,,ჩვენ ყველანი აქედან ცოტა უფრო ჭკვიანები გავალთ“

თარიღი: 2023-11-10 16:32:27

საჯარო ლექცია „ფიზიკა ყველასათვის“

 „ფიზიკა ყველასათვის“ –  ასე ერქვა საჯარო ლექციას, რომელიც საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა,  ფიზიკა-მათემატიკის  მეცნიერებათა  დოქტორმა თეიმურაზ ნადარეიშვილმა ჩაატარა.

ლექცია ერთ-ერთი იყო ღონისძიებათა იმ ციკლიდან, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის  დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს ეძღვნება. ახალგაზრდულ ცენტრში, ამ ციკლის ფარგლებში, ხშირად იმართება სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება, რომლის მიმართაც ახალგაზრდების დაინტერესება დიდია. ამჯერად საჯარო ლექციას ფიზიკაში ესწრებოდნენ მოსწავლეები თბილისის 10 საჯარო სკოლიდან.

,,ჩვენ ყველანი აქედან ცოტა უფრო ჭკვიანები გავალთ“ – ასე დაიწყო ლექცია თეიმურაზ ნადარეიშვილმა და აუდიტორიას მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა. ლექციაზე ყურადღება გამახვილდა მოსწავლეთათვის საინტერესო თემატიკაზე. პროფესორმა თეიმურაზ ნადარეიშვილმა ისაუბრა ფიზიკის, როგორც მეცნიერების, ნაწილებზე, ყურადღება გაამახვილა მის ადგილზე სხვა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შორის, პოპულარულ ენაზე განმარტა შავი ხვრელის რაობა, ახსნა დიდი აფეთქების თეორია და განიხილა ყველაზე თანამედროვე პრობლემები – გრავიტაციული ტალღები, დროში მოგზაურობის მეცნიერული პერსპექტივა და სხვ.

„ლექცია ინტერაქციული გამოვიდა, რაც ძალიან მახარებს. სკოლის მოსწავლეების მიერ დასმული კითხვები, ძირითადად, შეეხებოდა დამატებით განზომილებებს, გრავიტაციულ ტალღებსა და დროში მოგზაურობის შესაძლებლობებს. ახლა ეს კითხვები და მასზე პასუხებიც უტოპიურად გვეჩვენება, მაგრამ ასი წლის მერე არავინ იცის, რა იქნება, ამიტომ, კარგია, რომ ახალგაზრდები ამ თემებით და, ზოგადად, ფიზიკით დავაინტერესეთ.

ეს ლექცია, რომელიც დღეს ახალგაზრდულ ცენტრში წარმოვადგინე,  ყველაზე მარტივი საჯარო ლექციაა. თუ გაჩნდება მოთხოვნა, შეგვიძლია შემდეგ შეხვედრებზე ვისაუბროთ ატომურ ფიზიკასა და ველის ერთიან თეორიაზე, რომელსაც მე „აინშტაინის ახდენილი ოცნება“ დავარქვი.

მოგეხსენებათ, ბუნებაში არსებობს ოთხი ძალა და აინშტაინმა მიზნად დაისახა ოთხივე ძალის გაერთიანება.  დღეს  სამი  ძალა  გაერთიანებულია.  მხოლოდ ერთი  – მსოფლიო მიზიდულობა არ „გვემორჩილება“, თუმცა ბოლო ხანს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენამ იმედი მოგვცა, რომ ეს პრობლემაც დაიძლევა. ამაზე მუშაობენ სწორედ გია დვალი და სხვა დიდი ფიზიკოსები. სწორედ ეს თემატიკაა განხილული მესამე ლექციაში. მე ვცდილობ – ეს თემები ისე მივიტანო ახალგაზრდებამდე, რომ მათ ფიზიკა შეიყვარონ“, – გვითხრა თეიმურაზ ნადარეიშვილმა.

ლექციის ჩატარებას წინ უძღოდა ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორის, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის მოადგილის, დეკანოზ ბიძინა გუნიას გამოსვლა, რომელშიც მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ცენტრის მიზანი სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში შემეცნებითი ინტერესების გაღვივებაა: „დღევანდელი შეხვედრა ერთგვარი გაგრძელებაა იმ ციკლისა, რაც საპატრიარქოსთან არსებულმა ახალგაზრდული ცენტრის მესვეურებმა ჩაიფიქრეს. საქმე ისაა, რომ ბავშვებს აქვთ სხვადასხვა ნიჭი, ზოგს ჰუმანიტარული მეცნიერებისკენ უწევს გული, ზოგსაც – ზუსტი ან საბუნებისმტყველო მეცნიერებისკენ. ჩვენ ვცდილობთ ხშირად მოვიწვიოთ სკოლები და მოსწავლეებს პოპულარულ, მათთვის გასაგებ ენაზე გავაცნოთ სხვადასხვა სფერო, რომ ინტერესი გაუღვივდეთ. წინა შეხვედრა პოეტ ტარიელ ხარხელაურთან გვქონდა. დღეს კი მათ პროფესორ თეიმურაზ ნადარეიშვილისგან ბევრი რამ გაიგეს ფიზიკის მეცნიერების შესახებ“, – აღნიშნა მან.

სკოლის მოსწავლეებს, ბუნებრივია, მათი ფიზიკის მასწავლებლები მოუძღოდნენ. 145-ე საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნინო ჭიკაიძემ გვითხრა, რომ ლექციაზე წამოსვლის მსურველი სკოლაში ბევრი იყო, მაგრამ მან მეათეკლასელებზე შეაჩერა არჩევანი. ,,მინდა, რომ ჩემი მოსწავლეები ფიზიკით დაინტერესდნენ. ამ საგნისადმი დამოკიდებულება ცოტა ზერელე გახდა, რადგან ფიზიკა არ ბარდება მისაღებ გამოცდებზე, მე კი მინდა, რომ მათ მხოლოდ გამოყენებითი თვალსაზრისით არ შეხედონ ამ მეცნიერებას და შეიყვარონ საგანი, რაშიც ეს ლექცია ძალიან დამეხმარება“, – გვითხრა ნინო ჭიკაიძემ.

145-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შოთა მობილაძემ და თომა ბიგვავამ კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ლექციაზე ისეთ ინფორმაციას გაეცნენ, რაც აქამდე მათთვის არ იყო ცნობილი. „ფიზიკას შეუძლია ახალი აღმოჩენებით ცვლილებები შეიტანოს ადამიანის აზროვნებასთან და სამყაროსთან დაკავშირებით. ჩვენთვის აქ განხილული თემები ახალია. განსაკუთრებით დაგვაინტერესა დროისა და სივრცის განზომილებებმა“, – აღნიშნეს მათ.

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიებები ყოველ ოთხშაბათს გაიმართება.

Facebook
Twitter
LinkedIn