თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კულტურის ფსიქოლოგი თბილისს  ეწვია

თარიღი: 2022-12-28 20:20:51

ინტერვიუ იან ვალსინერთან

50 წლის შემდეგ მეორედ, იან ვალსინერი – თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო კულტურის ფსიქოლოგი თბილისს  ეწვია. მან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების, სემინარებისა და ვორქშოფების ციკლი გამართა. თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური კვლევებისა და პროგრამების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექციები,,რატომ კულტურის ფსიქოლოგია? განა კროსკულტურული ფსიქოლოგია საკმარისი არ არის?”; ,,მეთოდოლოგია მეთოდების გარეშე. ასევე გაიმართა სემინარები სამეცნიერო მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარების შესახებ როგორც სტუდენტებისთვის, ისე დამწყები მკვლევრებისა და პროფესურისთვის.

საერთაშორისო ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, იან ვალსინერს, 2021 წელს, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) სპეციალური ჯილდო გადასცა. 2017 წელს მას გერმანიაში  ჰანს კილიანის სახელობის პრემია მიენიჭა, ხოლო 1995 წელსალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის სახელობის პრიზით დაჯილდოვდა.

კულტურის ფსიქოლოგიის დარგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, ამჟამად, კლარკის უნივერსიტეტის (აშშ) ფსიქოლოგიის ლეგენდარული დეპარტამენტის ემერიტუსი და ოლბორგის უნივერსიტეტის (დანია) მოქმედი პროფესორია. ამავდროულად მას ლექციები წაუკითხავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არაერთ უნივერსიტეტში (ბრაზილია, ჩილე, იაპონია, ავსტრია, იტალია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, გერმანია და ..). მეცნიერი 50-მდე წიგნისა და 600-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორია.

ჩვენს ინტერვიუში საუბარია:  იან ვალსინერის შთაბეჭდილებებზე საქართველოსა და ქართულ კულტურაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტზე, კულტურის ფსიქოლოგიის გლობალურ მნიშვნელობაზე, ფსიქოლოგიის მეცნიერება-პრაქტიკის ურთიერთდამოკიდებულებასა და მეცნიერების პოპულარიზაციის საკითხებზე.

მოგვიყევით საქართველოსთან თქვენი კავშირების შესახებ?

იან ვალსინერი: 1973 წელს, ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტში სწავლისას, სტუდენტების ჯგუფი საქართველოში კვლევითი ვიზიტით ჩამოვედით. ეს იყო ერთგვარი სტუდენტური გაცვლითი პროგრამა და, შესაბამისად, ქართველი სტუდენტების ჯგუფი ტარტუს ეწვია. 70-იან წლებში საქართველოსა და ესტონეთს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ“…

საქართველო 50 წლის წინ და ახლა – ერთმანეთისგან რამდენად განსხვავდება?

იან ვალსინერი: „საქართველო ძალიან საინტერესო ადგილია, ვითარდება… უფრო მეტად ევროპული ქვეყანა გახდა და, ამავე დროს, შეინარჩუნა ყველა ის დადებითი მახასიათებელი, რაც 50 წლის წინ ჰქონდა – ეს არის ღრმა მეგობრობა, სხვა ადამიანების ღრმა  სენსიტიური გაგება, დაკისრებული სამუშაოს მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, პროფესიული წინსვლის ინტერესი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში შევხვდი სტუდენტებს, რომლებსაც საკმაოდ საინტერესო იდეები აქვთ და ეს იდეები საჭიროებენ მხარდაჭერასა და განვითარებას. ვფიქრობ, ეროვნულ დონეზე ფსიქოლოგიის მეცნიერება წინ მიდის და მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდა თაობა დარგის შესწავლა-კვლევით დაინტერესებულია“.

 როგორ შეაფასებდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ვიზიტს?

