ივანე (ბიჭიკო) ვაშაკიძე – 100

თარიღი: 2024-02-19 20:10:19

ისტორიის მანძილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა არაერთი ღირსეული მამულიშვილი აღზარდა.  მათ შორის თვალსაჩინო ადგილი უკავია  პროფესორ ივანე (ბიჭიკო)  ვაშაკიძეს, რომელსაც ამ დღეებში 100 წელი შეუსრულდებოდა. ივანე ვაშაკიძე, ერის ღირსეული შვილი, დაიბადა 1924 წლის 17 თებერვალს ქ. სამტრედიაში რკინიგზის მოსამსახურეთა ტრადიციულ ოჯახში. მისი მამა იყო ცნობილი პიროვნება, ლენინის ორდენოსანი.

1941 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ი. ვაშაკიძე  პირდაპირ მოხვდა საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც მსახურობდა 1941 წლიდან  1946 წლამდე, მათ შორის თეირანის კონფერენციაზე მოკავშირე-თარჯიმნად. დემობილიზაციის შემდეგ, 1946 წელს, შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1951 წელს წარჩინებით. ამავე წელს ი. ვაშაკიძე თეორიული ფიზიკის კათედრის ასპირანტი გახდა. 1954 წელს მუშაობა დაიწყო ამავე კათედრაზე ჯერ ასისტენტად, ხოლო 1956 წლიდან დოცენტად. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1955 წელს. ამ ხნიდან მოყოლებული, გარდაცვალებამდე, 1995 წლამდე, ი. ვაშაკიძემ მთელი თავისი მოღვაწეობა დაუკავშირა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ფიზიკის ფაკულტეტს.

1964 წელს მოწინავედ მოაზროვნე ქართველ ფიზიკოსთა მეცადინეობით, თავდაპირველად, ფიზიკის ფაკულტეტზე დაარსდა ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომლის  ბაზაზე 1980 წელს შეიქმნა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი. ის ტრიუმფალური სვლა, რომელიც ამ ინსტიტუტის შექმნით დაგვირგვინდა, შეუძლებელი იქნებოდა ქართული ბირთვული ფიზიკის სკოლის მაღალი ავტორიტეტის გარეშე. ამ სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ხომ  ი. ვაშაკიძეც იყო. სწორედ ი. ვაშაკიძე დაინიშნა ზემოდხსენებული ლაბორატორიის გამგედ. ამ თანამდებობაზე მუშაობისას ი. ვაშაკიძემ თავისი განუმეორებელი ხელწერა დაატყო ლაბორატორიას. თვით ამ ლაბორატორიას თავის განვითარების გზა არ ჰქონია ია-ვარდებით მოფენილი. მოგეხსენებათ, იმ დროში რამდენი დიპლომატიური და არადიპლომატიური მანევრირება იყო ამისთვის საჭირო. მოხდა მაშინდელი ბირთვული ფიზიკის კათედრის ორად გაყოფა, რათა ერთ-ერთ კათედრაზე განვითარებულიყო ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა. სწორედ ამ კათედრის პირველ გამგედ დაინიშნა  ი. ვაშაკიძე 1968 წელს. ამ წელს დაიცვა მან სადოქტორო დისერტაციაც. 1972 წელს, აკად. ვ. მამასახლისოვის გარდაცვალების შემდეგ, ი. ვაშაკიძე დაინიშნა თეორიული ფიზიკის კათედრის გამგედ. იშვიათი გამონაკლისი უნივერსიტეტის ისტორიაში – ორი კათედრის ხელმძღვანელობა. ი. ვაშაკიძის მაგალითზე ჩანს, რომ სადაც კი გაუჭირდებოდა ფაკულტეტს, ანდა, როგორც ამას მოითხოვდა სტრატეგიული მიზნები, ი. ვაშაკიძე მუდამ წინა ხაზზე იყო. 1972 წლიდან გარდაცვალებამდე პროფესორი ი. ვაშაკიძე თეორიული ფიზიკის კათედრის უცვლელი გამგე გახლდათ. ი. ვაშაკიძეს მოუწია სხვა ადმინისტრაციული თანამდებობების შესრულებაც. 1969-1974 წლებში და შემდგომ ხელმეორედ 1983-1991 წლებში პროფ. ი. ვაშაკიძე იყო ფიზიკის ფაკულტეტის დეკანი.  წლების განმავლობაში იყო პარტიული კომიტეტის წევრი, სადაც პრინციპული და თავდადებული მუშაობით წარუშლელი კვალი დატოვა. დეკანის თანამდებობაზე მუშაობის დროს პროფ. ი. ვაშაკიძე თავდაუზოგავად ემსახურებოდა ფაკულტეტს. მისი მთავარი საზრუნავი იყო ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის წარმართვა მაღალ დონეზე. მისი დეკანობის პერიოდში პრაქტიკულად მომზადდა და მომწიფდა ბიოფიზის კათედრის გახსნა, მან გახსნა ახალი სპეციალობა ფაკულტეტზე – მიკროპროცესორების კათედრის. იმ პერიოდისთვის ეს ძალზედ წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ი. ვაშაკიძე იყო პრინციპული და მომთხოვნი პიროვნება. მას კარგად ესმოდა მოცემულ ეტაპზე პედაგოგის მაღალი მოვალეობა და მისი პროფესიონალიზმის მნიშვნელობა. იგი მშვენივრად იცნობდა საზღვარგარეთის (ძირითადად აშშ) უნივერსიტეტებს, ესმოდა იმ ტენდენციებისა, რომელიც ამ უნივერსიტეტებში ფიზიკის, როგორც მეცნიერების და მისი სწავლის მიმართ ინერგებოდა  და  რომელიც, ადრე თუ გვიან, ჩვენთანაც მოაღწევდა. რომ ვუფიქრდები, ხშირად მიკვირს ხოლმე კიდეც, საიდან ჰქონდა ამ კაცს ასეთი ალღო ადამიანის შეფასებისა, პოლიტიკური ანალიზისა თუ განათლების სისტემის მომავალი  ბედის განჭვრეტისა. ჯერ კიდევ 1980 წლების დასაწყისში ბატონმა ბიჭიკომ დაიწყო ფიქრი მოწინავე საზღვარგარეთული ქვეყნების უნივერსიტეტების მსგავსად, ჩვენშიც ორსაფეხურიანი სწავლების ფორმების დანერგვის შესაძლებობაზე. ი. ვაშაკიძე ხანგრძლივი დროის მანძილზე ხელმძღვანელობდა სადისერტაციო საბჭოს.

