თსუ-ში ძირითადი პროგრამისა და უკვე  სპეციალობის სახით დაფუძნდა იაპონისტიკა და  ჩინეთმცოდნეობა

თარიღი: 2023-05-17 20:46:36

„იაპონური კულტურის დღე“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონისტიკის მიმართულების (მეიჯორ) პროგრამად ფორმირებას მიეძღვნა. როგორც თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,შორეული აღმოსავლეთის – იაპონისტიკისა და სინოლოგიის“ მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა  გელაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აკრედიტაციის  წარმატებით გავლის შემდეგ  გაზაფხულის სემესტრიდან ამოქმედდა  ახალი პროგრამა“.

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის პირველი უმაღლესი სასწავლებელი,  სადაც  ძირითადი პროგრამისა და უკვე  სპეციალობის სახით დაფუძნდა  იაპონისტიკა და  ჩინეთმცოდნეობა.

ქალბატონი ნანა გელაშვილი ამბობს, რომ თსუ-ს სტუდენტები მოუთმენლად ელოდნენ – ეს პროგრამა  მათთვის ძირითადი სპეციალობა ყოფილიყო.  ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ თსუ-ში „იაპონური კულტურის დღე“ მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა. ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი აკირა იმამურა, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, იაპონისტიკის მიმართულების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.  ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო  იაპონური ხელოვნების ეგზოტიკური დარგები, მათ შორის,  ორიგამის ხელოვნება,  კალიგრაფიის ხელოვნება, ნაჩვენები იყო იაპონური  საბრძოლო ხელოვნება, სტუდენტებმა  შეასრულეს იაპონური  სიმღერები და წაიკითხეს იაპონელი მწერლების  ლექსები. 

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია, რომელმაც მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს  აკირა იმამურას თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისთვის და საქართველოში ამ დარგის განვითარებაში შეტანილი დამსახურებისთვის. „დღეს უნივერსიტეტში იაპონიის დღეებს ვზეიმობთ,  რომელშიც ძალიან აქტიურად არიან ჩართული სტუდენტები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება შეიქმნა და ვითარდება. ამ კუთხით ბევრი გეგმა გვაქვს განსახორციელებელი და ამ თვალსაზრისით არაერთი ნაბიჯის გადადგმას ვგეგმავთ საქართველოსა და იაპონიას შორის სამეცნიერო და სასწალო პროცესის განვითარების მხრივ. მადლობა გვინდა გადავუხადოთ პროფესორ  ნანა გელაშვილს, რომელიც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების შესწავლის განვითარებისათვის საქართველოში, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

მოგეხსენებათ, საქართველოში შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებით დაინტერესებას ხანგრძლივი ისტორია აქვს:  ქართველებს იაპონიაზე ჯერ კიდევ შუასაუკუნეებიდან ჰქონდათ წარმოდგენა. განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი ამ მხრივ მეცხრამეტე საუკუნეში – ქართული პრესა აქტიურად აშუქებდა ინფორმაციას აღმოსავლური, მათ შორის, იაპონიის  ცივილიზაციის  შესახებ. სასიამოვნოა, რომ დღევანდელ ღონისძიებას ესწრება იაპონიის ელჩი, რომელიც ქართული კულტურის დიდი მოამაგეა. ეს მეგობრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,   – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

როგორც თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა  აღნიშნა, „საქართველოსთვის, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე,  აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა  თანაბრად  მნიშვნელოვანია. ამ ორი სამყაროს თანაარსებობა დიდ გავლენას ახდენს ჩვენს კულტურაზე, ისტორიასა და მენტალიტეტზე. ბუნებრივია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, მნიშვნელოვან ადგილს უთმობს და სწავლობს როგორც აღმოსავლურ,  ისე დასავლურ კულტურას. ჩვენთვის აღმოსავლეთმცოდნეობა გახდა ერთ-ერთი პრიორიტეტი და დღეს ღირსეულად არის წარმოდგენილი.  დიდი იმედი გვაქვს, რომ იაპონიის საელჩო ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში ამ დარგის განვითარებას“,  – განაცხადა ნანა გაფრინდაშვილმა.

პროფესორმა ნანა  გელაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოს განსაკუთრებული ხელშეწყობისთვის და აღნიშნა:  ,,იაპონიის სამთავრობო გრანტისა და საელჩოს  თანადგომით  გაიხსნა უნივერსიტეტში ,,იაპონური კულტურის ცენტრი“, რომელიც აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკით, ლიტერატურით… გარდა ამისა, ჩართული ვართ იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში. სტუდენტებისათვის კი ძალიან დიდი სტიმულის მომცემია ის გარემოება, რომ საელჩო ყოველწლიურად მართავს გამოცდებს, რომელში გამარჯვებული  სტუდენტიც ჯილდოვდება იაპონიის უმაღლეს სასწავლებელში გრძელვადიანი სტაჟირების გავლის შესაძლებლობით. სტუდენტთა სტიმულირებას ისიც უწყობს ხელს, რომ იაპონიაში სტაჟირებას მიმწვევი მხარე სრულად აფინანსებს“,  – განაცხადა ნანა გელაშვილმა.

                         სტუდენტური ოცნებები იაპონიის მონახულებას უკავშირდება  

„იაპონური კულტურის დღე“ განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო სტუდენტებისთვის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა აქტივობებში.

როგორც თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა ნიკა დოდაშვილმა გვითხრა, იაპონური კულტურით დიდი ხანია დაინტერესდა, რადგან მოსწონს და იზიდავს ამ  ხალხის ტრადიციები, ეგზოტიკა… „მომავალში,  მინდა, უფრო ღრმად შევისწავლო იაპონიის ისტორია, ზოგადად, შორეული აღმოსავლეთის ისტორია და კულტურა.   ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ამ მიმართულებით ვაპირებ სწავლის გაგრძელებას.  აქტიურად ვსწავლობ იაპონურ ენას და იმედია – მომავალში  ამ საოცარ ქვეყანასაც მოვინახულებ. უნივერსიტეტი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემი ოცნებები ავიხდინო“,  – ამბობს ნიკა დოდაშვილი, რომელმაც ღონისძიებაზე გუნდთან ერთად იმღერა.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტის ალექსანდრე ალიმბარაშვილის აზრით,  შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები და, მათ შორის,  იაპონია განსაკუთრებული თავისებურებებით გამოირჩევიან. „ძალიან მომწონს იაპონური ხელოვნება, რომელიც გვაოცებს თავისი მშვენიერებით. მიმართულებაზე ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ ჩვენი ცოდნა გავიღრმავოთ და გაცვლით პროგრამებში მივიღოთ მონაწილეობა. მიხარია, რომ აკრედიტაციის შემდეგ კიდევ უფრო უკეთესობისკენ შეიცვალა ვითარება, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცოდნის მიღების კუთხით ყველაფერი კეთდება“, – ამბობს ალექსანდრე ალიმბარაშვილი.

. . .

ღონისძიების ფარგლებში იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აკირა იმამურამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველო-იაპონიის ურთიერთობები“.

Facebook
Twitter
LinkedIn