იან ვალსინერი:  „ეს კვირა იყო ძალიან პროდუქტიული. მე შევძელი და შევხვდი როგორც ძველი, ასევე ახალი თაობის პროფესურას, სამივე საფეხურის -ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ახალგაზრდები ძალიან მოტივირებულები არიან, რომ ისწავლონ, განვითარდნენ, ფიქრობენ და ეძებენ საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობებს. გარკვეულწილად, ლოდინის რეჟიმში იმყოფებიან, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის ფსიქოლოგიის დარგის ძლიერი განვითარების საწყისები.“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობა თუ შედის თქვენს ინტერესებში?

იან ვალსინერი:  „თანამშრომლობის გაგრძელების დიდი სურვილი მაქვს. მსურს ხელი შევუწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მეცნიერების განვითარების პროცესს. ასევე, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ხელი შევუწყო მკვლევრებს  – მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ საქართველოში და შეძლონ კულტურის ფსიქოლოგიაში სრულიად ახალი, ინოვაციური პროკულტურაციის თეორიის გაცნობა, რომელიც პროფესორ ლადო გამსახურდიას ეკუთვნის. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ის, რომელსაც უნდა სწავლობდნენ ადამიანები ამერიკიდან, ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან. ვფიქრობ, ეს კულტურის ფსიქოლოგიაში ახალი დასაწყისია, რომელსაც ძალიან დიდი შანსი აქვს გახდეს მსოფლიოს მასშტაბით ფსიქოლოგიაში წამყვანი თეორია“. 

რას გვეტყვით ქართული კულტურის შესახებ, რა თავისებურებები ახასიათებს მას?

იან ვალსინერი: „ვფიქრობ, ის, რაც ჩვენ 50 წლის წინ ქართული კულტურის შესახებ შევიტყვეთ, ახლაც ძლიერად გამოხატულია… ვგულისხმობ ოჯახის როლს, დედის როლს ბავშვის განვითარებაში… დღეს ქართული კულტურა იღებს ინტერნაციონალურ სახეს და, ამავე დროს, ინარჩუნებს საკუთარ ინდივიდუალიზმს, ის არ ჩაიკარგება სხვა ამერიკულ თუ ევროპულ კულტურებს შორის“.

რამ განაპირობა თქვენი ინტერესი ფსიქოლოგიის მეცნიერების მიმართ?

იან ვალსინერი: „თავდაპირველად დაკავებული ვიყავი განვითარების ფსიქოლოგიის შესწავლა-კვლევით. ამ პროცესში მივხვდი, რომ შეუძლებელია ადამიანის განვითარების შესწავლა ფსიქოლოგიური ორგანიზების ყველაზე მაღალი ფორმის – კულტურის გარეშე. ამ ლოგიკამ მიმიყვანა გადაწყვეტილებამდე, რის შემდეგაც, 90-იანი წლებიდან, კულტურის ფსიქოლოგიის კვლევები დავიწყე. ფსიქოლოგიის მეცნიერების ეს დარგი სულ რაღაც 25-30 წელს ითვლის, საფუძველი სულ რაღაც ორმა, სამმა ადამიანმა ჩავუყარეთ. ამ დროისთვის გამოვცემ სამეცნიერო ჟურნალს „კულტურა და ფსიქოლოგია“. ვფიქრობ, კიდევ რამდენიმე წელი ამ საქმიანობას მივუძღვნი, რადგან, ფაქტობრივად, ვხელმძღვანელობ მოძრაობას, რომელიც კულტურის ფსიქოლოგიის დარგის განვითარებას უზრუნველყოფს“.

როგორია თქვენი ხედვა  – რა მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიას საზოგადოებისთვის?

იან ვალსინერი: „ფსიქოლოგიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის, თუ მას გონივრულად მიუდგებიან. გონივრულ გამოყენებაში ვგულისხმობ სელექციურ გამოყენებას – თუ მას გამოიყენებენ იქ, სადაც ცვლილებებია საჭირო და არ ცდიან მის გამოყენებას იქ, სადაც ამის გაკეთება საჭირო არ არის. ფსიქოლოგია სელექციური გამოყენების შემთხვევაში შეიძლება იყოს ძალიან პროდუქტიული.

მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება? ..

იან ვალსინერი: „მაგრამ ეს ხდება ნაბიჯ-ნაბიჯ, ახალგაზრდა მეცნიერების მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად. მათი მეშვეობით ფსიქოლოგიის მეცნიერებებში ახალი ცოდნა იქმნება, რაც შესაძლებელია ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენოთ“.

რა დატვირთვა აქვს კულტურის ფსიქოლოგიის მიმართულებას?

იან ვალსინერი: „კულტურის ფსიქოლოგია განვითარების ახალი მიმართულებაა. ბოლო 25-30 წლის მანძილზე ის ზოგად ფსიქოლოგიას მიმართულებას უცვლის და აყალიბებს კონკრეტული ინდივიდების თვისებების, ემოციების უფრო მაღალ დონეზე გაგების შესაძლებლობას.

კულტურის ფსიქოლოგიას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი არა მხოლოდ ფსიქოლოგიის განვითარებისთვის, არამედ კულტურისაც… ამ დარგის განვითარების პროცესი ძალიან დადებითად მიდის. შედეგებს ჩვენ კიდევ დავინახავთ მომდევნო ათწლეულების მანძილზე“.  

რას ფიქრობთ, დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას ფსიქოლოგია?

იან ვალსინერი: „ფსიქოლოგია ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, ერთ-ერთი პირველი ამოცანაა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ფსიქოლოგიის მეცნიერებისა და პრაქტიკის გაუცხოების საკითხი, რადგან,  ერთი მხრივ, ფსიქოლოგიაში იქმნება დიდი ცოდნა და, მეორე მხრივ, ეს ცოდნა პრაქტიკულად გამოყენებადი არ ხდება. პრაქტიკული ფსიქოლოგია კი თავისი საქმიანობისთვის თეორიული ცოდნის ბაზისს ნამდვილად საჭიროებს. მეორე გამოწვევაა აუცილებლობა, რომ ფსიქოლოგიის მეცნიერება დაუბრუნდეს სუბიექტურობის შესწავლის საკითხს. ეს პროცესი ბოლო 100 წლის განმავლობაში მინელდა, თუმცა, ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით სიახლეები შეინიშნება და ამ პროცესის განვითარებას ხელი უნდა შევუწყოთ. შესაბამისად, გამოწვევები ბევრია, მაგრამ ასევე ბევრია ახალგაზრდა მკვლევარი, რომელიც ცდილობს, რომ ამ გამოწვევებს უპასუხოს“.

რა საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ პრაქტიკა დაინტერესდეს მეცნიერებით?

იან ვალსინერი: „საშუალებები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ბევრი არ არის. მეცნიერული ცოდნის პრაქტიკაზე ასახვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც განათლების, პრაქტიკისა და კლინიკების ერთმანეთთან  მჭიდრო დაკავშირება ხდება. ამის გარეშე მიზნის მიღწევა შეუძლებელია და პროცესის განვითარება მხოლოდ პრაქტიკოსი ფსიქოლოგების პირად გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული რჩება“.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მეცნიერება არ დარჩეს მეცნიერებისთვის და ახალი ცოდნა ხელმისაწვდომი გახდეს ფართო საზოგადოებისთვის, რა ფორმით შეიძლება მეცნიერების პოპულარიზაცია?