ბ-ნი ბიჭიკოს ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ორ პერიოდს, მისი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა აშშ-ში (საზოგადოდ საზღვარგარეთ) და ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში. ი. ვაშაკიძე 1962 – 1963 წლებში იმყოფებოდა აშშ-ში პენსილვანიის უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ხოლო 1963-1964  წლებში ქ.დუბნის ზემოხსენებულ ინსტიტუტში. მე შევესწარი სწორედ  მისი იქ ყოფნის პერიოდს, როგორც ახალბედა ასპირანტი, ი. ვაშაკიძის ყოფილი სტუდენტი.  ამ პერიოდში მოხდა ჩვენი დაახლოება.  ჩვენ ხომ ერთ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობით  ოთხადგილიან ოთახში (!). სიმართლე გითხრათ, ცოტა მეცოდებოდა ბ-ნი ბიჭიკო ამ პერიოდში, ამერიკის შემდეგ ასეთ პირობებში  რომ მოხვდა. აქ ლაპარაკი არ არის მეცნიერულ დონეზე, რადგანაც დუბნის ინსტიტუტი (თეორიული ფიზიკის ლაბორატორია) იმ დროს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრი იყო. იქ ხომ ფიზიკური მეცნიერების კორიფეები მოღვაწეობდნენ აკად. ნიკოლოზ ბოგოლუბოვის თავკაცობით. ალბათ ეს იზიდავდა და აჩერებდა  ბ-ნ ბიჭიკოს დუბნაში. თორემ სხვა მხრივ ამერიკის შემდეგ პოლიტიკურ ატმოსფეროში ყოფნა, საბჭოთა ,,ობშჩაგის” პირობებში ცხოვრება, ბ-ნი ბიჭიკოსთვის დამამცირებელი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება მეცნიერულ მხარეს, აქ დომინირებდა ბირთვული ფიზიკის თეორიული სკოლის თბილისური ფრთა – ი. ვაშაკიძე, გ. ჭილაშვილი. ისინი იყვნენ  ბირთვის თეორიის განყოფილების ლიდერები. ბ-ნ ბიჭიკოს ხომ განსაკუთრებულ ავტორიტეტად სთვლიდნენ…  სწორედ თბილისის ბირთვული ფიზიკის სკოლის (ვ. მამასახლისოვი, გ ჭილაშვილი, თ. კოპალეიშვილი, რ. ჯიბუტი, ჯ.მებონია და სხვ.) წარმატებებმა და პროფ. ა. თავხელიძის მცდელობამ განაპირობეს ის, რომ 1964  წელს  საქართველოში, თელავში, ჩატარდა დიდი საერთაშორისო სკოლა ბირთვულ სპექტროსკოპიაში, რომელსაც ფართო რეზონანსი ჰქონდა. შემდგომში ი. ვაშაკიძე შეყვანილ იქნა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული სპექტროსკოპიის სამეცნიერო საბჭოს წევრად, რომელიც კურირებდა საბჭოთა კავშირში ბირთვულ სპექტროსკოპიას, ორგანიზაციას უკეთებდა ყოველწლიურ სესიებს და საკავშირო თუ საერთაშორისო კონფერენციებს.

1970 წლის აგვისტოდან 1971 წლის ბოლომდე პროფ. ი. ვაშაკიძე იუნესკოს ხაზით იმყოფებოდა ინდოეთში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემაში დირექტორის პოსტზე,  როგორც  ,,ინდოეთის უმაღლესი სასწავლებლების” პროექტის ხელმძღვანელი. ამ პოსტზე მისი მუშაობის თავისებურებათა შესახებ წარმოდგენის მიღება შეიძლება სათანადო ანგარიშიდან, რომელიც ი. ვაშაკიძის არქივში ინახება.

ივანე ვაშაკიძე 1976-1977 წლებში კონკურსის წესით აირჩიეს და მუშაობდა ლოუელის უნივერსიტეტში (მასაჩუსეტის შტატი, აშშ) პროფესორის თანამდებობაზე. მან დიდი ძალისხმევა მოახმარა იმას, რომ დამყარებულიყო საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა ამ უნივერსიტეტთან.  ყველას გვემახსოვრება პროფ. ა. ბეიკერის და მისი ოჯახის წევრების სტუმრობა ჩვენს უნივერსიტეტში, რომლებიც ი. ვაშაკიძის სტუმრები იყვნენ ფაქტიურად. ამ ძალიხმევამ მოიტანა ის, რომ დაიდო მეგობრობის ხელშეკრულება,  რომლის  მეოხებითაც ხდებოდა პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

ძნელია ერთ წერილში დახატო ი. ვაშაკიძის სრული პორტრეტი – იმდენად მრავალხმრივი იყო მისი მოღვაწეობა, იგი რომ რამდენიმე ადამიანზე გადაგენაწილებინათ, თითოეული მათგანი ცნობილი პიროვნება იქნებოდა. ავიღოთ ი. ვაშაკიძის პედაგოგიური მოღვაწეობა – ის ხომ მოწოდებით იყო პედაგოგი. ვისაც მისი ლექციები მოუსმენია, დამეთანხმება, რომ ეს იყო უნივერსალური, უმაღლეს მწვერვალზე აყვანილი ხელოვნება. ი. ვაშაკიძე ყოველთვის გამოირჩეოდა ფიზიკის ღრმა ცოდნით და მათემატიკური აპარატის უნაკლო ფლობით, საერთოდ აღტაცებაში მოგიყვანდათ მისი განათლების ფართო ჰორიზონტი. მისი ლექციები ღრმა თეორიულ მასალასთან ერთად ყოველთვის ილუსტრირებული იყო საგანგებოდ შერჩეული ფიზიკური მაგალითებით. თეორიული ფიზიკის კურსს ბევრი პედაგოგი კითხულობს, როგორც ძლიერად მათემატიზირებულს, კლასიკური სახელმძღვანელოებიც ამ სტილშია დაწერილი, რის გამოც სტუდენტებისთვის მათემატიკური აპარატის უკან ძნელია დაინახოს ადეკვატური ფიზიკური შინაარსი. ი.ვაშაკიძის ლექციებში წინა პლანზე ყოველთვის ფიზიკური შინაარსი იყო წამოწეული.

