამტკიცა.

თსუ-ს გამომცემლობა ათეულობით წელი ემსახურებოდა უნივერსიტეტის სტუდენტთათვის სასწავლო რესურსების ბეჭდვისა და პროფესორთა ნაშრომების გამოცემის საქმეს. მეტიც, ერთგვარი პრესტიჟიც კი იყო, თუ წიგნზე გამომცემლობის ლოგო ეხატა, რადგან ეს იმას ნიშნავდა, რომ თქვენ ღირებული ნაშრომი შექმენით, ხოლო მკითხველს ხელთ საჭირო და ხარისხიანი გამოცემა ეჭირა. კახაბერ რუსიძე სწორედ იმ თაობის უნივერსიტეტელია, რომელსაც ეს პერიოდი ახსოვს – ის წლების განმავლობაში მუშაობდა თსუ გამომცემლობაში და, მიუხედავად იმისა, რომ 2005 წელს  რეორგანიზაციის პროცესში მოჰყვა – საგამომცემლო საქმე არასოდეს მიუტოვებია – ბოლო დრომდე „გამომცემლობა „მერიდიანის“ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ის, მართლაც, ღირებული კადრია, რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდება სტუდენტს, უნივერსიტეტს და როგორ შექმნას ის გარემო, რომელიც თანამედროვე სასწავლო პროცესს მოერგება.

რა გეგმები აქვს ახალ ხელმძღვანელს და რა ტიპის რეორგანიზაციას აპირებს გამომცემლობაში, გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტთან“ კახაბერ რუსიძის საუბარში წაიკითხავთ:

– ბატონო კახა, რა ვითარება დაგხვდათ თსუ გამომცემლობაში, გეგმავთ თუ არა რეორგანიზაციას?

1983 წლიდან – ფაქტობრივად, სკოლის მერხიდან, მოვხვდი უნივერსიტეტის გამომცემლობაში – სტაჟისთვის დავიწყე მუშაობა და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში დიდი ეტაპის დასაწყისი. აქ შევხვდი ისეთ დიდებულ პიროვნებებს და ადამიანებს, რომლებთან მუშაობაც  ბევრი დადებითი მუხტის მომცემი აღმოჩნდა. ამან განსაზღვრა ჩემი მომავალი ცხოვრებაც.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თსუ-ს  ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, ფინანსების და საბანკო საქმის სპეციალობით და მერე – სამართალმცოდნეობა,  ისე გამიტაცა საგამომცემლო საქმემ, რომ შევრჩი ამ სფეროს. 1994 წლიდან 2006 წლის მარტამდე ვმუშაობდი გამომცემლობის დირექტორის მოადგილედ. შემდეგ დაიწყო ცნობილი მოვლენები, რომელიც, სამწუხაროდ, შავი ლაქაა უნივერსიტეტის ცხოვრებაში და  ჩვენც იმ ტალღას მიგვაყოლეს. უნიჭიერესი, უჭკვიანესი ადამიანები გაუშვეს მაშინ უნივერსიტეტიდან,  პროფესიონალები, რომლებმაც იცოდნენ ძველი ბერძნული, ახალი ბერძნული, ლათინური, გერმანული, ფრანგული, სომხური… ისინი სამ ათეულ წელზე მეტი მუშაობდნენ, თავი შეაკლეს ამ ბრწყინვალე საქმეს და სწორედ ეს ხალხი დატოვეს ქუჩაში. არადა, კბილებით გვქონდა შენარჩუნებული საგამომცემლო საქმიანობა – ათეულობით წიგნი გამოდიოდა. ახლაც კი მაქვს შენახული მაშინდელი ბიზნეს-გეგმა, თუ როგორ მესახებოდა  არსებული სიტუაციიდან ახალ რელსებზე გადასვლის პროცესი, მაგრამ, იცით, რაც მოხდა და როგორ წავიდა შემდეგ საქმე.

სამწუხარო ისაა, რომ, რაც დავტოვეთ მაშინ, იმაზე უარესი მდგომარეობა დაგვხვდა – წისნვლისა და განვითარების ინტერესი მაინც რომ გამოეჩინათ გამომცემლობის მესვეურებს, ეს ვითარება არ იქნებოდა. გამომცემლობა არის ცოცხალი ორგანიზმი – სასწავლო და სამეცნიერო პროცესის  შემადგენელი ნაწილი და ის უდიდესი რესურსი, რომელიც უნივერსიტეტს აქვს, აქ მომუშავე მეცნიერებისა და პროფესორების სახით, არ არის გამოყენებული.

პირველი, რის მოგვარებასაც ვაპირებთ, ესაა იმ პროდუქტის გამოცემა, რომელიც სჭირდება სტუდენტს. სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალა, რომელიც  მას სწავლის პროცესში გამოადგება, ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც ადგილის, ასევე ფასის მხრივ. მადლობა მინდა ვუთხრა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და რექტორატს, ბატონ ჯაბა სამუშიას წინამძღოლობით, რომ გაჩნდა სურვილი და ინტერესი – რაც შეიძლება მეტი წიგნი, სასწავლო და დამხმარე მასალა გამოიცეს სტუდენტებისთვის.

მოგეხსენებათ, კონკრეტული წიგნის გამოცემას თავისი თვითღირებულება აქვს, რომელიც  კერძო გამომცემლობებში მაღალია. ცოტა ხნის წინ გვქონდა საუბარი და ბატონი ჯაბას სურვილიც არის, რომ დაბეჭდილი და გამოცემული წიგნის ფასი მის თვითღირებულებაზე უმნიშვნელო ნამატით გაიყიდოს. ჩვენი მიზანია, რომ სტუდენტმა შეძლოს წიგნის შეძენა. ვფიქრობთ, რომ, უნივერსიტეტში არსებული უდიდესი რესურსის საფუძველზე, ეს სისტემა ამოქმედდება და შევთავაზებთ პროფესურას – განსაზღვრული ჰონორარის საფუძველზე ითანამშრომლონ გამომცემლობასთან.

– უნივერსიტეტში  წიგნის გამოცემის პროცედურები დებულებით გაწერილია. ხომ არ გეგმავთ ცვლილებას ამ დებულებაში?

როგორც ვიცით, დღევანდელი წესი მოიცავს, რომ ავტორი – კონკრეტული პიროვნება, აკეთებს განაცხადს ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოსთან. ეს საბჭო განიხილავს და აძლევს სახელმძღვანელოს და წიგნს რეკომენდაციას უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს წინაშე და ამის შემდეგ ეძლევა მის გამოცემას მსვლელობა. აქ ერთი მომენტი მინდა იყოს გათვალისწინებული – მე მაქვს სურვილი და რექტორსაც ვთხოვე, რომ შეხვედრა დავგეგმოთ ფაკულტეტების დეკანებთან და ხელმძღვანელობასთან, რომელთა დახმარებითაც გვინდა ჩავატაროთ გამოკითხვა – რა რაოდენობის, რა სახის ლიტერატურა და მასალები სჭირდება სტუდენტობას და რატომ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ დაბეჭდილი წიგნი არ დაგვრჩეს საწყობში და მაკულატურად არ იქცეს. ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭომ უნდა მიიღოს ისეთი წიგნი, რომელიც სტუდენტს გამოადგება და  ყიდვასაც შეძლებს.

– ალბათ გადასაჭრელი იქნება სავაჭრო ობიექტების პრობლემაც. წიგნის მხოლოდ ერთი საუნივერსიტეტო მაღაზია ვერ უზრუნველყოფს გაყიდვას. გარდა ამისა, არ ჩამოვა მაღლივიდან სტუდენტი და პირველ კორპუსში არ იყიდის წიგნს.  ეს საკითხიც ხომ არ დგას დღის წესრიგში – სხვადასხვა კორპუსში ხომ არ ფიქრობთ სავაჭრო წერტილები გაიხსნას?

– ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც დავიწყე გარემოს გაცნობა და შესასწავლია ყველაფერი. ძირითადად, ჯერჯერობით, წიგნები მხოლოდ პირველი კორპუსის მაღაზიაში იყიდება, თუმცა ჯიხურები არის მაღლივშიც და მერვე კორპუსშიც. ვნახავთ, რამდენად და სად არის კიდევ შესაძლებელი ამგვარი ობიექტების გახსნა, რომ მათში ის ლიტერატურა განთავსდეს, რომელიც იმ ფაკულტეტის სტუდენტებს სჭირდებათ, მაგალითად, მაღლივში – უმეტესწილად, ეკონომიკის შესახებ, მეორეში – სამართლის, მერვეში – ბიზანტინისტიკის შესახებ და ა.შ.  თუმცა სხვა დარგებიც უნდა იქნეს წარმოდგენილი, რადგან ინტერესი შესაძლოა სხვა დარგების მიმართულებითაც არსებობდეს.

იდეის დონეზე მაქვს მონახაზი და მინდა, ეს ვერსია ხელმძღვანელობასაც მივაწოდო. არსებობს გავრცელების სამსახურები და, რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე მათთანაც შეგვიძლია კონტაქტი დავამყაროთ, მაგრამ, ვფიქრობთ, ძალიან კარგი იქნება, თუ ამაში რაღაც ფორმით სტუდენტებს ჩავრთავთ. ფორმა შესარჩევია – ეს შეიძლება იყოს ქოლცენტრის გახნა ან ფეისბუკ-გვერდის მეშვეობით წიგნების რეალიზება. ამ საქმიანობაში სტუდენტებს მიეცემათ მცირე ანაზღაურება, რაც მათთვისაც ხელსაყრელი იქნება.

– გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენს გეგმაში მხოლოდ სასწავლო ლიტერატურის ბეჭდვა არ შედის…

–  დიახ, ვგეგმავთ გამოცემების ჟანრობრივ გამრავალფეროვნებას. სახელმძღვანელოების გარდა, გამოიცემა ანთოლოგიები, მსოფლიო მხატვრული ლიტერატურისა და ქართული მხატვრული ლიტერატურის სერიები, ასევე, განახლდება ძველი პოპულარული გამოცემები. ოღონდ ესეც მარკეტინგული გათვლებით განხორციელდება.

ჩვენ გვაქვს მონახაზი, რომ ლიტერატურა, თუნდაც საბავშვო, როგორც ადრე ხდებოდა, გამომწერებისთვის გამოვცეთ. დავადგენთ პოტენციურ მყიდველებს და ტირაჟი ამის მიხედვით განისაზღვრება. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვინდა ტყუილი ხარჯი არ გავწიოთ და არ მოხდეს ისე, რომ ეს ძვირფასი გამოცემები საწყობში დაგვრჩეს. ამიტომ წინასწარი კვლევა და გათვლა იქნება ყველა ჩვენი ნაბიჯის განმსაზღვრელი.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გვინდა სხვადასხვა მიმართულებით სერიების სახით ვიმუშაოთ. მაგალითად – შევისწავლოთ, რა სჭირდებათ სკოლებს – რომელი დამატებითი საკითხავი, საცნობარო ან შემეცნებითი ლიტერატურა და გამოვცეთ სერია „უნივერსიტეტი სკოლას“. ამისთვის გვინდა სკოლებში მოეწყოს შეხვედრები და წარჩინებულ ბავშვებს საჩუქრად გადავცეთ წიგნები, რაც, ერთი მხრივ, იქნება სტიმული და მოტივაცია, რომ უნივერსიტეტის გამომცემლობამ დააჯილდოვა, მეორე მხრივ კი – გარკვეული დიალოგი მომავალ თაობასთან. საბოლოო ჯამში ესეც წაადგება სასწავლო პროცესს და უნივერსიტეტში  ახალ თაობასაც მოვიზიდავთ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვგეგმავთ გამომცემლობის ლოგოს განახლებასაც.

– არის თუ არა უნივერსიტეტის გამომცემლობასა და სტამბაში შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ხომ არ იგეგმება გაფართოება?

– სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პრობლემა დამხვდა. რექტორის მხარდაჭერით, ამის გამოსწორებასაც ვგეგმავთ. არსებული საწარმო გასაუმჯობესებელია. რაც გვაქვს,  ტექნიკურადაც და მასალების მხრივაც, ვერავითარ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ჩვენ საბიუჯეტო ორგანიზაცია ვართ და ყველაფერი დამოკიდებულია ტენდერებზე, მაგრამ ესეც ისე უნდა დარეგულირდეს, ყველაფერი ისე უნდა იყოს დათვლილი და გონივრულ ვადებში გაწერილი, რომ  დამკვეთი არ შეფერხდეს და პროდუქცია დროულად მიეწოდოს. მოდის სასწავლო წელი და იწყება ლიტერატურის ძებნა ან ქსეროქსებში წიგნების გადაღება. ამ ბიზნესში საქმე ისე აქვთ აწყობილი, რომ მიხვალთ, ეტყვით, ესა და ეს წიგნი მინდა, პირდაპირ ამოგიღებს, ზამბარაზე აკინძავს და მოგყიდის – ასლის გადაღებაც კი არ სჭირდებათ. ეს არის საავტორო უფლებების დარღვევა.

– გარდა დაბეჭდილი წიგნებისა, სტუდენტებისთვის სასწავლო ლიტერატურის ელექტრონული ვერსიებიც ხელსაყრელია. ამ მიმართულებით რა იგეგმება?

– ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგებით. გარდა იმისა, რომ ვგეგმავთ გამომცემლობის საიტის რეორგანიზაციას, გვინდა, ისე აეწყოს გვერდი, რომ შეუძლებელი იყოს წიგნის პირატული მოპოვება, რითაც  უნივერსიტეტის ინტელექტუალურ საკუთრებასაც დავიცავთ.

გვაქვს სტრატეგია, გვაქვს სურვილი და შემართება და ვფიქრობთ, ცოტა ხანში ხელშესახები იქნება გაწეული მუშაობის შედეგები.

Facebook
Twitter
LinkedIn