ფემინიზმის არასწორი გაგება და სავალალო შედეგები, რაზეც თსუ-ს სტუდენტები მსჯელობენ

თარიღი: 2023-10-17 18:38:19

მიუხედავად იმისა, რომ ფემინიზმი, ძირითადად, დასავლეთიდან წარმოიშვა, ფემინიზმი ვლინდება მთელს მსოფლიოში, თუმცა დღევანდელი რადიკალი ფემინისტები, რომლებიც პირდაპირი განცხადებით გამოდიან და ამბობენ, რომ სამყარო კაცების გარეშე უკეთესია, საფრთხეს უქმნიან ფემინიზმის სწორ გაგებასა და იმ ბრძოლას, რომელშიც დღეს ქალები არიან ჩაბმულები.

ვინაიდან  საუნივერსიტეტო სივრცეში ახალგაზრდებს შორის ბევრ საჭირბოროტო საკითხზე მიმდინარეობს დისკუსია და სტუდენტების უმეტესობა ჩართულია რიგი საკითხების პოლემიკაში, გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტი“ ამჯერად დაინტერესდა სტუდენტების მოსაზრებების შესწავლით ფემინისტური მოძრაობის თაობაზე. სანამ უშუალოდ საკითხზე გადავალთ, მიმოვიხილოთ ფემინიზმის ისტორია.

საიდან მოდის ფემინიზმი?

დასავლური ისტორიის უმეტესობის განმავლობაში ქალები შემოიფარგლებოდნენ საშინაო საქმიანობით, მათ არ ჰქონდა მუშაობის, სწავლის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევის უფლება. მე-19 საუკუნის მიწურულსაც კი გერმანიაში ქმარს ცოლის გაყიდვის უფლება ჰქონდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არსებულ მძიმე მდგომარეობას.  ასეთი შეზღუდული სტატუსის წინააღმდეგ ადრეული ორგანიზებული პროტესტის მტკიცებულებაც არსებობს – ეს მოხდა მე-3 საუკუნეში რომში, სადაც რომაელმა ქალებმა შეავსეს კაპიტოლინის ბორცვი და გადაკეტეს ფორუმის ყველა შესასვლელი. პროტესტი დაიწყო იქიდან, რომ კონსულმა მარკუს პორციუს კატონმა შემოიღო კანონი, რომლის თანახმადაც ქალებს ეკრძალებოდათ ძვირადღირებული ნივთების შეძენა. პროტესტი წარუმატებელი აღმოჩნდა, კატონი გამოვიდა სიტყვით, სადაც თქვა: „ქალები, როგორც კი დაიწყებენ შენ თანასწორობას, ისინი გახდებიან შენი ზემდგომები.“ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღესაც კი, საზოგადოების უმეტეს ნაწილს სწორედ ასე ესმის ფემინიზმი და გენდერული თანასწორობა. თუმცა მკაფიოდ უნდა იქნას ხაზგასმული, რომ ერთიც და მეორეც გულისხმობს თანასწორობას და არა ერთი კონკრეტული სქესის გავლენას, ბატონობას  მეორეზე. (იხილეთ ინფორმაცია – https://www.britannica.com/topic/feminism )

რა აქცენტს აკეთებდნენ ქართველი მამაკაცი საზოგადო მოღვაწეები ფემინიზმზე?

პირველი ფემინისტი ქალები საქართველოში საბრძოლო ასპარეზზე მე-19/მე-20 საუკუნეში გამოჩნდნენ. ეკატერინე გაბაშვილი, ბარბარე ჯორჯაძე და კატო მიქელაძე აქტიურად იბრძოდნენ იმისთვის, რომ ქალსაც ჰქონოდა სწავლის უფლება, შესძლებოდა აქტიურად ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მე-19 საუკუნეშივე ვხვდებით მამაკაც საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც აქტიურად იბრძოდნენ ქალთა უფლებებისთვის… ესენი იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ვაჟა-ფშაველა.

„შორს არ არის ის დრო, როდესაც დედათა საქმე თავისას გაიტანს და ეს მთელი ნახევარი სქესი კაცობრიობისა მოწვეულ იქნება წუთისოფლის სუფრაზე თავისი კუთვნილის ადგილის დასაჭერად“- წერს ილია. მაშინდელ ქალ ფემინისტებს ილია ამერიკელ და  ევროპელ ქალებს უსახავდა მაგალითად, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ თავიანთ უფლებებზე და იბრძოდნენ კიდეც ამ ყოველივესთვის. რაც შეხება აკაკის, მისი ფემინისტური ხასიათი იკვეთება მის სიტყვებში შეუღლებასა და ცოლ-ქმრის ცნებაზე, სადაც იგი მათ თანასწორობაზე საუბრობს. იგი, ასევე, ქალების როლს საზოგადოებაში სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებს: „საზოგადოდ ქალებს იგივე მნიშვნელობა აქვთ, რაც ბარომეტრს ჰაერის ცვლილებაში. თუ ქალები მაღალ საფეხურზე დგანან ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში, მაშინ იმ ხალხსაც დარი უდგას და თუ დაბლად არიან, ხალხის ცხოვრებაც იცარება“, – წერდა აკაკი წერეთელი. რაც შეეხება ლუკა რაზიკაშვილს, იგი სვამს კითხვას –  შეიძლება თუ არა ქალი და კაცი იდგნენ ერთ საფეხურზე და გახდნენ ერთმანეთის თანასწორები? ამ კითხვას ვაჟა-ფშაველა თავადვე სცემს პასუხს და განმარტავს, რომ დღევანდელობაში ყველაზე საჭირო თანაგრძნობა და შემწყნარებლობაა, ანუ ის თვისებები, რომლითაც ქალბატონები მეტად არიან დაჯილდოებულები.

