რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება თსუ-ში?

თარიღი: 2023-12-15 13:26:44

გვესაუბრება თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე:

 „თსუ-ს მეორე აკადემიური კორპუსის რეაბილიტაცია დასრულდა და ახლა მცირე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

იანვრის დასაწყისისთვის მეექვსე სასწავლო კორპუსის ფასადისა და კიბის უჯრედების  რეაბილიტაცია დასრულდება.

ამ დროისთვის მიმდინარეობს განმეორებითი კონკურსი პირველი და მეორე კორპუსების უკან ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული შენობის პროექტირებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ კონკურსზე განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა 10 იანვარს სრულდება და უკვე კონკრეტულად გვეცოდინება – რა სახის საკონკურსო პროექტები იქნება წარმოდგენილი. კონკურსის პირველ ეტაპზე საბოლოო მოწონება ვერცერთმა პროექტმა ვერ დაიმსახურა.

შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა და კეთილმოეწყო პირველი კორპუსის შიდა ეზოები. თსუ-ს ყველა კორპუსში გვაქვს ახალი სტუდენტური სივრცეები, რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი ავეჯით და სტუდენტებს საშუალება აქვთ –  ლექციების შუალედში თუ ლექციების შემდეგ თავისუფალი დრო მყუდრო და კომფორტულ გარემოში გაატარონ.

დასასრულს უახლოვდება თსუ-ს ეკონომიკის ინსტიტუტისა და თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები, რომლის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით.

თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე, ერთ ფლიგელში, დასრულდა გამაგრებისა და რეაბილიტაციის საპროექტო სამუშოები. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და ის, შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს. შედეგად გვექნება ახალი სივრცე სტუდენტური საერთო საცხოვრებლისთვის.

ბაგების საერთო საცხოვრებლის ორივე კორპუსში სველი წერტილებისა და სამზარეულო სივრცეების რეაბილიტაცია განვახორციელეთ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მანამდე არსებულ ინფრასტრუქტურულ გარემოს.

ასევე, გვქონდა თსუ-ს სასწავლო კორპუსების სახურავების პრობლემა და რამდენიმე ასეული კვ.მ. სივრცის გადახურვა განხორციელდა, რაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა. საგამოცდო ცენტრში განხორციელდა გარკვეული სამუშაოები, რის შედეგადაც სტუდენტებისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო გარემო. მე-5 სასწავლო კორპუსშიც მიმდინარეობს რიგი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც დეკემბრის ბოლომდე დასრულდება. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება 2024 წლისათვის განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამატებით გაცნობებთ.

Facebook
Twitter
LinkedIn