ირაკლი ჩხაიძე – ევროკავშირის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული

თარიღი: 2023-01-27 14:35:09

თსუ-ს  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების ს/ს ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი ჩხაიძე ევროკავშირის საგრანტო კონკურსის (EU Fellowships for Georgian researchers) გამარჯვებულია. მისი პროექტი Between Two Worlds: National Populism and the West in Post-Revolutionary Georgia (ორ სამყაროს შორის: ეროვნული პოპულიზმი და დასავლეთი პოსტრევოლუციურ საქართველოში) განხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, ვენა) სამთვიანი კვლევითი ვიზიტის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მკვლევრების კვლევითი მობილობის პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მკვლევრებს საქართველოდან, რომლებიც სამ თვეს გაატარებენ წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებში. მეცნიერთა ვიზიტის მიზანია კვლევითი პროექტების განხორციელება, საკუთარი კვლევების შედეგების ევროპული აკადემიური საზოგადოებისთვის გაცნობა, დასავლური გამოცდილების საქართველოს უნივერსიტეტებში დანერგვა.

ირაკლი ჩხაიძის ინფორმაციით, მისი  პროექტი „ორ სამყაროს შორის: ეროვნული პოპულიზმი და დასავლეთი პოსტრევოლუციურ საქართველოში“ ეხება საქართველოს საზოგადოების მიერ დასავლური სამყაროს აღქმას, დასავლეთთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს, დასავლეთისადმი წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებებს, ანტიდასავლურ ნარატივებს, რომლებიც აბრკოლებენ სახელმწიფოს ევროპული ტიპის დემოკრატიად ჩამოყალიბებას.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევა განხორციელდება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, რომელიც ევროპის ორ გამორჩეულ ქალაქში – ბუდაპეშტსა და ვენაში – მდებარეობს. ჩემი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია შედარებითი კვლევა, საქართველოს მაგალითის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ კონტექსტში შესწავლა“, – ამბობს ირაკლი ჩხაიძე.

მეცნიერის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების  შედეგად შეიქმნება აკადემიური სტატია, რომელიც გამოქვეყნდება რეიტინგულ დასავლურ გამოცემაში. გარდა ამისა, შემუშავდება სასწავლო კურსის სილაბუსი და დაინერგება თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის კურიკულუმში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მკვლევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან.

„ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია მასშტაბური საერთაშორისო კვლევითი პროექტის მომზადება, რომელიც დასაფინანსებლად წარედგინება ევროპულ სამეცნიერო ფონდებს“,  – აცხადებს ირაკლი ჩხაიძე.

Facebook
Twitter
LinkedIn