ალმაატისა და ზაგრების უნივერსიტეტებთან სტომატოლოგიაში ახალი გაცვლითი პროგრამები იგეგმება

თარიღი: 2023-01-16 18:56:48

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია ყაზახეთის ალმაატისა და ხორვატიის ზაგრების უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამების ამოქმედების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გაცვლითი პროგრამები სტომატოლოგიის სპეციალობის მიმართულებით იგეგმება და  ითვალისწინებს როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის სწავლა-სწავლებისა და სამეცნიერო კვლევითი დანიშნულების მოკლევადიან ვიზიტებს.

„მე და ქალბატონ მანანა კალანდაძეს, რომელიც თსუ-ს ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის კათედრის გამგეა, შეხვედრები გვქონდა ზაგრების უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანთან და დეკანის მოადგილესთან. ურთიერთთანამშრომლობის სურვილი ორივე მხარეს გვაქვს. ამ დროისთვის მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება და ტექნიკური საკითხების მოგვარების პროცესი. ზაგრების უნივერსიტეტს სტომატოლოგიის სწავლების დიდი ტრადიცია აქვს. ჩვენ დავათვალიერეთ მათი კლინიკური ბაზები, ვნახეთ, რომ პრეკლინიკური და კლინიკური სწავლება უახლესი მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს. სამწუხაროდ, პრეკლინიკურ დონეზე გარკვეული სიახლეები ჯერ ჩვენთან არ დანერგილა და იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ამ საკითხსაც მოვაგვარებთ.

ალმაატის უნივერსიტეტში ჩემი ვიზიტი გასული წლის მიწურულს განხორციელდა. წავიკითხე ორკვირიანი სალექციო კურსი თემაზე – „დენტალური იმპლანტოლოგია, როგორც პაციენტის ორთოპედიული რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდი“. ასევე, ვმონაწილეობდი საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაში ყბა-სახის ქირურგიისა და დენტალური იმპლანტოლოგიის პრობლემების შესახებ.  ლექციებს ესწრებოდნენ სტუდენტები, რეზიდენტები, დოქტორანტები და აკადემიური წრის წარმომადგენლები. ვიზიტის დროს ალმაატის უნივერსიტეტის დეკანმა ურთიერთთანამშრომლობა შემოგვთავაზა, უკვე შევთანხმდით ერთობლივი კვლევების დაწყების თაობაზე და მიმდინარეობს მოლაპარაკებები გაცვლითი პროგრამების ამოქმედების საკითხებზე. ვფიქრობ, რომ 2023 წლის ბოლომდე ჩვენ გარკვეული შედეგები უკვე გვექნება“, – განაცხადა თსუ-ს პროფესორმა, მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ (მამუკა) მარგველაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სტომატოლოგიაში ორი – ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამა ხორციელდება. ორივე პროგრამამ, 2019 წელს, უპირობო, 7 წლიანი აკრედიტაცია მიიღო. 

Facebook
Twitter
LinkedIn