ცოდნისა და ღირებულებითი განათლების გამოყენების გამოცდილება საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცეში

თარიღი: 2023-05-02 17:16:59

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევრის, ასოცირებული პროფესორის იზაბელა პეტრიაშვილის, თსუ-ის ენების ცენტრის მასწავლებლის, განათლები მეცნიერების აკადემიური დოქტორის ინა ბარათაშვილის, ილიაუნის განათლების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ეკატერინე შავერდაშვილის და ამავე უნივერსიტეტის მკვლევრის თამარ მოსიაშვილის ერთობლივი სამეცნიერო კვლევა 2022 წელს ცალკე თავად დაისტამბა წიგნში: „VaKE სახელმძღვანელო: ცოდნა და ღირებულებითი განათლება – თეორია და პრაქტიკა“ (2022წ.).  წიგნი დაიბეჭდა  გამომცემლობაში –  კოლინკლიკე ბრილი, ლეიდენი|ბოსტონი.

ქართველ მკვლევართა ნაშრომის სათაურია: „VaKE  მოდელის (Values and Knowledge Education/ცოდნა და ღირებულებითი განათლება) გამოყენების გამოცდილება საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცეში“. მასში აღწერილია VaKE  მოდელის (Values and Knowledge Education/ცოდნა და ღირებულებითი განათლება) გამოყენების გამოცდილება საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცეში.  კერძოდ,  წარმოდგენილია  VaKE  მოდელის პილოტირება და პილოტირებისას გამოკვეთილი პრობლემების ანალიზი, რომელიც ეყრდნობა 2020 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარებულ პროფესორ-მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგებს საქართველოს ხუთ უნივერსიტეტში.

კვლევა ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ქუთაისის უნივერსიტეტში.

ქართველი აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს VaKE მოდელი 10 წლის წინ, ერაზმუს +-ის  პროექტის ფარგლებში გააცნეს ამ პედაგოგიკური მიდგომის ავტორებმა, ზალცბურგის უნივერსიტეტის (ავსტრია) პროფესორებმა ზიგლინდე ვაირინგერმა და ჟან-ლუკ პატრიმ. VaKE  მოდელი დაფუძნებულია კონსტრუქტივიზმის თეორიებზე, რომლის მთავარი იდეა არის ის, რომ  მოსწავლეებს/სტუდენტებს ღირებულებები და ცოდნა უნდა მიეწოდოთ როგორც ავტონომიურ მასწავლებლებს.

VaKE  მოდელი წარმატებით არის დანერგილი საქართველოს ხუთ უმაღლეს სასწავლებელში. მოდელი ან ცალკე კურსად ისწავლება ან  ინტეგრირებულია სხვადასხვა სასწავლო კურსში.  აღნიშნული მოდელის  ინტეგრირებას  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში, რადგან  ის იძლევა არა მხოლოდ ცოდნის გადაცემის, არამედ ღირებულებების განვითარების საშუალებას. VaKE მოდელით სწავლება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ხელს უწყობს მათ ავტონომიურობას და, ამავდროულად, აძლიერებს სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას.

აღნიშნულ სახელმძღვანელოში შესულია ცხრა ქვეყნის მკვლევრებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა კვლევები აღნიშნული მოდელის სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში გამოყენების შესახებ. სახელმძღვანელო თანაბრად დააინტერესებთ როგორც პრაქტიკოს პედაგოგებს, ასევე VaKE  მოდელის თეორიული საფუძვლების მკვლევრებს.

Facebook
Twitter
LinkedIn