საუკეთესო 4 წელიწადი თსუ-ში – რას ამბობენ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები

თარიღი: 2023-06-20 17:36:48

16 ივნისს თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა ბაკალავრიატში სწავლის ბოლო დღე ღონისძიებით აღნიშნეს, სადაც მუსიკა და ახალგაზრდების ჟრიამული ისმოდა.  გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა გულწრფელად გაუმხილეს – თუ რა მისცა მათ უნივერსიტეტმა და სად აპირებენ მომავალში სწავლის გაგრძელებას.

თეკლა მესხიშვილი – ,,უნივერსიტეტმა, პირველ რიგში, საუკეთესო განათლება მომცა. მე ვსწავლობდი სხვა უნივერსიტეტში და აქ გადმოვედი. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ამ უნივერსიტეტს, რადგან, ცოდნის გარდა, საუკეთესო მეგობრები შემძინა. მაგისტრატურაშიც აქ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას – ოკუპაციური თერაპია მაინტერესებს და მალე იგეგმება ამ მიმართულების დანერგვა. დაველოდები ამ პროცესს და მერე ჩავაბარებ ისევ აქ“.

ნინი გიგინეიშვილი – ,,უნივერსიტეტში ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე და ძალიან კარგ ლექტორებთან მქონდა ურთიერთობა. აქ, ამ კედლებში, კარგი ცოდნა მივიღე და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის ეს 4 წელიწადი. ძალიან გული მწყდება, რომ ვამთავრებ უნივერსიტეტს. თუ მაგისტრატურაში ჩაბარებას გადავწყვეტ, ისევ თსუ-ს ავირჩევ“.

ნინო წიფიანი  – ,,დამატებით მაქვს ფსიქოლოგია არჩეული. უნივერსიტეტმა მომცა უამრავი მოგონება, ემოცია… უნივერსიტეტს რომ ვამთავრებ, გული მწყდება ძალიან. ახლა ვიძახდი, რომ ეს დღე ბოლო დღე გამოდის ჩემთვის და სულს აქ ვტოვებ, თსუ-ში. მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებასაც თსუ-ში ვაპირებ. აქაურობას ვერ ვწყდები“.

მარიამ ქართველიშვილი – ,,პიროვნულად შევიცვალე, პირველ რიგში, ძალიან ჩაკეტილი ვიყავი და ბევრი მეგობარი გავიჩინე.  ახლა გახსნილი ვარ – ასე ვფიქრობ. უნივერსიტეტმა მომცა ის ცოდნა, რასაც მომავალში ნამდვილად გამოვიყენებ. ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმართულებით ყველა საგანი ავირჩიე და ყველას თავიდან 3-ჯერ გავივლიდი, იმდენად მომეწონა. საუკეთესო ლექტორები მყავდნენ. დღეს გამოსაშვები ღონისძიებაა და ჩემს კონვერტში უამრავი წერილი აღმოვაჩინე. ეს ფაკულტეტის ტრადიციაა – დერეფანში გამოფენილ გაფორმებულ კონვერტებში ერთმანეთს ანონიმურად ვუტოვებთ სამახსოვრო წერილებს, როგორც ლექტორებს, ასევე, კურსელებს. მეგონა, რომ ბევრ წერილს არ მივიღებდი, რადგან პანდემიის დროს ონლაინ სწავლის გამო ბევრი მეგობარი ვერ გავიჩინე, მაგრამ ჩემი კონვერტი სავსეა…  ძალიან მესიამოვნა და, ალბათ, რამდენიმე წლის მერეც სიამოვნებით წავიკითხავ და გავიხსენებ ამ წლებს“.

Facebook
Twitter
LinkedIn