საქართველოში პირველად ტრავმატიზმის ეპიდემიოლოგიისა და ავადობის ტვირთის კვლევა ჩატარდა

თარიღი: 2022-11-28 16:25:42

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტზე მოწვეულმა ლექტორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დოქტორანტმა ნინო ჩხაბერიძემ ტრავმატიზმის ეპიდემიოლოგიისა და ავადობის ტვირთის კვლევა სამ ეტაპად განახორციელა – საქართველოში ტრავმული დაზიანების შედეგად ჰოსპიტალიზაცია (ბოლო 1 წლის მონაცემები), ერთ-ერთი ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტში შესული ყველა ტრავმული დაზიანება (ბოლო 6 თვის მონაცემები) და საქართველოში ტრავმული დაზიანებით გარდაცვალების შემთხვევები (ბოლო 1 წლის მონაცემები).

კვლევამ რამდენიმე აქტუალური პრობლემა გამოკვეთა:

  • საქართველოში მონაცემები ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგიური მახასიათებლების შესახებ არასრული და ფრაგმენტულია. ქვეყანა არ ახორციელებს მულტისექტორულ მიდგომას ტრავმულ დაზიანებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად, რაც გულისხმობს ყველა შესაბამისი ინსტიტუციის მდგრად თანამშრომლობას; სამეცნიერო კვლევების ნაკლებობა ინფორმაციის შეზღუდვის კიდევ ერთი მიზეზია. ოფიციალური სტატისტიკა არ იძლევა ქვეყანაში ტრავმატიზმის ტვირთის რეალურ სურათს“.
  •  „ტრავმული დაზიანების მიღების მომენტიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტში ოქროს სტანდარტად მიჩნეულ დროში – 1 საათის განმავლობაში ტრანსპორტირება ხელმისაწვდომია, ძირითადად, დიდი ქალაქების მოსახლეობისთვის. სოფლის და ქალაქის მოსახლეობას გააჩნია არათანაბარი ხელმისაწვდომობა საჭირო სამედიცინო სერვისებთან“.
  • „6-17 წლის ასაკის ბავშვებში სკოლის ტერიტორიაზე მიღებული ტრავმული დაზიანებების ყურადსაღები რაოდენობა (მათ შორის თავის ტრავმული დაზიანებების) ბავშვებისთვის უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაზე მიმართული პრევენციული ღონისძიებების შემუშავების საჭიროებაზე მიუთითებს“.
  • ბავშვთა ასაკში (მათ შორის 0-5 წელი) ალკოჰოლით ინტოქსიკაციის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები მშობლების ინფორმირებულობის ამაღლების საჭიროებაზე მიუთითებს.

ნინო ჩხაბერიძე: „პირველად ჩვენ ხელთ არსებული მონაცემების ხარისხი შევისწავლეთ. გამოვიყენეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალური მონაცემები, ერთ-ერთი იყო ჰოსპიტალური რეგისტრი. ანალიზის დროს გამოვლინდა კატეგორიების “უცნობი” და “დაუზუსტებელი” მნიშვნელოვანი რაოდენობა რიგ ცვლადებთან მიმართებაში, რაც სამედიცინო დოკუმენტაციის და/ან ანგარიშგების ფორმების შევსების დაბალ ხარისხზე მიუთითებს. ასეთ დროს, მონაცემების ხარისხზე საუბარი არარელევანტურია. გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედი ტრავმული დაზიანებების ეპიდზედამხედველობის სისტემა არ იძლევა საშუალებას, შეფასდეს ტრავმული დაზიანებებით განპირობებული შეზღუდული შესაძლებლობების შედეგად დაკარგული წლები DALY-ს მეთოდოლოგიის გამოყენებით. მონაცემების არქონა ხელს უშლის ტრავმული დაზიანებების სანდო სტატისტიკას. მათ გარეშე შეუძლებელია დარწმუნებით საუბარი ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგიის ტენდენციებზე. ასევე შეუძლებელია ტრავმის დიფერენცირება საერთაშორისო კატეგორიების მიხედვით, როგორებიცაა: პროფესიული დაზიანებები, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ტიპები, ტრავმის მიღების ადგილი და სხვა. ტრავმატიზმის პრევენციის სტრატეგიების შემუშავებისას სწორი გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია მხოლოდ უტყუარ მონაცემებზე დაყრდნობით. აუცილებელია ამ მიმართულებით კვლევების ხელშეწყობა და ყველა იმ ფაქტორის გამოვლენა, რომლებიც ხელს უშლის სწორი და მაღალი ხარისხის მონაცემების შეგროვებას“.

რეგისტრის მონაცემების ხარვეზების მიუხედავად, კვლევის შედეგად შეიქმნა საქართველოში ტრავმატიზმის ეპიდემიოლოგიის საბაზისო ინფორმაცია და რეკომენდაციები ორი ძირითადი მიმართულებით: 1. ტრავმატიზმის შემთხვევების ხარისხიანი რეგისტრირება; 2. ტრავმატიზმის შემთხვევების შესამცირებლად მულტისექტორული მიდგომის შემუშავება.

