ადამიანური და ხელოვნური ინტელექტის ურთიერთმიმართება, განსხვავებები და  უპირატესობები

თარიღი: 2023-11-06 15:43:36

რა სირთულისა და სახის მათემატიკური ამოცანების ამოხსნა შეუძლია ადამიანს? სად გადის  ზღვარი ადამიანურ ინტელექტსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის? რა უპირატესობები გააჩნია თითოეულს და რა საერთო აქვთ მათ? რაშია ემოციური ქმედების უპირატესობა? რა მოცულობით შეუძლია ან შეძლებს ხელოვნური ინტელექტი ადამიანური კაპიტალის ჩანაცვლებას? – კითხვებისა და ამ კითხვებზე განსხვავებული პასუხების რაოდენობა ზუსტი მეცნიერების განვითარებასთან, ტექნოლოგიურ  პროგრესთან ერთად იზრდება, დისკუსიები არ წყდება. თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი ალექსანდრე გამყრელიძე, სხვადასხვა სირთულის ამოცანების ამოხსნის თვალსაზრისით, ხელოვნური და ადამიანური ინტელექტის შესაძლებლობებსა და  მათ ურთიერთდამოკიდებულებას მათემატიკურ თეორემებზე დაყრდნობით, ფილოსფიური და ფსიქოლოგიური კონტექსტით აანალიზებს.

ისტორიული რაკურსი

ალექსანდრე გამყრელიძე: „არსებობს ე.წ. სირთულის თეორია, რომელიც სწავლობს, თუ რამდენად რთულია ამოცანის გადაჭრა ან საერთოდ შესაძლებელია თუ არა.  უკვე დამტკიცებულია, რომ ბევრი სახის ამოცანის გადაჭრა შეუძლებელია აზროვნების იმ რესურსის გამოყენებით, რაც ადამიანს ევოლუციის შედეგად ჩამოუყალიბდა. მათემატიკა მეცნიერების ენაა. ჩვენ ნებისმიერი სახის ამოცანა გადაგვყავს მათემატიკურ ენაზე – რიცხვებში, ვექტორებში და ა.შ., ვიღებთ შედეგს და აღნიშნულ შედეგს უკან „ვთარგმნით“. ამ მიდგომით ვღებულობთ, მაგალითად, ამინდის პროგნოზს, რომელსაც წინ ჰაერის ტენიანობის, ტემპერატურისა და ჰაერის მასების გადანცვლების გაზომვა უძღვის (სხვა მრავალ პარამეტრთან ერთად). იქმნება მათემატიკური მოდელები და ეს პროცესი ჩვენთვის იმდენად ბუნებრივი გახდა, რომ როდესაც ამბობენ – ,,მომდევნო დღეს იქნება 40 გრადუსი“, უკვე ვხვდებით, რომ მოსალოდნელია სიცხე. XIX საუკუნეში მიიჩნევდნენ, რომ მათემატიკურ ენაზე ამოცანის ფორმირების გზით ჩვენ ნებისმიერი სახის ამოცანის გადაჭრას შევძლებდით, თუმცა, XX საუკუნის 30-იან წლებში, მათემატიკურ სისტემებში რამდენიმე თავზარდამცემი შედეგი მიიღეს. ვგულისხმობ გიოდელის თეორემებს, რომელიც ამტკიცებს, რომ  არსებობს მათემატიკური გამონათქვამები, რომელსაც ვერც დავამტკიცებთ და ვერც უარვყოფთ, ანუ მათემატიკა ამ შემთხვევაში არასრულია. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო პირველი შოკი, რომელსაც არანაკლებ შოკისმომგვრელი გიოდელის მეორე თეორემა მოჰყვა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მათემატიკა შეიძლება წინააღმდეგობრივიც იყოს, ანუ ერთი და იგივე ამოცანის ორ სხვადასხვა ამონახსნში ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგების მიღება გამორიცხული არ არის. ეს ნიშნავს, რომ სისტემას არ შეუძლია დაამტკიცოს საკუთარ თავზე, რომ ის სრულყოფილია. ამ შემთხვევაში გარკვეული ანალოგიაა ადამიანის ფსიქოლოგიასთან, ადამიანს თავის თავზე ობიექტურად არაფრის თქმა არ შეუძლია, თუმცა გაცილებით თავისუფლად აანალიზებს სხვა ადამიანის ქცევასა თუ მდგომარეობას. თუმცა, თუ მათემატიკა ასეთი წინააღმდეგობრივია, ჩვენ გაცილებით მასშტაბური კატასტროფების შემსწრე გავხდებოდით, ვიდრე ამა თუ იმ სამშენებლო თუ ტექნოლოგიური კონტრუქციების შექმნისას გაპარული შეცდომების შედეგად ვაწყდებით და მათი ახსნაც გაგვიჭირდებოდა. ამ შემთხვევაში მათემატიკა ჰგავს პეტრე იბერის თეზისს ღმერთთან დაკავშირებით  – ადამიანის გონება იმდენად შეზღუდულია, რომ ის ვერ ჩასწვდება მის არსს, თუმცა მიახლოვებას უნდა ეცადოს.

