გიორგი გოგიშვილს ისტორიის კლუბის დაარსება სურს

თარიღი: 2023-07-06 14:21:01

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის სტუდენტთა I ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც 23-24 ივნისს გაიმართა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების II კურსის სტუდენტმა გიორგი გოგიშვილმაძმასთან, ილიაუნის ისტორიის მიმართულების I კურსის სტუდენტ  ერეკლე გოგიშვილთან ერთად, წარადგინა თემა: „ნიკო ნიკოლაძის როლი ქართული მანგანუმის მრეწველობის განვითარებაში“. ნაშრომის ხელმძღვანელი იყო ისტორიის დოქტორი შოთა მათითაშვილი.

როგორც გიორგი ამბობს,  კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მასზე წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მხოლოდ ისტორიას ეხებოდა და შეეძლო  მსმენელისთვის გაეცნო საკითხი, რომელიც მას, როგორც მკვლევარს, აინტერესებდა.  გიორგის აზრით, ქართული მანგანუმის მრეწველობის განვითარების ისტორიის შესწავლა დღესაც აქტუალურია, თუმცა მისი ინტერესის საგანი ამ ეტაპზე ქართული მანგანუმის ისტორიის ერთი კონკრეტული და, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი წარმოადგენდა.

მომხსენებლები თემის დამუშავების პროცესში გაეცნენ ვლადიმერ ჭანიშვილის ფუნდამენტურ ნაშრომს „ქართული მანგანუმის მადნის მრეწველობის განვითარება საქართველოში“. ამას გარდა,  შეისწავლეს XIX-XX საუკუნეების ქართული პერიოდიკა და ნაშრომში შეეცადნენ პასუხი გაეცათ კითხვებზე: რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ქართული მანგანუმის მადნის პირველობას მსოფლიოში? ვინ შეიტანა ამ საქმეში დიდი წვლილი? რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჭიათურა-შორაპნის რკინიგზის გაყვანა?

„მოხსენებაში მიმოვიხილეთ და დავასკვენით, რომ ქართული მანგანუმის მადნის მრეწველობის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, თუმცა არ შეიძლება არ ვახსენოთ გიორგი წერეთელიც. რკინიგზის გაყვანა იყო ის მთავარი ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო მრეწველობის განვითარებას. რომ არა რკინიგზა, ასეთი კოლოსალური ოდენობით მანგანუმის მადნის მაღაროებიდან ქალაქამდე გადატანა შეფერხდებოდა და ეს დიდად შეაფერხებდა ექსპორტსაც“, – ამბობს ჩვენთან საუბარში გიორგი გოგიშვილი.

ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • როცა ისტორიულზე ვაბარებდი, ალბათ, ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ისტორია მიყვარდა. ახლა, როცა უკვე მეორე კურსს ვხურავ, ვხვდები, რომ სამეცნიერო საქმიანობა არის ის, რისი კეთებაც მსიამოვნებს და მსურს – ჩემი მომავალი ამ სფეროს დავუკავშირო.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
  • ვფიქრობ, უნივერსიტეტი ერთგვარ ტრამპლინს წარმოადგენს სტუდენტისთვის, რათა თავისი მომავალი განსაზღვროს. იმ მეცნიერებას, რომელსაც მე ვსწავლობ, თსუ-ში დიდი ისტორია აქვს, შესაბამისად, სწორ ადგილას ვარ.
  • ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?
  • გამოყოფა მიჭირს. ყველა ლექტორს აქვს თავისი ღირსება. თუმცა აუცილებლად ვახსენებ ალექსანდრე ბოშიშვილსა და შოთა მათითაშვილის იმის გამო, რომ ამ სემესტრის განმავლობაში რამდენჯერმე გამიწიეს ხელმძღვანელობა სხვადასხვა სტატიასა თუ მოხსენებაზე მუშაობისას.
  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
  • ვფიქრობ, უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს სტუდენტური სამეცნიერო აქტივობები. მართალია, ტარდება კონფერენციები, მაგრამ მეტი მრავალფეროვნებაა საჭირო. ვისურვებდი, უფრო მეტი სამეცნიერო თუ სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი არსებობდეს. ამ მხრივ, გამოვარჩევდი ჟურნალს – „სტუდენტური საისტორიო ძიებანი“.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • კარგი იქნება, თუ სტუდენტური ცხოვრებისთვის განკუთვნილი ფინანსები მოხმარდება სტუდენტური კლუბების შექმნას. დროა, ერთ ორგანოს (ვგულისხმობ სტუდენტურ თვითმმართველობას) არ ჰქონდეს ამ მხრივ მონოპოლია. მსურს ისტორიის კლუბის დაარსება.
Facebook
Twitter
LinkedIn