საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და ინტეგრაციის საკითხებზე პროფესორ ნორბერტ ბერნსდორფის საჯარო ლექციათა ციკლი დაიწყო

თარიღი: 2023-10-10 16:59:54

საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და ინტეგრაციის საკითხებზე თსუ-ში გერმანელი პროფესორის ნორბერტ ბერნსდორფის საჯარო ლექციათა ციკლი მიმდინარეობს. პროფესორი ბერნსდორფი გერმანიის იუსტიციის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის წევრი იყო, რომელიც 2004 წელს ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების მომზადებაში იღებდა მონაწილეობას. ამავე დროს, ნორბერტ ბერნსდორფი მარბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანიის ფედერალური სოციალური საქმეების სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და ევროპული კავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის კომენტატორია.

ლექციის ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებისა და ინტეგრაციის საკითხები სამართლებრივი და მეცნიერული პერსპექტივიდან განიხილება. მომხსენებელი განმარტავს, თუ რა არის ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნების შესრულების ძირითადი მიზანი და როგორ შეიძლება მათი დაკმაყოფილება როგორც ევროკავშირის, ასევე, გერმანიის გადმოსახედიდან.

„ლექციის თემა აქტუალურია როგორც, ზოგადად, ქართული საზოგადოებისთვის, უშუალოდ კი სტუდენტებისთვის. მნიშვნელოვანია, იცოდნენ  – თუ როგორ ფუნქციონირებს ევროკავშირი, რა პროცესები მიმდინარეობდა წარსულში ახალი წევრების მისაღებად, როგორ სრულდებოდა წევრობისთვის აუცილებელი წინაპირობები და რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო. ირიბად შევეხები უკრაინისა და მოლდოვას საკითხებსაც. ჩემი მიზანია აუდიტორიას მივაწოდო ინფორმაცია და არა უკვე გამოტანილი დასკვნები, რაც უკვე მათი პრეროგატივაა“, – განმარტა პროფესორმა ბერნსდორფმა.

ნორბერტ ბერნსდორფის საჯარო ლექციათა ციკლი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინიციატივით ტარდება.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო-კვლევითი დაწესებულებაა, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მნიშვნელოვანი მისიაც აკისრია. სწორედ ამ მიზნით ტარდება აღნიშნული საჯარო ლექციათა ციკლი იმ საკითხებზე, რაც ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის პრიორიტეტულია. პროფესორი ბერნსდორფის ექსპერტიზა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მაღალკვალიფიციურია. დარწმუნებული ვარ, მისი მოსმენა ჩვენი სტუდენტებისთვის ნაყოფიერი იქნება“, – აღნიშნა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.

„ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შეფასება იმ ექსპერტისგან მოისმინონ, რომელიც მოვლენებს „გვერდიდან“ აკვირდება. ასევე, გაიგონ, რა შიდაპოლიტიკური ვითარებაა ევროკავშირში და საქართველოს მხრიდან რა სახის ქმედებებია საჭირო, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით წარმატებას მიაღწიოს“, – აღნიშნა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა ყალიჩავამ. 

პროფესორი ბერნსდორფის პირველი საჯარო ლექცია 9 ოქტომბერს გაიმართა, მომდევნო შეხვედრები სტუდენტებთან 11 და 13 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

Facebook
Twitter
LinkedIn