ზღვარი ადამიანურ ინტელექტსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის

ალექსანდრე გამყრელიძე: „მათემატიკურ მეცნიერებებში საკითხი დგას ასე – ამოცანა ითვლება ამოხსნილად, თუ ზუსტი ან სიზუსტესთან მიახლოებული პასუხია მიღებული. სირთულის კლასიფიკაციის მიხედვით არსებობს ამოცანები, რომელთა ამოსახსნელად სწრაფი ალგორითმი ცნობილი არ არის და შეიძლება 1000 წელი ელოდო, მაინც ვერ მიიღო პასუხი. აქ შემოდის სიზუსტის ცნება, თუ რამდენად ზუსტი ამონახსნის მიღება გვსურს, ე.ი. რამდენად ასატანია შეცდომები ჩვენს გარშემო. ყოველდღიური ცხოვრება მცირე შეცდომებს იტანს, მაგრამ არსებობს არასტაბილური სისტემები, სადაც პატარა გადახრა შეიძლება კატასტროფული იყოს. არსებობს თეორემა, რომ არის საერთოდ გადაუჭრელი ამოცანებიც, რომელსაც ვერანაირი მათემატიკური მიდგომით ვერ გადაჭრი. მაგალითად, კომპიუტერზე გაშვებული პროგრამა არ ასრულებს დავალებას და ჩაიციკლა, საჭიროა მისი გამორთვა… თეორიულად დასაშვებია, რომ, იმ შემთხვევაში, თუ არ გავთიშავდით მას,  შესაძლოა, თავისით დაემთავრებინა, მაგრამ  ზუსტად ვერასდროს გავიგებთ. ამის კარგი ანალოგია ტომ სოიერის თავგადასავალში, სადაც ტომი თავის მეგობართან განძის ძიებას იწყებს, ხანგრძლივი თხრის შედეგად მეგობარი შეჩერებას ურჩევს, თუმცა ტომი უარზეა იმ მოტივით, რომ შემდეგ შესაძლოა სხვა მოვიდეს და მარტივად იპოვოს განძი. ამას მათემატიკაში შეჩერების ამოცანას ვუწოდებთ და დამტკიცებულია, რომ მისი ამოხსნის მეთოდი არ არსებობს.  ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი ამას ასე თუ ისე აგვარებს – პროგრამას გათიშავს, ანუ ამოცანის „გადაჭრის გზა“ არის ემოციური ქმედება.