ნინო ჩხაბერიძე: „ტრავმული დაზიანებების ზედამხედველობისა და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მულტისექტორულ მიდგომას. აუცილებელია, რომ მონაცემები გროვდებოდეს არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორში, არამედ სამართალდამცავ უწყებებშიც, სადაც გროვდება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, ვისაც არ დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. ასევე, სამართალდამცავ უწყებებში გროვდება ინფორმაცია ტრავმული დაზიანების ერთ-ერთ სახეობაზე – ძალადობაზე, ამ შემთხვევაშიც პაციენტს შესაძლოა არ დასჭირდეს კლინიკაში გადაყვანა. განათლების სისტემიდან უნდა მოდიოდეს ინფორმაცია სკოლის ტერიტორიაზე ტრავმული დაზიანების შესახებ.

კვლევამ, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტში განვახორციელეთ, აჩვენა, რომ ბავშვთა ტრავმატიზმის 17% ხდება სკოლის ტერიტორიაზე და აქედან საკმაოდ მაღალია თავის ტრავმული დაზიანების რაოდენობა. ეს არის შემაშფოთებელი სტატისტიკა, ჩნდება კითხვა – რამდენად უსაფრთხოა სკოლები?

 ამიტომ ვამბობ, გაცილებით ეფექტიანი იქნება, თუ განათლების სისტემა, სამართალდამცავი ორგანოები, ჯანდაცვის სექტორი და ზოგადად, სოციალური უწყებები კოლაბორაციულად იმუშავებენ ზედამხედველობისა და პრევენციული ღონისძიებების შემუშავებისთვის“.

საქართველოში ორი რეგიონი გამოიკვეთა, სადაც პაციენტებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა,  მანძილის გამო, საათობით დაუგვიანდათ.

ნინო ჩხაბერიძე:  „რაჭა-ლეჩხუმი და სამცხე-ჯავახეთი – ეს ორი რეგიონი გამოვლინდა, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარების მიღებას 4 საათზე მეტი დასჭირდა. ტრავმული დაზიანების შედეგად გარდაცვალების რისკი, დაზიანების სიმძიმის გარდა, შეიძლება გახდეს დაგვიანებული სამედიცინო დახმარება. ეს საკითხი ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო. შედეგები ასეთია: ტრავმული დაზიანების მიღების მომენტიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების ოქროს სტანდარტად მიჩნეულ დროში – 1 საათის განმავლობაში, ტრანსპორტირება ხელმისაწვდომია, ძირითადად, დიდი ქალაქების მოსახლეობისთვის. სოფლის და ქალაქის მოსახლეობას გააჩნია არათანაბარი ხელმისაწვდომობა საჭირო სამედიცინო სერვისებთან. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი ჰიპოთეზა მომავალი კვლევებისთვის არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობას ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდობა არ აქვს“.

კვლევის ფარგლებში, ასევე პირველად შეისწავლეს საქართველოში ტრავმატიზმის ფინანსური ტვირთის მაჩვენებელი. „ერთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტში, 6 თვის განმავლობაში, ყველა ტრავმული დაზიანების პირდაპირმა სამედიცინო ხარჯმა 900 000 ლარი შეადგინა“, – ამბობს მკვლევარი.

ნინო ჩხაბერიძე: „ხაზს ვუსვამ, შევისწავლეთ პირდაპირი ხარჯები, ანუ რა თანხა გადაიხადეს  პაციენტებმა ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურებისთვის დაწესებულებაში. მათ შორის იგულისხმება საყოველთაო დაზღვევის, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით თუ ინდივიდის მიერ გადახდილი თანხა. ყველა ეს წყარო წარმოადგენს ქვეყნის მთლიან რესურსის ნაწილს და ერთ სამედიცინო დეპარტამენტში 6 თვის მანძილზე გადახდილი 900 000 ლარი, მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან დიდი მაჩვენებელი“. 

ტრავმატიზმის ეპიდემიოლოგიისა და ავადობის ტვირთის  კვლევა 3 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში ნინო ჩხაბერიძე აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ორ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდა, მათ შორის, პროექტში – „iCREATE – კვლევის მოცულობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში“, რომლის ფარგლებშიც სადოქტორო კვლევის ერთ-ერთი ნაწილი – გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტში შესული ყველა ტრავმული დაზიანების 6 თვის მონაცემები დამუშავდა. სადოქტორო თემასთან დაკავშირებით მისი 4 სამეცნიერო სტატია და 10-მდე  კონფერენციის აბსტრაქტი გამოქვეყნდა.  2019 წელს, მისი თანაავტორობით, სახელმძღვანელო – „ტრავმატიზმის პრევენცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის განზომილებაში“, გამოიცა, რომელიც iCREATE-ის ფარგლებში მომზადდა.

ნინო ჩხაბერიძის სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელები თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჩიხლაძე და თსუ-ს მოწვეული პროფესორი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია კერესელიძე არიან. სადისერტაციო ნაშრომის დაცვა უახლოეს მომავალშია ჩანიშნული.

Facebook
Twitter
LinkedIn