ფრანკფურტის უნივერსიტეტმა კიდევ ერთხელ მოუყარა თავი წამყვან მეცნიერებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

თარიღი: 2023-10-12 19:16:53

ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში 4 ოქტომბერს გაიხსნა საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალური კავკასიოლოგია – პარადიგმების ცვლა?“, რომელიც დააფინანსა მეცნიერების განვითარების გერმანულმა ფონდმა „Volkswagen Stiftung”. პროექტის  ავტორები არიან: მანანა თანდაშვილი (ფრანკფურტი), იოსტ გიპერტი (ჰამბურგი), დარეჯან თვალთვაძე (თბილისი), რამაზ ხალვაში (ბათუმი).  სიმპოზიუმი ოფიციალურად გახსნა ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფ. ენრიკო შლაიფმა, რომელმაც ისაუბრა ფრანკფურტის უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა სიმპოზიუმის როლს ამ მიმართულებით და აღნიშნა, რომ ფრანკფურტის უნივერსიტეტი, როგორც კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის ერთადერთი სასწავლო ცენტრი ევროპაში, ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და კიდევ ერთხელ მოუყარა თავი წამყვან მეცნიერებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რათა ერთად იმსჯელონ კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის განვითარების პერსპექტივებზე XXI საუკუნის გამოწვევების ფონზე.

სიმპოზიუმზე წარმოდგენილ ქართველ და უცხოელ წამყვან მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა კავკასიოლოგიის სწავლებისა და კვლევის მნიშვნელობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე; შეაფასა ფრანკფურტის უნივერსიტეტში არსებული კავკასიოლოგიური და ქართველოლოგიური ცენტრის როლი ქართულ-გერმანული სამეცნიერო ურთიერთობების თვალსაზრისით, ხაზი გაუსვა მისი შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას და გამოხატა სამინისტროს დაინტერესება ამ მიმართულებით.

სიმპოზიუმს აგრეთვე მიესალმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ფრანკფურტის უნივერსიტეტში კავკასიოლოგიური და ქართველოლოგიური სკოლის არსებობას, ისაუბრა ქართულ-გერმანული კულტურული და სამეცნიერო მნიშვნელობის შესახებ და მისი გაღრმავების აუცილებლობაზე საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კონტექსტში.

სიმპოზიუმის გახსნაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ ფრანკფურტის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები საქართველოდან, რომლებმაც ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის ოცწლიანი გამოცდილებისა და მომავალი პერსპექტივების შესახებ.

სიმპოზიუმის ოფიციალური გახსნის ბოლოს ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გერდ კარლინგმა შეაფასა ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტისათვის კავკასიოლოგიისა და, კერძოდ, საერთაშორისო სიმპოზიუმის ორგანიზების მნიშვნელობა. სიმპოზიუმის ორგანიზატორმა, ფრანკფურტის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა თანდაშვილმა თავის სიტყვაში შეაჯამა კავკასილოგთა საერთაშორისო ფორუმის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში პარადიგმების ცვლისა და მეცნიერების ფილოსოფიის გადააზრების ფონზე თანამედროვე კავკასიოლოგიური და ქართველოლოგიური კვლევები და ამ კვლევების ფარგლებში ჩამოყალიბებული თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. სიმპოზიუმის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სახით მიესალმა აკადემიკოსი მზექალა შანიძე.

სიმპოზიუმის პირველი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ენრიკო შლაიფმა თავის ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მონაწილეობა სიმპოზიუმის გახსნაში და მის მიერ გამოხატული დაინტერესება არის იმის მანიშნებელი, რომ ფრანკფურტის კავკასიოლოგიური და ქართველოლოგიური ცენტრის გაძლიერებას დიდი დატვირთვა აქვს ორი ქვეყნის სამეცნიერო დიალოგის თვალსაზრისით, ხოლო ფრანკფურტის უნივერსიტეტისათვის იგი მნიშვნელოვანია როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო დონეზე წამყვანი ადგილის შენარჩუნებისათვის.

სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ ცნობილი ევროპელი ქართველოლოგები: დონალდ რეიფილდი და ჯორჯ ჰუიტი ინგლისიდან, ბერნარ უტიე და ნინა დობრუშინა საფრანგეთიდან, იოსტ გიპერტი გერმანიიდან, კარინა ვამლინგი შვედეთიდან. სიმპოზიუმმა გამოავლინა ახალი სახეები – მეცნიერები და სამეცნიერო ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებული არიან და აქტიურად იკვლევენ ქართულ ენას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ავითარებენ პალიმფსესტური ხელნაწერების ავტომატური წაკითხვის მეთოდოლოგიურ მიდგომებსა და ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს, ქართული ენისათვის ქმნიან უახლეს პროგრამულ საშუალებებს ლექსიკოგრაფიის თანამედროვე გამოწვევების ფონზე და სხვ.

ფრანკფურტის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტიც, რომ სიმპოზიუმის პროგრამაში ცალკე საგანგებო სესია იყო გამოყოფილი ახალგაზრდა მეცნიერთათვის (დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისათვის). ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდა კავკასიოლოგებმა და ქართველოლოგებმა თავიანთ მოხსენებებში სადისკუსიოდ წარმოადგინეს საკუთარი კვლევის შედეგები.

სიმპოზიუმი „დიგიტალური კავკასიოლოგია – პარადიგმების ცვლა?“8 ოქტომბერს  დასრულდა .

Facebook
Twitter
LinkedIn