ადამიანური ინტელექტისა და ხელოვნური ინტელექტის უპირატესობები

ალექსანდრე გამყრელიძე: „სწრაფი მოქმედების თვალსაზრისით, ხელოვნური ინტელექტის უპირატესობა აშკარაა, თუმცა გასათვალისწინებელია ე.წ. ადამიანური იმპროვიზაციის უპირატესობის ფაქტორი. გვაქვს გენეტიკური ალგორითმები, რომელიც წინასწარ ჩამოყალიბებული მეთოდია ამა თუ იმ ამოცანის გადასაჭრელად, სადაც იმპროვიზაციის ძალიან მცირე ალბათობაა ჩადებული, როდესაც სისტემა, მისი აზრით, ,,უარეს” გზას დაადგება. ეს იმით არის განპირობებული, რომ უკეთესი მეთოდი ცნობილი არ არის და მათემატიკური მოდელიც კი, ასე ვთქვათ, ,,ბედის ანაბარა” გზას ადგება უკეთესი შედეგის პოვნის იმედით. რასაკვირველია, ასეთი ,,გადახრა” იშვიათი უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტი დიდი ხანია ჩვენს ყოველდღიურობაში არსებობს: მაგალითად, გადახურებული ტექნიკა ითიშება თავისით, რაც ტექნიკის გაფუჭებას გამორიცხავს, მაგრამ თუ სისტემა წინასწარგანსაზღვრული გზიდან გადახრას არ უზრუნველყოფს, შესაძლოა, შევიდეს ჩიხში, რასაც ადამიანი ემოციური გადაწყვეტილებების ხარჯზე აგვარებს. ამასთანავე, ადამიანისთვის დავიწყება ბუნებრივი და აუცილებელი თვისებაა, ხელოვნური ინტელექტისთვის კი ეს მხოლოდ ტექნიკური შესაძლებლობებითაა შეზღუდული. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებაა და კარგი იქნება თუ ცუდი, ამას ჯერ-ჯერობით ვერ ვიტყვით. გარკვეულ შემთხვევაში ეს დიდი უპირატესობაა, გარკვეულში კი შეიძლება უკუშედეგიც კი ჰქონდეს.

აქვე დავამატებ, რომ ზემოთ აღნიშნულმა მათემატიკურმა თეორიებმა ძალიან შეცვალა ფილოსოფიური მიდგომაც. მხოლოდ პრაგმატული ქმედებით აუცილებლად შეხვალ ჩიხში, აქ ჩნდება ზუსტად მიღებულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ემოციური გადაწყვეტილების მნიშვნელობა.

რა მოცულობით შეუძლია ან შეძლებს ხელოვნური ინტელექტი ადამიანური კაპიტალის ჩანაცვლებას

ალექსანდრე გამყრელიძე: „მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ხელში სერიოზული, იმედია, რომ ასევე პოზიტიური იარაღია. მას ამ ეტაპზე მაინც არ გააჩნია ჩამნაცვლებლის პოტენციალი. ისტორიას რომ გადავხედოთ, ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა თავისი ფუნქცია, მაგალითად კომბაინების კონსტრუირების შედეგად მიწათმოქმედებაში მუშახელის რაოდენობამ იკლო. დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, თუ კი მას კარგად აუხსნი რა გსურს, დაგიწერს სტატიას ან კომპიუტერულ პროგრამას, ანუ შეასრულებს რუტინულ სამუშაოს, მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება შესაბამის ენაზე დავალების მითითება და, რაც მთავარია, შედეგის დამუშავება. ამავე დროს, ტექნოლოგიები განვითარებას განაგრძობს, მაგალითად, შიდა წვის ძრავებზე მომუშავე ავტომობილებს ნელ-ნელა ანაცვლებს ელექტრომანქანები, რაც, მაგალითად, გერმანიის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის, რადგანაც მისი ეკონომიკის 40% სწორედ შიდა წვის ძრავებიანი ავტომობილების წარმოებაზე და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე დგას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცვლილებები გარდაუვალია და საჭიროა წინდახედული პოლიტიკა, რაც გამოთავისუფლებული ადამიანური რესურსისა და ინტელექტის ახალი და სწორი მიმართულებით გამოყენებას უზრუნველყოფს.

Facebook
Twitter
LinkedIn