ირინა ქავჟარაძე საუნივერსიტეტო საზოგადოებამ რუბრიკით  – „სტუდენტური დებიუტი“ –  გაიცნო

თარიღი: 2023-10-17 16:20:10

,,კალამმა შემაგუა იმ რეალობას, რომ ცხოვრებას მხოლოდ ჩემი პერსპექტივით არ უნდა ვუყურო. სწორედ ამიტომ, ყველა ჩემი ლირიკული გმირი ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანების ალტერეგოა“,ამბობს 21 წლის ირინა ქავჟარაძე, რომელიც თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულების მეოთხეკურსელია. ირინას ჩანახატები პირველად დაიბეჭდა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის მუდმივმოქმედი რუბრიკის – „სტუდენტური დებიუტის“ ფარგლებში.

ხელოვნებასთან სიახლოვის განცდა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის ასაკიდან დაეუფლა. ზუსტად ახსოვს ის დღე და მომენტი, როცა გააცნობიერა, რომ ადამიანებს წარმოსახვის უნარი აქვთ და არარეალური სურათ-ხატების შექმნა შეუძლიათ გონებაში. ეს იყო პირველი გაელვება, როდესაც შეიგრძნო, რომ წარმოსახვის უნარსა და რეალურ ცხოვრებას შორის ძალიან ფაქიზი ზღვარია გავლებული. ხელოვნება დღემდე ამგვარად განისაზღვრება მისთვის – შეთხზულის დაახლოება ხელშესახებთან.

როგორ შეიცვალა დამოკიდებულება ირინა ქავჟარაძესა და ხელოვნებას შორის უნივერსიტეტში ჩაბარების შემდგომ?  – ამ კითხვაზე ირინას ასეთი პასუხი აქვს: ,,ხელოვნების მიმართ ჩემი აღქმები კონკრეტულ ფაქტებს იშვიათად უკავშირდება. ამისთვის შეგრძნებათა ცვლილებაა საჭირო, რაც სხვადასხვა ტკივილისა თუ განცდის დაგროვებასთან ერთად მოდის. საუნივერსიტეტო ცხოვრების დაწყებასთან ერთად ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი გაჩნდა – დროის ნაკლებობა (ხელოვნებასთან სიახლოვის შენარჩუნებისთვის საკუთარ განცდებთან მარტო დარჩენა და მოცალეობაა საჭირო) და განსხვავებული პრიორიტეტების გაჩენა (ამჟამად აკადემიურსა და ანალიტიკურ ნაშრომებზე მუშაობას ბევრად მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე შემოქმედებით წიაღსვლებს)“.

ირინას თქმით, მას წერა ათავისუფლებს. წერა ეხმარება იმაში, რომ გაუმკლავდეს სხვადასხვა სირთულეს, რომელიც მას ცხოვრებაში აქვს. აგრეთვე, მისი თქმით, წერა აძლევს იმის საშუალებას, რომ  ცხოვრებას მხოლოდ მისი პერსპექტივით არ უყუროს. „წერა ნიშნავს სხვების გაგების საფუძველზე მოვუძებნო პასუხი საკუთარ განცდებს, რათა ახლებური ჟინითა და ძალით მივუდგე რეალობას“, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ირინას კითხვა ბედნიერების იმ განცდას ანიჭებს, რასაც ახალი სიღრმეების აღმოჩენა ჰქვია. ბევრ ავტორთან ერთად იგი გვერდს ვერ უვლის ფიოდორ დოსტოევსკის, რომელსაც ასე ემადლიერება:

,,დოსტოევსკი ყველაზე სწორ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ადამიანური სისუსტეებისთვის ფსიქოლოგიური ახსნების მოძებნაში დამეხმარა. მან გამზარდა როგორც პიროვნება და როგორც ადამიანი, რომელიც ქმედებებს მიღმა ყოველთვის განჭვრეტს მიზეზებისა და შედეგების კავშირს“.

დაბოლოს, ირინა ქავჟარაძე, რომლის ნაწერებიც რუბრიკის – „სტუდენტური დებიუტის“ ფარგლებში გამოქვეყნდა, ეხმიანება მულტიმედია ცენტრის ახალ წამოწყებას და ამბობს: ,,ვფიქრობ, ,,სტუდენტური დებიუტი“ უნიკალური შესაძლებლობაა დამწყები მწერლებისათვის, რათა წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ფართო აუდიტორიამდე მიიტანონ სათქმელი. ერთია, რომ განიცდი და წერ, მეორე კი, როცა სხვებსაც მისცემ შესაძლებლობას ამ ნაწერში საკუთარი თავი დაინახონ. ეს პლატფორმა გააერთიანებს მათ, ვინც მსგავსი ხერხით სხვადასხვა სათქმელს აჟღერებს და, ასევე, ირგვლივ შემოიკრებს იმ ადამიანებსაც, რომელთაც აინტერესებთ უნივერსიტეტელების შემოქმედებითი მოღვაწეობა“.

თორნიკე ელაშვილი

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn