თსუ-ს ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი ყველა ფაკულტეტის სტუდენტს მოემსახურება

თარიღი: 2022-12-26 19:44:01

სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე  გაიხსნა. ცენტრი სრული დატვირთვით მომავალი წლის საგაზაფხულო სემესტრიდან ამუშავდება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს მოემსახურება.

თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე  სტუდენტთა ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი 2016 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა, აქამდე, მხოლოდ ამავე ფაკულტეტის სტუდენტების მომსახურება იყო გათვალისწინებული. 2019 წლიდან ფაკულტეტზე არსებობს ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, რომელიც ონლაინ დახმარებას უწევს ფაკულტეტის სტუდენტებს და ხელს უწყობს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მათ კეთილდღეობას, მათი პოტენციალის განვითარებას. 2021 წლიდან ფაკულტეტი საერთაშორისო პროექტში „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ჩაერთო, რამაც ცენტრის თანამშრომლებს საქმიანობის გაფართოების საშუალება მისცა.

„თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადამიანის ჰარმონიულ განვითარებას, რაც წარმოუდგენელია ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე. ფსიქიკური ჯანმრთელობა ნიშნავს, როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანი თავის სურვილებსა და შესაძლებლობებს იმგვარად უხამებს გარემოს, რომ მას არ აქვს დისკომფორტი, მუდმივ სტრესულ სიტუაციაში არ იმყოფება. ამ კონტექსტში სტუდენტობა  სრულიად განსხვავებულ და ძალიან მაღალი მოწყვლადობის ფენას მიეკუთვნება. სტუდენტს, რომელსაც  ახალ რეალობასთან და კარიერული სვლის გამოწვევებთან უწევს შეგუება, ასევე უმკლავდება საგამოცდო პერიოდთან, ახალი მეგობრების შეძენასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს დაწყვილების პერიოდია არა მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობების კონტექსტში, არამედ დამეგობრების, ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებთან მიკუთვნების განცდის ჩამოყალიბებისა და საერთო ინტერესების მოძიების თვალსაზრისითაც. სწორედ ამიტომ საუნივერსიტეტო სივრცეში ფსიქოლოგის ფუნქციამ ძალიან სერიოზული დატვირთვა შეიძინა. ჩვენ იმედი გვაქვს, ეს ცენტრი გახდება საფუძველი იმისა, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ მიიღოს დროული, კვალიფიცირებული დახმარება იმ შემთხვევაში, თუ მას პრობლემები ექმნება როგორც ინტერპერსონალურ, ასევე, აკადემიურ სივრცეში და მათ წარმატებით დაძლევს“, – განაცხადა თსუ-ს ვიცე რექტორმა, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა. 

„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობთ, შესაძლებლობას გვაძლევს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობას ფსიქოლოგიური კონსულტირების მომსახურება შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია სტუდენტების ფსიქიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რაშიც ვგულისხმობ არა მხოლოდ ფსიქოთერაპიას, არამედ კონსულტაციებს კარიერული მართვის თვალსაზრისითაც.

საზეიმო გახსნის ცერემონია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილეზე გაიმართება, უკვე მარტიდან ცენტრის ფსიქოლოგები სტუდენტების მომსახურებას შეძლებენ. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაო გეგმის ფორმირება, თუ როგორ უნდა მოხდეს სტუდენტთა ნაკადების მართვა.

სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრს ქეთევან მოსაშვილი და მარიამ ფანჯიკიძე კურირებენ“, – განაცხადა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ.

„ჩვენ 2016 წელს დავიწყეთ პირველი მოხალისეობრივი აქტივობა, ვატარებდით ტრენინგებს დასწავლის უნარების შესახებ, ასევე, სტრესის მართვისა და შფოთვის შემცირების თაობაზე. 2017 წლიდან ჩვენმა აქტივობებმა ცენტრის სახე მიიღო  და, დასწავლის უნარების შესახებ ტრენინგების გარდა, ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული მომსახურებაც დავიწყეთ. ეს აქტივობა უკვე მიმართული იყო ისეთ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, როგორიცაა ძლიერი შფოთვა, დეპრესიული გუნება-განწყობილება, დროის მართვის სირთულეები, სირთულეები ინტერპერსონალური ურთიერთობების დროს. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჩვენი საქმიანობა მთლიანად მოხალისეობრივი იყო, მთელი უნივერსიტეტის მოცვა ვერ შევძელით.

ეს ცენტრი ასევე ემსახურება ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიულ ზრდას, მაგალითად, ვატარებდით ვორქშოფებს, რომელიც შფოთვის მართვას ეხებოდა. მას ესწრებოდნენ სტუდენტები, რომელთა მიზანი ფსიქოლოგიური განათლების გაღრმავება იყო“, – აღნიშნა თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა, ფსიქოთერაპევტმა  მარიამ ფანჯიკიძემ.

პროექტის – „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ – მიზანია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა, მათი მუშაობის ხელშეწყობა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადება.

პროექტის ფარგლებში აკადემიური, ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე სტუდენტები მიიღებენ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას და დახმარებას. ასევე, გადამზადდებიან ფსიქოლოგიური კონსულტაციის სპეციალისტები და ფსიქოთერაპევტები, ვინც მოემსახურება სტუდენტებს უმაღლესი სასწავლებლის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სტუდენტების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მათ კეთილდღეობას, მათი პოტენციალის განვითარებას. ფაკულტეტი მუშაობს თსუ-ს კეთილდღეობის პოლიტიკის დოკუმენტზე, რაც გულისხმობს სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და მხარდაჭერას.

„უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან კვლევების შედეგად აღინიშნა და დადგინდა, რომ სტუდენტების 91%-ს სჭირდება დახმარება და ისინი მზად არიან უნივერსიტეტებში შექმნილი სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების მომსახურებით ისარგებლონ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც ასეთი გამოცდილება უკვე ჰქონდა და ახლა ცენტრის სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებაზე ვმუშაობთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ თამარ გაგოშიძეს და მის გუნდს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უკვე ამოქმედდა ქვეპროექტი და სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში გაიხსნება“, – აღნიშნა სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა, პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ კოორდინატორმა ინდირა ძაგანიამ.

პროექტი – „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ (Establishment of Psychological Counselling Centers at Georgian HEIs for Students – E-PSY, N617980-EPP-1-2020-1-G-EPPK2-CBHE-SP)  – ხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ,,ერაზმუს +“ პროგრამის Capacity Building in a Field of Higher Education ფარგლებში. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი და მის ფარგლებში არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი მონაწილეობს ამ პროექტში, როგორც კონსორციუმის წევრი.

კონსორციუმის წევრები ასევე არიან: პოლონეთის ბიგდოშჩის ეკონომიკური უნივერსიტეტი; ტრანსილვანიის ბრაშოვის უნივერსიტეტი; ბოლონიის კომპანია „სტეპსი“ (STePS); ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის ცენტრი (თბილისი-კის); საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

Facebook
Twitter
LinkedIn