ახალი კვლევა ჯავახეთის შესახებ

თარიღი: 2024-02-23 13:33:35

„საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების სოციო-კულტურული მახასიათებლები და სასაზღვრო ურთიერთობები – ჯავახეთი“, – ამ სახელწოდებით მომზადდა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ბაზაზე  ახალი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია, რომელიც ასახავს  ჯავახეთის, როგორც სასაზღვრო ზონის, სოციო-კულტურული მახასიათებლებისა და მათზე საზღვრის, როგორც ფიზიკური რეალიის, საზღვრისადმი დამოკიდებულებისა და საზღვრის ფუნქციონირების გავლენის შესწავლას და  უკვე არსებული მდიდარი სამეცნიერო ბაზის გამოყენებასა და მის შედარებას ამჟამინდელ ვითარებასთან.

აღსანიშნავია, რომ ნაშრომი ეფუძნება სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჩატარებულ კვლევას 2022 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე საქართველოში (ჯავახეთსა და სამცხეში –  ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები – და, ასევე, თურქეთის  რესპუბლიკაში  – არტაანის რეგიონი). კონკურსში გამარჯვებული პროექტის  – „საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების სოციო-კულტურული მახასიათებლები და სასაზღვრო ურთიერთობები – ჯავახეთი“ ხელმძღვანელი გახლდათ თსუ-ს პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი. მასში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, ეთნოლოგიის დოქტორი მირიან ხოსიტაშვილი და ასისტენტი ბორის კომახიძე. თურქეთის მხარეს ლოჯისტიკას წარმართავდა გიორგი ირემაძე.

ქეთევან ხუციშვილის ინფორმაციით, მონოგრაფიული გამოკვლევა მოიცავს რეგიონის ზოგად დახასიათებას; საისტორიო წყაროთა და სამეცნიერო ლიტერატურის მოკლე მიმოხილვას, აგრეთვე, დასახლების ტიპის, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, სამეურნეო კულტურის, მეურნეობის დამხმარე დარგების, საოჯახო ყოფის, ქორწინებისა და დაკრძალვის ტრადიციების, სოლიდარობის ფორმების, რელიგიური ვითარების, ეთნიკური მრავალფეროვნებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ტრადიციული გამოცდილების, პოსტსაბჭოთა პერიოდის სირთულეების, ტრადიციული კულტურისა და თანამედროვე ვითარების ურთიერთმიმართებისა და სასაზღვრო კომუნიკაციის აღწერა-ანალიზს.

„მოგეხსენებათ, რომ ჯავახეთი, რომელიც ახლანდელი ასპინძის (ნაწილს), ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს მოიცავს, სასაზღვრო რეგიონია თავისი სპეციფიკური ეთნო-სოციალური მახასიათებლებით. კვლევამ ცხადყო, რომ ჯავახეთში ქართული კულტურის ელემენტების სიმყარე შენარჩუნებულია, ამასთან, ტრადიციული კულტურის ელემენტთა ნაწილი შეცვლილია, თუმცა დღემდეა შემორჩენილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ რეგიონში ყველაზე თვალსაჩინოდ ცვლილებები მატერიალურმა კულტურამ განიცადა, შენარჩუნებულია მეურნეობის ძირითადი ტრადიციული დარგები, შეინიშნება ტრადიციულ ტერასათა აღდგენის მაგალითებიც. სრულადაა შენარჩუნებული ტრადიციული სამზარეულო. სახეცვლილია სამეურნეო იარაღები და ძირითადად ახალი ტექნოლოგიებითაა ჩანაცვლებული. შიდა ინტერეთნიკური ურთიერთობები ემყარება განსახლების მახასიათებლებს (სიმჭიდროვე, მანძილი, დისპერსიულობა) და ძირითადად კეთილმეზობლურ დამოკიდებულებებზეა აგებული. განსაკუთრებულ როლს ასრულებს რელიგიური შემწყნარებლობა და რეგიონში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაცათა ურთიერთდამოკიდებულება.

მნიშვნელოვანია, ასევე,  სახელმწიფოს როლი, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ენის სახელმწფო პროგრამების განხორცილების შედეგად სახელმწიფო ენის პოზიციების გაძლიერებაში. განსაკუთრებული დატვირთვა საზღვარს ეკონომიკური თვალსაზრისით გააჩნია, საერთაშორისო გადაზიდვებზე ორიენტირებული ეკონომიკური ურთიერთობები სასაზღვრო ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჯავახეთში მოქმედი სამი სასაზღვრო გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. სახელმწიფოთა მიერ შეთანხმებული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული სტრატეგიები აწესრიგებს ფართომასშტაბიან სახელწიფოთაშორის და საერთაშორისო ურთიერთობებს. ამ პროცესების პარალელურად ადგილობრივი მოსახლეობაც ჩართულია შედარებით მცირემასშტაბიან ეკონომიკურ ურთიერთობებში. ამ ინტერაქციის სიხშირეს განაპირობებს დასახლებული პუნქტების სიახლოვე საზღვართან, ასევე, ინტენსიური მოძრაობა და არანაკლებ – ისტორიული მეხსიერებაც,  რომელიც საზღვრის ორივე მხარეს მოსახლეებს გააჩნიათ. ქართველ და თურქ ადგილობრივთა შორის კომუნიკაციას ენობრივი ბარიერის გარდა მნიშვნელოვანი წინაღობა არ აქვს. განსხვავებულია სომეხთა და თურქთა ურთიერთდამოკიდებულება“,  – ამბობს ქეთევან ხუციშვილი.

მისივე თქმით, ჯავახეთის მაგალითი ადასტურებს, რომ სასაზღვრო ზონებში ურთიერთობების ფორმასა და ხარისხს საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების მიერ საზღვრის აღქმა, საკუთარი და მეზობლების იდენტობის განსაზღვრა, ისტორიული მეხსიერება და ტერიტორიული სიახლოვე განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში შედგება წიგნის ფართო საზოგადებისადმი წარდგენა.

Facebook
Twitter
LinkedIn