გიორგი ასლამაზიშვილი: ბევრი რამ არის შესაცვლელი და დასახვეწი, მათ შორის, მიდგომები

თარიღი: 2023-11-22 15:21:35

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი გიორგი ასლამაზიშვილი ,,Erasmus +“ – ის გაცვლითი პროგრამით  გერმანიაში, მიუნხენში მაქსიმილიან ლუდვიგის უნივერსიტეტში (LMUmunich)  მთელი საზაფხულო დამატებითი სემესტრის განმავლობაში 3 თვის ვადით იმყოფებოდა.

,,ევროპაში სწავლა არის უდიდესი შესაძლებლობა – განავითარო საკუთარი თავი უკეთესობისკენ. ჩემი პროგრამაში მონაწილეობის მიზანი იყო ევროპული გამოცდილების გაზიარება. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის სამართალი გერმანული სამართლის რეცეფციის შედეგია, შესაბამისად, მსურდა შემესწავლა გერმანიაში მოქმედი კანონმდებლობა, პრეცედენტული სამართალი, მიდგომები და ქცევის წესის პრაქტიკაში განხორციელება.

პირველადი შთაბეჭდილება იყო მიმღები უნივერსიტეტის მიდგომები სწავლისადმი, უნივერსიტეტის რესურსი და ტექნიკური აღჭურვილობა, რაც სწავლის პროცესს მაქსიმალურად კომფორტულსა და საინტერესოს ხდიდა. ლუდვიგის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი კი დაკომპლექტებული იყო პრაქტიკოსი პროფესორებით, რომლებიც მთელი სემესტრის განმავლობაში გვიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებებს.

გარდა ამისა, მომეცა შესაძლებლობა ჩავრთულიყავი სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში. შესაბამისად, დავწერე სტატია თსუ-ს მოწვეული ლექტორის ნათია გველესიანის ხელმძღვანელობით ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემატიკაზე, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის ტომას აკერმანის რეკომენდაციით დაიბეჭდება მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის ყოველწლიურ რეფერირებად ჟურნალში“, – აღნიშნავს გიორგი ასლამაზიშვილი.

ჩვენს შეკითხვაზე – რით განსხვავდება საზღვარგარეთ სწავლება თსუ-ში სწავლებისგან? – გიორგი გვპასუხობს: ,,გერმანიაში სწავლისას დავრწმუნდი, თუ რას მოიცავს სტუდენტზე ადაპტირებული გარემო. მთავარი განსხვავება ,,თსუ“-სა და მიუნხენის უნივერსიტეტს შორის მიდგომებია. საზღვარგარეთ სწავლება გაძლევს შესაძლებლობას – შეგიქმნას სივრცე, რომელიც მოგცემს სწავლის მოტივაციას. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი გაძლევს შესაძლებლობას – მიიღო გამოცდილება და ცოდნა უძლიერესი იურისტებისგან, პროფესორებისგან, მაგრამ რესურსის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ბევრი რამ არის შესაცვლელი და დასახვეწი, მათ შორის, მიდგომები. აუცილებელია საუნივერსიტეტო ინტერიერის სტუდენტზე ადაპტირება, ელექტრონული პროგრამების ხელმისაწვდომობა და ტექნიკური რესურსების არსებობა“.

გიორგი ასლამაზიშვილმა თსუ პროფესიის გამო აირჩია, რადგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ იურიდიული მიმართულება ყველაზე კარგად თსუ-ში ისწავლება. ,,სწორედ უნივერსიტეტის ისტორია და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი ქმნის უნივერსიტეტს ღირებულს. უნივერსიტეტმა მომცა მეგობრები, შესაძლებლობა  – ვიყო რეალიზებული ჩემს საქმეში, მაზიარა იმ პროფესორების გამოცდილებებს, რომლებიც დღეს პრაქტიკულ საქმიანობას წამყვან თანამდებობებზე ეწევიან. მე ჩემი თავი ამ პროფესიაში ვიპოვე, რადგან იურისტობა ნიშნავს გქონდეს კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარი – შენ წერ უფრო მეტს, ვიდრე მწერალი; სვამ უფრო მეტ კითხვას, ვიდრე ცნობისმოყვარე ჟურნალისტი; ისმენ უფრო მეტს, ვიდრე ფსიქოლოგი; საუბრობ უფრო მეტს, ვიდრე ორატორი; ამტკიცებ უფრო მეტს, ვიდრე მეცნიერი და კითხულობ უფრო მეტს, ვიდრე რედაქტორი“, – ამბობს გიორგი.

რა პრობლემას გამოკვეთს, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება? – ამ კითხვაზე გიორგი ასლამაზიშვილი გვპასუხობს, რომ უნივერსიტეტის უმთავრესი პრობლემა სტუდენტური ცხოვრების ხელშეწყობაა, რომელშიც მოიაზრება როგორც საერთო საცხოვრებელი, ასევე, ტექნიკური რესურსები. ,,გარდა ამისა, პრობლემაა მოძველებული ლიტერატურა, რომელიც, საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, უკვე გამოუსადეგარია“, – აღნიშნავს გიორგი.

გიორგი ამჟამად დასაქმებულია იურიდიულ კომპანიაში – ,,ამაღლობელი ჰოლდინგი’’ (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით) მთავარი იურისტის პოზიციაზე. მის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს –  იყოს კვალიფიციური და კეთილსინდისიერი თავის საქმიანობაში.

Facebook
Twitter
LinkedIn