ი. ვაშაკიძემ თავის დიდი მასწავლებელთან, აკად. ვ. მამასახლისოვთან და ბ-ნ გ. ჭილაშვილთან ერთად შექმნა კვანტური მექანიკის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე, რომელიც დღემდე ერთადერთი სახელმძღვანელოა სტუდენტებისთვის მშობლიურ ენაზე.  განხორციელდა  მისი ორი გამოცემა და აგერ, თითქმის 80 წელია, ბრწყინვალედ ასრულებს თავის დანიშნულებას. მასზე აღიზარდა ქართველ ფიზიკოსთა არაერთი თაობა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მასალის შერჩევით და დალაგებით, გადმოცემით, ფიზიკური შინაარსით და მეთოდიკური დახვეწილობით იგი არ ჩამოუვარდება ცნობილ სახელმძღვანელოებს კვანტურ მექანიკაში.

თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა ი. ვაშაკიძეს მათემატიკური კურსების მიმართ ფიზიკოსებისათვის. ის თვლიდა, რომ მათემატიკური დისციპლინების გარკვეული ნაწილი  ფიზიკოსებმა უნდა წაიკითხონ, სახელდობრ,   ფიზიკოსმა თეორეტიკოსებმა. ამ მიმართულებით იგი ბევრს ფიქრობდა და მუშაობდა კიდეც, ზრუნავდა სათანადო კადრების მომზადებაზე. სწორედ მისი მეცადინეომით მოხდა, რომ ფაკულტეტზე შემოღებული იქნა ,,ტენზორული ანალიზის” კურსი. საინტერესოა, რომ წლების მანძილზე ამ კურსს თვითონ კითხულობდა. მის პარალელურად ამ კურსს კითხულობდა გ. ჭილაშვილიც. ორივე მათგანი განსახილველ პერიოდში ფიზიკის ფაკულტეტის ისტორიაში მუდამ ერთად გვევლინება. მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შექმნეს სახელმძღვანელოები ,,ტენზორულ ანალიზში”, ბ-ნ გურამმა – ქართულ ენაზე, ი. ვაშაკიძემ თავის ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად  – რუსულ ენაზე.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ი. ვაშაკიძის სამეცნიერო მემკვიდრეობა. მან თავისი პირველი ნაშრომი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს შეასრულა. ი. ვაშაკიძე 60-მდე ნაშრომის ავტორია, რომლებიც გამოქვეყნებულია საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში. 50-იანი წლები და 60-იანი წლების დასაწყისი ძალზედ ნაყოფიერი იყო თბილისის თეორიული ბირთვული ფიზიკის იმ ჯგუფისთვის,  რომელსაც აკად. ვ. მამასახლისოვი ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ამ ჯგუფის მიერ შექმნილია მსუბუქი ბირთვების კლასტერული მეთოდი, რომელიც ამჟამად საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებულია. აღსანიშნავია, რომ პირველი შრომა აღნიშნული მიმართულებით შესრულებული იყო ჯერ კიდევ 1954 წელს ი. ვაშაკიძის მიერ გ. ჭილაშვილთან ერთად. ლითიუმის ბირთვის ალფა და დეიტრონული კლასტერის სახით წარმოდგენის საფუძველზე გამოთვლილი იყო ამ ბირთვის ფოტოდეზინტეგრაციის განიკვეთი.  ამჟამად ასეთი წარმოდგენა ამ ბირთვის ყველაზე გავრცელებულ მოდელს წარმოადგენს. ამ გამოკვლევებით დაფუძნდა მსუბუქი ბირთვების კლასტერული მოდელი, რომელიც შესულია თეორიული ბირთვული ფიზიკის განვითარების ისტორიაში. ი. ვაშაკიძის მიერ შესრულებული ნაშრომები გ. ჭილაშვილთან, ა. თავხელიძესთან და სხვა დუბნელ თეორეტიკოსებთან ერთად იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელშიც შეისწავლებოდა ფადდეევის ინტეგრალური განტოლებების სტრუქტურა და მიყენებული იყო ატომბირთვის ამოცანებისადმი.  ცალკე აღნიშვნის ღირსია წყვილურ ძალებთან ერთად სამსხეულოვანი ძალების გავლენის შესწავლა, რაც ერთ-ერთი პირველი იყო სამეცნიერო ლიტერატურაში. შრომათა დიდი ციკლი მიუძღვნა ი. ვაშაკიძემ თანამშრომლებთან ერთად მსუბუქი ატომბირთვების ძირითადი და დაბალაღგზნებული დონეების სტრუქტურის დადგენას, ბირთვების დეფორმაციებს, კლასტერების წარმოქმნის დინამიკურ პროცესებს. 1980-იან წლებში ი. ვაშაკიძე დაინტერესდა რელატივისტური ბირთვული ფიზიკის საკითხებით. იგი შეისწავლიდა დირაკის განტოლებას არალოკალური ფაქტოზირებადი პოტენციალებით. პროფ. ი. ვაშაკიძის მიერ დაახლოებით 40 წლის განმავლობაში ჩატარებულ გამოკლევებს გააჩნია შინაგანი ლოგიკა. ამ შრომებში შემოქმედებითად არის გამოყენებული იმ დროისათვის არსებული თეორიული ბირთვული ფიზიკის თანადროული მეთოდები. მის მიერ მიღებულმა შედეგებმა მნიშვნელოვნად გაამდიდრეს ბირთვული ფიზიკა. ვაანალიზებთ რა მის ნაშრომებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ი. ვაშაკიძე იყო და ბოლომდე დარჩა ატომბირთვის ფიზიკის თვალსაჩინო მკვლევარი.