არ შეიძლება არ ვახსენოთ ის ადამიანები, რომლებიც ფემინიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ერთ-ერთი გახლდათ დავით კვეზერელი, რომელიც ამბობდა: „ის მირჩევნია, ღამე მთვარეს შევყეფდე და დღე მზეს და მომავალს ღრუბლებს, მინამ ქალს მეცნიერული ბაასი გავუბა, როგორი ჭკუის და განათლებისაც არ უნდა იყოს ის“.

(იხილეთ ინფორმაცია – https://fortuna.ge/fortuna/post/ilia-vadja-da-akaki-feministebi-iyvnen-sad-aris-qalis-adgili )

თსუ-ს სტუდენტების აზრი რადიკალურ ფემინიზმზე

21-ე საუკუნის მესამე ტალღის ფემინიზმი თავისი არსით რადიკალურად განსხვავებულია.  გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ფემინიზმის არასწორი გაგება იწვევს აგრესიულ დამოკიდებულებას ამავე ტერმინის მიმართ, რაც გამოიხატება იმაში, რომ, დღესდღეობით, საზოგადოებაში არსებობს ძალიან მავნებლური ტენდენცია, საიდან გამომდინარეც ფემინისტებს თვლიან კაცთმოძულეებად და ამავე ტერმინს იყენებენ დასაცინად. ასევე, სტუდენტები აღნიშნავენ იმასაც, რომ ქალები მაინც არიან უფლებაშეზღუდულები, ძალიან ხშირად ხვდებიან მსხვერპლი სხვადასხვა დისკრიმინაციული ქმედებისა თუ სტერეოტიპისა – ფემიციდის შემთხვევების გაზრდილი რიცხვიც ყოველივე ამის დასტურია. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვანო კაკაშვილი დასმულ კითხვაზე – „ფიქრობ, თუ არა რომ ფემინიზმის არასწორი გაგების გამო მამაკაცები იჩაგრებიან, რაც შეიძლება გამოხატული იყოს ყოველდღიურ ცხოვრებაში?“ გვპასუხობს: „კაცები კი არ იჩაგრებიან, კაცები ცდილობენ საკუთარი თავები ჩათვალონ დაჩაგრულებად, იმ გაგებით, როგორი გაგებითაც ისინი ეკიდებიან ფემინიზმის ცნებას. მათ გამოაქვთ არასწორი შინაარსი ფემინიზმისა და გენდერული თანასწორობისგან, რაც ძალიან სამწუხაროა“.

გამოკითხულთა უმრავლესობა, ასევე, საუბრობს იმაზე, თუ რატომ არ არსებობს საქართველოში ფემინიზმის სწორი გაგება. ისინი მთავარ პრობლემად ასახელებენ ერუდიციის დაბალ დონეს, რადგან საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა არც კი იცის საიდან მოდის ფემინიზმი ან რატომ გახდა საჭირო გენდერული თანასწორობის საკითხის დღის წესრიგში ასე აქტიურად დაყენება. თსუ-ს სტუდენტი მარიამ გაბოშვილი დასმულ კითხვაზე –  „რატომ დგას ფემინიზმის საკითხი ასე აქტიურად ქვეყნის დღის წესრიგში და რამდენად სწორადაა ამ ტერმინის ცნება საზოგადოებაში აღქმული?“ გვპასუხობს: „დღესაც კი ძალიან რთულია გერქვას ფემინისტი ქალი, რადგან ეს სიტყვა გამოიყენება სალანძღავ რეპლიკად, რაც სწორად არ მიმაჩნია. თუმცა, ეს გასაკვირი არ არის, რადგან საზოგადოების უმეტესი ნაწილი ფემინისტ ქალებს კაცთმოძულეებად მიიჩნევს, რაშიც ვერ გავამტყუნებ, რადგან ქართველი ფემინისტების უმეტესი ნაწილი ფემინიზმს სწორედ ამას ეძახის. დღის წესრიგში აქტიურად დგას გენდერული თანასწორობის ცნება, თუმცა რამდენად სწორადაა დაყენებული ეს საკითხი, საქმე სწორედ რომ ამაშია. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ გარკვეული  სწორი წარმოდგენა გენდერულ თანასწორობაზე, უნდა ტარდებოდეს ტრენინგები (ჯერ კიდევ სკოლიდან მოყოლებული), რათა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ფემინიზმისა და რადიკალური ფემინიზმის ცნებები. რაც შეეხება ამ ნიშნით მამაკაცების ჩაგვრას, ჩემი აზრით, იჩაგრებიან და თავს თვლიან დაჩაგრულებად, რადგან მესამე ტალღის ფემინიზმი და რადიკალი ფემინისტები ავლენენ არათანასწორობის იდეას და სქესებს შორის უპირატესობის ცნებას, რაც არასწორად მიმაჩნია“.

გენდერული თანასწორობა და ფემინიზმი საუკუნეებია მსოფლიოსთვის აქტიური განხილვის საკითხია. მთავარია ადამიანებს გვესმოდეს სწორად ის იდეა, რომელსაც ვემსახურებით და ვიცავთ. ფემინიზმი ემსახურება თანასწორუფლებიანობას განურჩევლად სქესისა.

                                                                                                                                     ნატა ჩობანიძე                        თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn