გურამ ლორთქიფანიძის ნათელ სხოვნას დაბადებიდან 85 წლისთავზე

თარიღი: 2023-09-27 22:04:30

არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა და საქმიანობით წარუშლელ კვალს ტოვებენ ჩვენს ვცხოვრებაში. ნიჭიერი მეცნიერი, უკეთილშობილესი  ადამიანი, ჭეშმარიტი ინტელიგენტი – ასეთი იყო და ასეთად გვემახსოვრება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, დიდი მეცნიერი, სიძველეების დაუღალავი მკვლევარი, ბატონი გურამ ლორთქიფანიძე სხვადასხვა თაობის სტუდენტებს, მის თანამშრომლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა.

თვალსაჩინოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი პედაგოგიური, სამეცნიერო და ორგანიზატორული  მუშაობის მასშტაბები. მან შეძლო შედარებით მოკლე დროში მოემზადებინა და ასპარეზზე გამოეყვანა არქეოლოგთა სფეროში ახალგაზრდა საპეციალისტთა მთელი თაობა, რომელთა თანამშრომლობითაც შეიქმნა ორი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო: ქართული კულტურის ისტორია (1997 წ.) და კულტუროლოგია (2003 წ.). მისმა მოწაფეებმა წარმატებით დაიცვეს საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. მისი ინიციატივით ისტორიის ფაკულტეტზე დაფუძნდა კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრა, რომელსაც იგი 1985-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. ამით, ფაქტობრივად, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ისტორიული კულტუროლოგიის კვლევას. 2005 წლიდან დააფუძნა და სიცოცხლის ბოლომდე ისრაელის სამეცნიერო ცენტრს ხელმძღვანელობდა.

მის მიერ ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგები ასახულია სამეცნიერო პუბლიკაციებში, რომელთა რაოდებობა 300-ს აღწევს – მათ შორისაა 13 მონოგრაფია, 8 სახელმძღვანელო, 4 ბროშურა. მისი მრავალწლიანი, ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობა საყოველთაოდაა აღიარებული.

დიდია მისი ღვაწლი ახალგაზრდა არქეოლოგიური კადრების აღზრდაში, რასაც თითქმის  ნახევარ საუკუნეზე მეტი ემსახურებოდა. დიდი ინტერესით სარგებლობდა მისი სალექციო კურსები: ბიბლიური არქეოლოგია, კლასიკური არქეოლოგია,  კულტურა – ისტორიის შესწავლის ობიექტი. ბატონი გურამი მისაბაძი  მაგალითია ახალგაზრდა თაობისათვის, სტუდენტები და კოლეგები მისგან ყოველთვის გრძნობდნენ ფაქიზ, გამორჩეულ ადამიანურ  სითბოსა და გულისხმიერებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მაღალადამიანური და მოქალაქეობრივი თვისებები. მუდამ სამეცნიერო-კლევითი მუშაობით გადატვირთული, მაინც გამონახავდა დროს – დახმარება გაეწია ახალგაზრდა კოლეგებისათვის; წაეკითხა მათი მოხსენებებისა თუ სტატიის ტექსტი; მიეცა საჭირო რჩევა-დარიგებანი… იყო მრავალი სადისერტაციო და სამეცნიერო ნაშრომის ოპონენტი.

დიდი პატივისცემით, მოკრძალებითა და  სიყვარულით  ვიხსენებ ბატონ გურამს. ჩემი კოლეგიალური ურთიერთობა ბატონ გურამ ლორთქიფანიძესთან 1915 წელს დაიწყო, თუმცა მანამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე  ვიყავი მისი ასპირანტი. ნამდვილად ბედმა გამიღიმა, როდესაც მისი სიცოცხლის  ბოლო 4 წელიწადი  გავატარე მის გვერდით პროფესორის სტატუსით. ის ოთხი წელი საუკეთესო წლები იყო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი მუშაობის განმავლობაში.

ბატონმა გურამ ლორთქიფანიძემ  ისე იღვაწა, რომ კარგი კაცის სახელით იცხოვრა ამ სამყაროში. ასე სამაგალითოდ განვლო თავისი ცხოვრების გზა არაჩვეულებრივად კეთილმა, გულისხმიერმა და ფართო სამეცნიერო ინტერესების მქონე ადამიანმა, ასეთად მოიგონებს მას ყველა, ვინც კი იცნობდა ან ოდესმე შეხვედრია მას.

                                                                                                                        ელენე გეგეშიძე

                                                                     კულტუროლოგიის აკადემიური დოქტორი

Facebook
Twitter
LinkedIn