იან ვალსინერი: „ეს რთული კითხვაა, რადგან მეცნიერების პოპულარიზაცია ასევე ნიშნავს –  სამეცნიერო დარგის თუ რომელი ასპექტის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს. პოპულარიზაცია იმ მონაცემებისა, რომელიც ადამიანის ფსიქიკის შესახებ გვაქვს, შესაძლებელია, თუმცა,  ეს რეალურად ცოტა ადამიანს აინტერესებს, რადგან ის ძალიან რთულია. შევხედოთ – რას აკეთებენ ასტროფიზიკოსები ამ მიმართულებით, მაგალითად, გზავნიან ახალ ხომალდს, როგორც საინჟინრო მეცნიერებების ახალ მიღწევას მარსზე;  გვაჩვენებენ, თუ როგორ მიფრინავს, შემდეგ კი როგორ ეშვება  და მოძრაობს მარსის ზედაპირზე სპეციალური მოწყობილობა, ვიღებთ ახალ ფოტოებს და თვალ-ყურს ვადევნებთ ამ პროცესს, მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად ვითარდება სერიოზული მეცნიერება და ჩვენ არაფერი არ ვიცით – თუ რა ახალი ქიმიური თუ ეკოლოგიური კვლევები ჩატარდება. ძალიან ლამაზი კოსმოსური სურათები არის ის, რაზეც ჩვეულებრივი ადამიანების მოთხოვნა არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიის მეცნიერებასთან მიმართებითაც ანალოგიური სიტუაციაა. მე არ მინდა, რომ ჩემი „კულტურის ფსიქოლოგიის“ თეორიის პოპულარიზაცია მოხდეს, რადგან არ მინდა ჩემი აბსტრაქტული იდეები ყოველდღიურ მოსაზრებებს შეერიოს და დამაბნეველი ვითარება შექმნას, მაგრამ მე შემიძლია ამ თეორიას პოპულარიზაცია გავუწიო კონკრეტული მაგალითების მეშვეობით, რომ კულტურის ფსიქოლოგია ხსნის იმ მოვლენებს, რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში უამრავ პრობლემას იწვევს“.

შეგიძლიათ გვითხრათ,  რა  საერთო  და რა განსხვავებული  მახასიათებლები  იკვეთება სხვადასხვა კულტურაში?

იან ვალსინერი: „ჩემი მიმართულება კულტურის ფსიქოლოგიაში იკვლევს ადამიანის აზროვნების, ემოციების უნივერსალურ, უმაღლეს ფორმებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ სხვადასხვა საზოგადოებას შორის ძალიან ბევრი განსხვავებაა და, ასევე, ძალიან დიდი განსხვავებაა თითოეული საზოგადოების წევრ ინდივიდებს შორის. ერთი კვირაა, რაც საქართველოში ვიმყოფები და ვამჩნევ, რომ აქ არის ორგანიზაციის განსხვავებული შესაძლებლობების ძალიან დიდი დიაპაზონი. კულტურის ფსიქოლოგიის ჩემი მეთოდი შეისწავლის სწორედ იმ მექანიზმებს, რომელიც შეიძლება გამოიყენო როგორც საქართველოში, ასევე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში არსებული ვითარების კვლევისთვის“.

თანამედროვე მსოფლიოში კონფლიქტების პრევენციისა თუ მოგვარებისათვის ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში კულტურის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე დადებითი შედეგი ვერ მიიღწევა, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხის შესახებ?

იან ვალსინერი: „მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები  ვერ შეძლებენ ამ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ კულტურის ფსიქოლოგიას ეს შეუძლია პროკულტურაციის თეორიის საფუძველზე, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ერთი ადამიანის გადასვლას  განსხვავებული კულტურის მატარებელ საზოგადოებაში აუცილებლად არ მივყავართ კონფლიქტამდე. კონკრეტული ინდივიდების კვლევის დონეზე ვასკვნით, რომ ამას მივყავართ ცოდნისა და კულტურის თვალსაზრისით ურთიერთგამდიდრებამდე. პროკულტურაციის თეორია საუკეთესო მექანიზმია იმისთვის, რომ არ შეიქმნას კონფლიქტები. სამწუხაროდ, პოლიტიკოსები უფრო ხშირად მუშაობენ კონფლიქტების პროვოცირებისთვის და არა – შემცირებისთვის. ჩვენ კულტურის ფსიქოლოგიის დარგის წარმომადგენლები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კონფლიქტის საფუძვლები არ შევქმნათ“.

Facebook
Twitter
LinkedIn