გარემოს დაცვის სამართალში პირველი ქართული სახელმძღვანელო გამოიცა

თარიღი: 2023-11-20 16:02:03

 „გარემოს დაცვის სამართალი“ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ პაატა ტურავასა და ასოცირებული პროფესორის კობა ყალიჩავას ავტორობით გამოიცა. სახელმძღვანელოს სამიზნე აუდიტორია, სტუდენტების გარდა, გარემოს დაცვის სფეროში დასაქმებულ პირებს, ექსპერტებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს მოიცავს. ავტორების განმარტებით, ახალი გამოცემა ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ახალი ქართული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის რეალიზაციისთვის აუცილებელი თანამედროვე იურიდიული დოგმატიკის ჩამოყალიბებას.

„გარემოს დაცვის სამართალი არის თანამედროვე დემოკრატიული, სამართლებრივი და ეკოლოგიური სახელმწიფოს პასუხი ჩვენი ეპოქის მნიშვნელოვან ეკოლოგიურ გამოწვევებზე. სამართლის ამ დარგს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს გარემოს ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით დაცვის საქმეში. ახალი გამოცემა არის 2018 წელს გამოქვეყნებული ჩემი ნაშრომის – გარემოს დაცვის სამართლის – შემდეგ პირველი სრულყოფილი გამოცემა, რომელსაც აქვს სახელმძღვანელოს სახე. წინა ნაშრომი უფრო მონოგრაფიული ხასიათის იყო და შედარებით-სამართლებრივ მეთოდს ემყარებოდა. წინამდებარე ნაშრომი კი უმეტესად სასწავლო მიზნებისთვის არის გათვლილი“, – განაცხადა თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა კობა ყალიჩავამ.

„წიგნი არის აქტუალური გამოცემა, სადაც გათვალისწინებულია უახლესი ეროვნული კანონმდებლობა, საერთაშორისო რეგულაციები, ასოცირების შეთანხმების მოთხოვნები და სამეცნიერო ლიტერატურა.  განხილულია გარემოს დაცვის ზოგადი ნაწილის საკითხები და გარემოს დაცვის ცალკეული ძირითადი საკითხები, როგორიცაა ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის ძირითადი საკითხები, საქართველოს ტყის დაცვის ახალი კანონმდებლობის სტანდარტები, წყლისა და ჰაერის დაცვის მოთხოვნები და ა.შ. სახელმძღვანელოზე მუშაობისას შესწავლილი იქნა უახლოესი სამეცნიერო ლიტერატურა, ევროპის ქვეყნების პრაქტიკა და საქართველოს კანონმდებლობის აქტუალური მდგომარეობა“, – აღნიშნა  პროფესორმა პაატა ტურავამ.

სახელმძღვანელო 12 თემატური თავისგან შედგება: გარემოს დაცვის სამართლის ცნება, გარემოს დაცვის სამართლის   პრინციპები, გარემოს დაცვის სამართლის ინსტრუმენტები, გარემოს დაცვის კონსტიტუციური სამართალი, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, გარემოსათვის მიყენებული ზიანის რეგულირება, გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საზოგადოების მონაწილეობა და უფლების დაცვა სასამართლო წესით, ტყის სამართლებრივი მოწესრიგება, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის სამართალი, წყლის რესურსების დაცვა,  ატმოსფერული ჰაერის დაცვა და ნარჩენების მართვის სამართალი.

გარემოს დაცვის სამართლის სახელმძღვანელო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა. პირველმა ტირაჟმა 100 ეგზემპლარი შეადგინა.  წიგნი უკვე ხელმისაწვდომია თსუ-ს წიგნის მაღაზიასა და ბიბლიოთეკაში.

Facebook
Twitter
LinkedIn