რა ნაშრომზე მუშაობს დოქტორანტი გიორგი ჯღარკავა

თარიღი: 2024-04-02 17:53:14

თსუ-ს ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების დოქტორანტი გიორგი ჯღარკავა უახლოეს მომავალში დაასრულებს დისერტაციაზე მუშაობას, რომელიც მიზნად ისახავს ქართველურ ენათა ანდაზების სტრუქტურულ-სემანტიკურ ანალიზს.

დოქტორანტურის გრანტის ფარგლებში გიორგი ჯღარკავას რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დაუფინანსა ინდივიდუალური პროექტი (შიფრი: PHDF-21-125), რომლის ფარგლებში გასულ წელს გამოიცა წიგნი – „ქართველურ ენათა ანდაზების ლინგვისტური კვლევის საკითხები“. რამდენიმე თვის წინ აღნიშნულმა ნაშრომმა წინანდლის პრემია დაიმსახურა.

დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომი მზადდება თსუ-ს ქართული ენის ინსტიტუტში, ასოცირებული პროფესორების – მ. ლომიასა და ქ. მარგიანის ხელმძღვანელობით.

,,ჩემს პიროვნებად და ახალგაზრდა მეცნიერად ჩამოყალიბებაში დიდია ჩემი პროფესორ-მასწავლებლების წვლილი. მინდა ამ შემთხვევითაც ვისარგებლო და განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელებისა და მთლიანად ქართული ენის ინსტიტუტის (ხელ-ლი, პროფ. რ. ქურდაძე) მიმართ“,  – აღნიშნავს გიორგი ჯღარკავა.

გარდა იმისა, რომ გიორგი აქტიურადაა ჩართული  ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა თუ ფორუმებში, იგი მონაწილეობას იღებს, აგრეთვე, კვლევით გრანტებსა და პროექტებში, სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციებში.

,,დიდი ინტერესით ვმუშაობ სეზონურ სკოლებში დიგიტალური ჰუმანიტარიის აქტუალურ საკითხებზე; ბოლო რამდენიმე წელია, დოქტორანტურაში სწავლის პარალელურად, ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში ვარ მოწვეული ლექტორი. თითოეული მიმართულება ჩემთვის საინტერესო და, ამავდროულად, ბევრის მომცემია. ამჟამად ახალგაზრდა მეცნიერის სტატუსით ჩართული ვარ რუსთაველის ფონდის დაფინანსებულ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციული სტრუქტურისა და ქართველურ ენათა ჰიპოტაქსური მოდელების ფუნდამენტურ კვლევას (შიფრი: FR-21-352). ახლახან დავასრულეთ მუშაობა რუსთაველის ფონდის დაფინანსებულ კიდევ ერთ პროექტზე, რომლის სახელწოდებაა „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზური თარგმანების ციფრული კორპუსი“ (შიფრი: SL-22-556); შეიქმნა აფხაზური ენის ტექნოლოგიზაციის პროცესისთვის ძალიან საინტერესო და პრაქტიკული თვალსაზრისით ღირებული რესურსი − მონაცემთა ბაზა, რომელიც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით შემდგომი კვლევების გასაღრმავებლად.

ჩემს პროფესიულ ზრდაში გამორჩეული ადგილი უჭირავს დიგიტალურ ჰუმანიტარიას. მოგეხსენებათ, ქართულ-გერ­მანული ინსტიტუციების (თსუ, ბსუ, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი) მხარდაჭერით,  ქართ­ველი და გერმანელი კოლეგების (პროფ. ი. გიპერტი, პროფ. დ. თვალთვაძე, პროფ. მ. თანდაშვილი, პროფ. რ. ხალვაში) თანამშრომლობით ჩატარებული საზაფხულო და ზამთრის სკოლები დღემდე იძლევა კვლევის თანამედროვე მეთოდების დაუფლებისა და გამოყენების საშუალებას ქართველოლოგიასა და კავკასიოლოგიაში. გულწრფელად მიხარია, რომ მეც ვარ სეზონური სკოლების მსმენელთა პირველი თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი; მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისერტაციაზე მუშაობას, აქამდე დაგროვებულ თეორიულ ცოდნასთან ერთად, ემპირიული მასალის დამუშავების ტექნოლოგიური რესურსებიც მიადვილებს“, – ამბობს გიორგი ჯღარკავა, რომლის ბიოგრაფიაშიც გამორჩეულ და საპატიო ადგილს იკავებს სხვადასხვა დროს მიღებული ჯილდოებიც: ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში გამარჯვება (2015 წ.), ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია (2016-2017 წ.წ.), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი (2019 წ.).

Facebook
Twitter
LinkedIn