საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები შუა საუკუნეების ადამიანის ყოველდღიურობა

თარიღი: 2023-12-02 14:13:05

საჯარო ლექცია თსუ -ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 28 ნოემბერს სომხეთის მეცნიერების აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა (NAS RA) და ერევნის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ლექტორმა გორ მარქარიანმა წაიკითხა სიმბოლური ლექცია სათაურით: ,,საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები შუა საუკუნეების ადამიანის ყოველდღიურობა”. ლექციას ესწრებოდნენ სომეხი მეცნიერები ერევნის უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები.

სომხეთიდან ჩამოსულ კოლეგას ოფიციალურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი მასპინძლობდა. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას მოდერატორობა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი ჭეიშვილმა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა ლიანა მარქარიანმა გაუწიეს.

მეცნიერმა დამსწრეებს გაუზიარა მსგავსებები და განსხვავებები შუასაუკუნეების სომეხი და ქართველი კაცის ცხოვრებაში. აღნიშნულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ ორი ერის საუკუნოვანი მიჯაჭვულობა და სიახლოვე. ახალგაზრდა მსმენელებისთვის საინტერესო აღმოჩნდა სომხეთსა და საქართველოში შუასაუკუნეებში მოგზაური მეცნიერების კომენტარები და ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც საქართველოში, კონკრეტულ პერიოდში, სომხეთთან შედარებით, ქალები უფრო თავისუფლები იყვნენ.

„ჩემთვის ეს ლექცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც მეცნიერისთვის. თუმცა, მეტად ნიშანდობლივია ის, რომ ამით სომხეთის მოძმე ერთან, ანუ საქართველოსთან ჩვენი საუკუნოვანი კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.  მნიშვნელოვანი გეგმები ჯერ  წინაა, რადგან ჩვენი სამეცნიერო თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს.

ვფიქრობ, საქართველოს შესახებ არსებული კვლევები გავუზიაროთ ქართველებს და ერთად ვიმსჯელოთ კვლევების სანდოობის კოეფიციენტის დადგენაზე და, რატომაც არა, აღმოვაჩინოთ და გავასწოროთ ხარვეზები. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე საუკეთესო ქართველი და სომეხი მკვლევრები მუშაობენ, აუცილებელია, მეცნიერებმა სხვა პერსპექტივიდანაც შეაფასონ ისტორიული პერიპეტიები. მიხარია, რომ მე  შემიძლია დღეს ქართველ კოლეგებს გავუზიარო ჩემი კვლევები. ეს არის საშუალება, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ კვლევის მეთოდოლოგია, რაც ორივე მხარეს და, განსაკუთრებით, სტუდენტებს წაადგებათ.

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის რექტორს, აკადემიკოს  ჯაბა სამუშიას, რომელმაც, ჩემი სურვილის გაგებისთანავე, შესაბამის ადამიანებთან დამაკავშირა და ხელი შეუწყო ამ ღონისძიების განხორციელებას. მადლობას ვუხდი ყველა იმ ქართველ კოლეგას, ვინც ესწრებოდა ჩემთვის ამ მნიშვნელოვან შეხვედრას, განსაკუთრებით ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს გიორგი ჭეიშვილს, პროფესორ მარიამ ჩხარტიშვილს, გიორგი სანიკიძეს, ნიკო ჯავახიშვილს და სხვებს. მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლეს დონეზე იყო შეხვედრა ორგანიზებული და ჩვენ უკვე ვგეგმავთ მომავალ შეხვედრებს და სხვა ფორმატის კოლაბორაციას, რისთვისაც მადლობას ვუხდი ქალბატონ ლიანა მარქარიანს“, – ამბობს გორ მარქარიანი.

დასასრულ, მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანი და აუცილებელია ქართულ-სომხური სამეცნიერო დიალოგისთვის, შრომების გაზიარებისა და საუკუნოვანი კავშირების გაგრძელებისთვის. მეცნიერებმა დასახეს  სამომავლო გეგმები მეტი კოლაბორაციისთვის.

Facebook
Twitter
LinkedIn