მას ჰყავდა თავისი სამეცნიერო სკოლა კათედრის ახალგაზრდა თანამშრომელთა სახით, აგრეთვე უცხოელი სტუდენტები და ასპირანტები. კათედრაზე მისმა კოლეგებმა გააგრძელეს ის ტრადიციული ხაზი, რომელიც სათავეს იღებდა ჯერ კიდევ ვ. მამასახლისოვიდან და განვითარებული იყო მისი სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლის ივანე ვაშაკიძის მიერ. ი. ვაშაკიძისთვის კათედრა იყო ნამდვილი ოჯახი. სარეცელს მიჯაჭვულიც კი იგი კათედრის მომავლზე ფიქრობდა, ადგენდა სასწავლო საგნების გეგმებს და თან უთითებდა მისი განხორციელების უნარის მქონე წამკითხველებს. ამიტომ, არც არის გასაკვირი, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ კათედრამ შეინარჩუნა მსოფლიო დონის შესაფერი ავტორიტეტი.  მისი კურსდამთავრებულების მაგალითზე, 2005 წელს, უნივერსიტეტის ახალი რექტორის,  ქ-ნ რუსუდან ლორთქიფანიძის სახელზე კანზასის (აშშ)  უნივერსიტეტიდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ: „თქვენს თეორიული ფიზიკის განყოფილებაში განათლების სტანდარტები უტოლდება ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლების სტანდარტების დონეს,.., და კერძოდ, თეორიული ფიზიკის განყოფილება აშკარად უზრუნველყოფს სტუდენტთა მაღალ დონეს და მყარ, თანამედროვე ცოდნას როგორც თეორიულ ფიზიკაში, ასევე მათემატიკაში, რაც აუცილებელია ახალგაზრდა მეცნიერებისათვის  – წარმატებით განაგრძონ მათი კვლევები უფრო მაღალ დონეზე“.

ჩვენი წმინდა ვალია, არ დავივიწყოთ ჩვენი სახელოვანი წარმომადგენელი, დავაფასოთ მისი ღვაწლი, ამით ჩვენ მოღვაწეობასაც ფასი დაედება. მხოლოდ ასე გადავარჩენთ იმ თვალსაჩინო მიღწევებს, რომელიც ქართველმა ერმა შეიტანა მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში. მარადიული ხსოვნა და პატივისცემა დიდ მასწავლებელ ივანე ვაშაკიძეს და მის ფასდაუდებელ საქმეს.

უფრო მეტი გამოხმაურებები პროფ. ი. ვაშაკიძის მოღვაწეობის ირგვლივ მოცემულია მისი 75 წლისთავისადმი გამოცემულ ბროშურაში: ივანე (ბიჭიკო) ვაშაკიძე – 75. თბილისი, 1999 წ. (რედ. რაფიელ ჩიქოვანი)

ანზორ ხელაშვილი

     პროფესორი, თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე 1995 -2005 წლებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn