თსუ-ში „საქართველოს საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციის“ (ILSA Georgia) პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი: 2024-04-23 17:14:05

თსუ-ში „საქართველოს საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციის“ (International Law Students Association, Georgia – ILSA Georgia) პრეზენტაცია გაიმართა. ILSA თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის  საერთაშორისო სამართლის პროგრამის სტუდენტთა საორგანიზაციო ჯგუფის მიერ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის თანაორგანიზებითა და ჩართულობით განახლდა. ასოციაციის მიზანი საერთაშორისო სამართლებრივი ღირებულებების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა, რაც სხვადასხვა კვლევითი-საგანმანათლებლო ღონისძიებების მეშვეობით იგეგმება.

ILSA Georgia-ს მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. ასოციაციის დამფუძნებელი საორგანიზაციო კომიტეტის წევრი სტუდენტები ე.წ. მესამე ტალღის წარმომადგენლები არიან.

„ჩვენ გვსურს სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების ინტერესი გავზარდოთ საერთაშორისო სამართლის დარგის მიმართ. გვექნება შეხვედრები, მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიები… უახლოეს მომავალში ევროპის დღეებთან დაკავშირებით იგეგმება პირველი ღონისძიების გამართვა, რომელიც საჯარო ლექციების ციკლსა და მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიებს მოიცავს“,- განმარტავს ILSA Georgia-ს საორგანიზაციო კომიტეტის წევრი ალექსანდრე ნოზაძე.

„ჩვენი საქმიანობა საქართველოს მასშტაბით განხორციელდება. ვგეგმავთ შეხვედრებსა და საერთაშორისო სამართლის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა-დისკუსიებს. უახლოესს მომავალში სრულად ამოქმედდება ბლოგი, სადაც სტუდენტური კვლევები განთავსდება“, – ამბობს ILSA-ს საორგანიზაციო კომიტეტის წევრი შოთა მშვენიერაძე.

ILSA-ს  გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ-ს რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი ირინე ქურდაძე, იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

„მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და ადმინისტრაციის სახელით გიდასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას. ამავე დროს, მინდა გაითვალისწინოთ და გამოიყენოთ ის რესურსი, რასაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოს ფორმატში სტუდენტებს სთავაზობს და წელს ამისათვის უპრეცედენტო რაოდენობის – 1 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება გამოიყო“, – განაცხადა ვიცე-რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ჭეიშვილმა.

„მიხარია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება. გისურვებთ წარმატებებს დაგეგმილი აქტივობების განხორციელებისას, რა დროსაც ფაკულტეტის სრული მხარდაჭერა გექნებათ. ამავე დროს, მოხარული ვიქნებით, თუ ითანამშრომლებთ იურიდიულ ფაკულტეტზე მოქმედ სტუდენტურ გაერთიანებებთან – „ევროკლუბი“, ELSA…“, – აღნიშნა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ზარანდიამ.

„გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გამოხატული მხარდაჭერისთვის. ILSA საქართველოს დამფუძნებლები ის სტუდენტები არიან, რომლებიც აცნობიერებენ საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობას და ამ ცოდნის გაზიარების რესურსი აქვთ. მიხარია, რომ ILSA-ს მესამე ტალღის წარმომადგენლები იზიარებენ წინა თაობების გამოცდილებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეული ტრადიციაც ჩამოყალიბდა -ILSA საქართველოს დამფუძნებელი წინა თაობის წარმომადგენლები დღეს უკვე საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აკადემიური და  მოწვეული ლექტორები არიან. აუცილებლად მინდა გავიხსენოთ  საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამფუძნებელი აკადემიკოსი, პროფესორი ლევან ალექსიძე, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა ახალგაზრდა თაობების პროგრესულ ინიციატივებს,  და უკვე დღეს, ჩვენ ვაგრძელებთ ამ  ტრადიციას“, – განაცხადა თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირინე ქურდაძემ.

ILSA-ს პრეზენტაცია 19 აპრილს გაიმართა. ღონისძიების დასასრულს დამსწრე სტუდენტებს ორგანიზაციის მოხალისეებად დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ.

Facebook
Twitter
LinkedIn