ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი ინტერდისციპლინური  სადოქტორო პროგრამა შეიქმნა

თარიღი: 2023-05-29 17:29:39

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი ინტერდისციპლინური  სადოქტორო პროგრამა  – „კულტურული პერსონოლოგია, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია და ემიგრაციის კვლევები“ შეიქმნა. პროგრამა აკრედიტებულია და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების –  ლალი სურმანიძისა და ვლადიმერ გამსახურდიას ხელმძღვანელობით განხორციელდება.

პროგრამას წინ უძღოდა „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის“ სადოქტორო პროგრამა, რომელსაც პროფესორი ლალი სურმანიძე ხელმძღვანელობდა.

 „ეს სადოქტორო პროგრამა უნიკალურია და ანალოგი არ გააჩნია საქართველოში“,  – განმარტავენ პროგრამის ხელმძღვანელები – „მისი განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინტერდისციპლინური და ტრანსდისციპლინური სოციალური მეცნიერების  განვითარებაში. სადოქტორო პროგრამის მიზნებია:

  • მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა ჩამოყალიბება, რომლებსაც შეუძლიათ ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის, კულტურული პერსონოლოგისაა და ემიგრაციის კვლევების სფეროში ახალი მეცნიერული ცოდნის გენერირება, აქტუალური თეორიული საკითხების დამუშავება, კულტურულ-ფსიქოლოგიური რესურსის ინტეგრირება ფსიქოლოგიისა და ანთროპოლოგიის სფეროთა დასაახლოებლად;
  • მაღალკვალიფიციურ მკვლევართა მომზადება,  რომლებსაც მულტიდისციპლინურ და ინტერდისციპლინურ მიდგომებზე დაყრდნობით შეუძლიათ სინთეზური კვლევითი სტრატეგიების/მეთოდების გამოყენება/შექმნა, ახალი სამეცნიერო იდეებისა და პრაქტიკული ინოვაციების შემუშავება,  სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულების მქონე დასკვნების გაკეთება  ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებით;
  • უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური თანამდებობის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციების მქონე, დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ინტერდისციპლინურად მოაზროვნე პედაგოგიური კადრების მომზადება, რომელთა საქმიანობა ხელს შეუწყობს ინტერდისციპლინური მეცნიერული აზროვნების და  ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის სფეროს განვითარებას საქართველოში.
  • სამეცნიერო პერსონალის მომზადება, ვინც უმაღლესი ფსიქიკური პროცესების კულტურული საფუძვლების შესახებ არსებული თეორიული მიდგომების ინოვაციურ განვითარებას შეძლებს;
  • მაღალი დონის მკვლევრების მომზადებას, ვინც ემიგრაციის პროცესის სიღრმისეულ კვლევას, ემიგრანტთა ადაპტაციური პროცესების თეორიულ მოდელირებასა და მათ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეფექტური პოლიტიკის (policy) შემუშავებას შეძლებს“.

„პროგრამა თანამედროვე ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის, კულტურული პერსონოლოგიისა და ემიგრაციის კვლევების თეორიულ პარადიგმათა კრიტიკულად გააზრებისა და შემოქმედებითი ხედვის საფუძველზე, საკვლევი სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით, ქმნის და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით გამოიყენებს სინთეზურ, ინოვაციურ მეთოდოლოგიებს;  ინტერდისციპლინური აზროვნებისა და კვლევის შედეგების საფუძველზე ახდენს ახალი ცოდნის გენერირებას“, – აღნიშნულია პროგრამის აღწერილობაში  – „სისტემურად იაზრებს თანამედროვე ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის, კულტურული პერსონოლოგიისა და ემიგრაციის კვლევების კავშირს მომიჯნავე სამეცნიერო სფეროებთან და ახდენს ამ სფეროებში არსებული ცოდნის ინტეგრირებას ფსიქოანთროპოლოგიურ კვლევაში. შემოქმედებითად და პრობლემურად იაზრებს თანამედროვე ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის, კულტურული პერსონოლოგიისა და ემიგრაციის კვლევების გამოწვევებსა და გადაჭრის გზებს; უახლეს მიღწევებზე დამყარებული სისტემური ცოდნის საფუძველზე, კრიტიკულად აანალიზებს ამ მიმართულებით არსებულ თეორიულ მოდელებსა და კვლევით მონაცემებს“.

„კულტურული პერსონოლოგიის, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიისა და ემიგრაციის კვლევების“ პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმების სფეროებია:

  • ადამიანისა  (სოციოჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო ორიენტაციის) და კულტურული სპეციფიკის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი და გამოყენებითი ცენტრები/ინსტიტუტები;
  •  უმაღლესი სასწავლებლები;
  • სამთავრობო და კერძო სტრუქტურები, რომელთა ინტერესები მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს დინამიკის შესწავლას და სტრატეგიის შემუშავებას (ეკონომიკა, ბიზნესი, მარკეტინგი, მენეჯმენტი, განათლება, მედიცინა, მასმედია, პოლიტიკა, სამართალი, მომსახურების სფერო  და ა.შ.);
  • მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციაზე/ფართო კონტექსტში წარმოჩენაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სტრუქტურები და ჯგუფები  (მუზეუმები, საგამოფენო გალერეები).
  • ემიგრანტთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ყოფილ ემიგრანტთა ინტეგრაციაზე მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

სადოქტორო აკადემიური პროგრამა  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერნაციონალიზაციის პროცესს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სტუდენტების სტაჟირება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. პროგრამის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია დისერტაციის შეფასების პროცესში უცხოელი რეცენზენტების მონაწილეობაც.

Facebook
Twitter
LinkedIn