გრიც ხალიმონენკო –  კაცი, რომელიც დაკარგა ქართულმა ლიტერატურამ

თარიღი: 2023-11-21 14:34:54

2023 წლის 7 ნოემბერს ქართულ კულტურას ერთი დიდი მოამაგე – გრიგორი (გრიც)  ხალიმონენკო გამოაკლდა. საყოველთაოდ აღიარებულია უცხოელი ქართველოლოგების მნიშვნელობა ქართული კულტურის მსოფლიო კულტურულ მონაპოვართან ადაპტირების თვალსაზრისით. თანამედროვე ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში უკვე წლებია დომინირებს მოსაზრება, რომ მიმდინარე გლობალიზებულ პოლიკულტურულ სივრცეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართველოლოგიურ კვლევებს ეროვნული თვითმყოფადობის, ქართული იდენტობის წარმოჩენისა და შენარჩუნების საკითხში. 

ისტორია აჩვენებს, რომ ქართული ლიტერატურით სხვადასხვა დროს ინტერესდებოდნენ უკრაინაში მეცნიერული აზრის შემქმნელები და კორიფეები – ივან ფრანკო, მიხაილო დრაგომანოვი, ცნობილია საკულტო მეცნიერის – მიხაილო გრუშევსკის  ბიოგრაფიის ქართული ნაწილი, ასევე, მსოფლიო მასშტაბის ორიენტალისტის, პოლიგლოტ  აგათანგელ კრიმსკის უნიკალური ნაშრომები საქართველოს ისტორიის, ძველი ქართული მწერლობის კვლევაში და სხვ. ერთი რამ ცხადია, ქართველოლოგია უკრაინაში სინქრონულად ირეკლავს მეცნიერული აზრის განვითარების ისტორიას, მისი წინააღმდეგობებით აღსავსე გზას, პოლიტიკის, ისტორიული პროცესების გამჭოლ გავლენებს სამეცნიერო დისკურსის კონსტრუირებაზე და სხვ.  სწორედ ასეთ მრავალწახნაგოვან  და მდიდარ სამეცნიერო ტრადიციებზე აღიზარდა და თავადაც  სრულიად უნიკალური ქართველოლოგიური კვლევების ტრადიცია დატოვა დიდმა მეცნიერმა, აღმოსავლეთმცოდნემ,  ქართველოლოგმა –  გრიგორი (გრიც) ხალიმონენკომ.

ქართველოლოგად ჩამოყალიბებამდე მეტად საინტერესო გზა გაიარა მეცნიერმა. ეს გზა თბილისის უნივერსიტეტის კედლებიდან იწყება.  ცნობილი ფაქტია, რომ 1960-იან წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ევგენი ხარაძის, პროფესორების – ოთარ ბაქანიძის, ვარლამ თოფურიას, ოთარ ურიდიას ინიციატივით განხორციელდა კიევისა და თბილისის უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა გაცვლა, უკრაინიდან ქართული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად გამოგზავნეს სტუდენტები – ნეონილა ბილიჩენკო და გრიგორი ხალიმონენკო.  მომავალში თავის დიდ მასწავლებლად მიიჩნევდა ორ დიდ ქართველ მეცნიერს –ვარლამ თოფურიასა და აკადემიკოს სერგი ჯიქიას (ვარლამ თოფურია თავისი ქართული ენის მასწავლებელი იყო, ვისგანაც სრულყოფილად შეისწავლა ქართული ენა და კულტურა). მადლიერმა შეგირდმა ორივე პედაგოგის ნათელ ხსოვნას ფუნდამენტური ნაშრომები მიუძღვნა (სერგი ჯიქიას  ხსოვნას „თურქული ლიტერატურის ისტორია“, ვარლამ თოფურიას ხსოვნას  „ქართული ლიტერატურის ისტორია“).

2020 წელს კიევში გამოცემული, დიდი სიყვარულითა და რუდუნებით დაწერილი (700-ზე მეტ გვერდიანი) მონოგრაფიის   („ქართული ლიტერატურის ისტორია“)  წინასიტყვაობაში ავტორი  იგონებს ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობის ისტორიის საუკუნოვან ტრადიციებს, რითაც შთაგონებული წერს: „…ეს ყველაფერი ათწლეულების მანძილზე შთააგონებდა წინამდებარე ნაშრომის ავტორს ბოლოსდაბოლოს დაემთავრებინა ეს ნაშრომი. მე ხომ მას ვწერდი ქართველი ერის დედაქალაქში სწავლის დროს გატარებული ბედნიერი წლებისადმი სიყვარულითა და მადლიერებით. და კიდევ: მადლიერებისა და სიყვარულის გარდა საკუთარ მოვალეობად ვთვლიდი გამომეხატა აღტაცება ერთ-ერთი უძველესი ლიტერატურით, რომელიც მსოფლიო კულტურის საგანძურში შეიტანა არც თუ ისე მრავალრიცხოვანმა ქართველმა ერმა. ამასაც ვიტყოდი: ურაინული ლიტერატურის სრულად შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ ქართული მწერლობის შეცნობასთან ერთად“. ეს ფრაზა ერთ-ერთი ალუზიაა თავისი დიდი, ლეგენდარული წინამორბედის, აგათანგელ კრიმსკის მოსაზრებისა, რომელიც მიიჩნევდა, რომ აღმოსავლური ენების,  კულტურის,  ისტორიის  შესწავლის გარეშე შეუძლებელი იყო მშობლიური უკრაინულის გაგება. 

როგორც უკვე  აღვნიშნეთ,  დიდი უკრაინელი მეცნიერი და მთარგმნელი გრიც ხალიმონენკო თავისი ცხოვრების უმთავრეს მასწავლებლებად ცნობილ ქართველ მეცნიერებს – ვარლამ თოფურიასა და სერგი ჯიქიას მიიჩნევდა. სერგი ჯიქიას ქალიშვილის, პროფესორ მარიკა ჯიქიას არქივში ინახება უკრაინელი მეცნიერის მოგონების ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ხელნაწერი „ორმა ქართველმა ცხოვრების გზა მიჩვენა“, რომელშიც იხსენებს თავისი მასწავლებლების ღვაწლს მეცნიერებასა და ცხოვრების გზის გაკაფვაში. ცნობილია, რომ უკრაინაში აღმოსავლეთმცოდნეობას საკმაოდ მძიმე ისტორია ჰქონდა საბჭოთა ტოტალიტარიზმის პირობებში, როგორც აღნიშნავდა გ. ხალიმონენკო ის „ნანგრევებში იმყოფებოდა“…. უკრაინის დამოუკიდებლობის  მოიპოვებისთანავე  ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში, გრიც ხალიმონენკო გახდა აღმოსავლეთმდნეობის ფაკულტეტის პირველი დეკანი. აღნიშნულ მოგონებათა ხელნაწერში ხალიმონენკო წერს, რომ „პირველი, რაც მე გავაკეთე, შევჩენკოს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის გახსნა იყო“.  როგორც ჩანს ეს იმ პერიოდისათვის უპრეცედენტო მოვლენა ყოფილა. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაიხსნა სანკტ-პეტერბურგში და სხვა უნივერსიტეტებში მსგავსი ცენტრები. მისი ძალისხმევით ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების სტუდენტები თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში ჩამოვიდნენ სტაჟირებაზე და ამზადებდა სტუდენტებს პროფესიონალ ქართველოლოგებად ჩამოსაყალიბებლად….

გრიგორი ხალიმონენკოს ეკუთვნის ქართული ლიტერატურის შეუდარებელი თარგმანები უკრაინულ ენაზე, ძნელია მის მიერ თარგმნილ ქართველ ავტორთა ჩამოთვლა, თვით „ვეფხისტყაოსანიც“ კი  უთარგმნია  უკრაინულად  (პროზაული თარგმანი). უდავოდ აღსანიშნავია  ერთი გარემოებაც:  გ.  ხალიმონენკოს მსგავსად,  თითქმის სრულყოფილად, არც ერთმა უკრაინელმა და მეცნიერმა და მთარგმნელმა არ იცოდა ქართული ენა და კულტურა, მისი შეუდარებელი ნაშრომი „ქართული ლიტერატურის ისტორია“ თითქმის უპრეცედენტოდ შეფასდა საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიაში.  ასე მასშტაბურად, ამომწურავად, მეცნიერულად გამართულად ქართული მწერლობა არასდროს არც ერთ უცხოელ მეცნიერს არ განუხილავს. არა მხოლოდ დიდია, არამედ გამორჩეულად დიდია გრიც ხალიმონენკოს დამსახურება როგორც ქართული ლიტერატურის, ისე მთლიანად საქართველოს წინაშე. მისი გარდაცვალებით შეშფოთებული კოლეგა და მეგობარი, აკადემიკოსი რაულ ჩილაჩავა აღნიშნავდა, რომ გრიცკო ყველამ დავკარგეთო, დიახ, გრიც ხალიმონენკო ქართულმა ლიტერატურამ დაკარგა, კოლეგებმა დავკარგეთ, ალბათ  მთელმა საქართველომაც დაკარგა დიდი მოამაგე!  მარადიული ხსოვნა მის სულს!

პროფესორ ოთარ ბაქანიძის სახელობის უკრაინისტიკის ცენტრი

Facebook
Twitter
LinkedIn