მეცნიერის რა ნაშრომები გამოსცა ესტატე ლაზარიდის ოჯახმა წიგნებად?

თარიღი: 2024-04-26 17:38:53

25 აპრილს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ინიციატივით ესტატე ლაზარიდის (ლაზარევის) ნაშრომების ,,პონტოს დიალექტის ბერძნულ-ქართული ლექსიკონი” და ,,ბერძნული ენის დიალექტის ფოლკლორული ტექსტების” პრეზენტაცია გაიმართა.

მეცნიერის ნაშრომები ესტატე ლაზარიდის ოჯახმა წიგნებად გამოსცა. „აღსანიშნავია, რომ  „ბერძნულ-ქართულ ლექსიკონში“ პონტოს დიალექტის შემორჩენილი უნიკალური ტერმინებია თავმოყრილი. ასევე, „ბერძნული ენის პონტოს დიალექტის ფოლკლორული ტექსტები“ თავს უყრის პონტოს დიალექტზე შექმნილ ფოლკლორულ ლექსებს, მოთხრობებს და ანდაზებს.  ესტატე ლაზარიდისის ნაშრომების/ხელნაწერების უნიკალურობა და მნიშვნელობა განპირობებულია შემდეგი ისტორიული ფაქტების გამო: „პონტოელ ბერძნებად მოიხსენიებიან ბერძნები, რომლებიც ცხოვრობდნენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. ოსმალეთის იმპერიიდან ლტოლვილი პონტოელი ბერძნები XVIII საუკუნიდან დასახლდნენ ძირითადად საქართველოში, ასევე სომხეთსა და რუსეთის სამხრეთ პროვინციებში. მათი პონტოური ბერძნული – პონტოს დიალექტი, სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული პირობების გამო, ისე დაშორდა სხვა ბერძნულ დიალექტებს და თანამედროვე ბერძნულ ენას, რომ მისი გაგება ბერძენთათვის საკმაოდ ძნელი გახდა. სწორედ ამიტომ პონტოური ტექსტების ჩასაწერად და გამოსაქვეყნებლად საბერძნეთში ჯერ კიდევ 1938 წელს, ხოლო შემდგომ 1961 წელს, შემუშავებულ იქნა საგანგებო ასო-ნიშნები. საქართველოში არსებობდა მსუყე ნიადაგი პონტოს დიალექტის კვლევისათვის, ვიდრე საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და საქართველოში დასახლებული ბერძნები საბერძნეთს დაუბრუნდებოდნენ. აკადემიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი წერდა: „დასავლელ მეცნიერებს (მათ შორის ბერძნებს) არა აქვთ საშუალება იკვლიონ ჩვენს ქვეყანაში არსებული ბერძნული ენის იდიომები. ამიტომ ჩვენი, ადგილობრივი მეცნიერების ვალია, ჩავიწეროთ ეს მდიდარი მასალა და ყველა ენათმეცნიერისათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ“. ესტატე ლაზარიდისი სწორედ ს. ყაუხჩიშვილის მოწაფე იყო. მისი წინაპრები ყარსელი ბერძნები იყვნენ, რომლებიც 1850 წელს დასახლდნენ ჯავახეთის ქ. ახალქალაქში. ე. ლაზარიდისმა პონტოს დიალექტი ოჯახში ისწავლა, სრულყოფილად ფლობდა ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებს, კარგად ფლობდა გერმანულს. 1940-1958 წლებში ესტატე ლაზარიდისმა (1914-1967) პონტოელებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოსა და სომხეთის სოფლებში ჩაიწერა უნიკალური ფოლკლორული მასალა (ლექსები, ანდაზები, გამოცანები, იგავ-არაკები, ზღაპრები). „რკინის ფარდის“ პირობებში, საბერძნეთში პონტოს დიალექტისთვის შემუშავებული საგანგებო ასო-ნიშნები ჩვენი მკვლევრებისათვის ხელმიუწვდომელი იყო. ამიტომ ე. ლაზარიდისმა თავად შექმნა „პონტოური ანბანი“, რომელიც ბერძენი მკვლევრების მიერ შემუშავებულს, ცხადია, არ ემთხვევა. მიუხედავად ამისა, ე. ლაზარიდისის „პონტოური ანბანი“ ზუსტად გადმოსცემს პონტოს დიალექტის ბგერათა ჟღერადობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ე. ლაზარიდისი ფოლკლორულ მასალას იწერდა მხოლოდ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ბერძნულ სკოლებში არ უსწავლიათ, რათა ჩაწერილი მასალა დაზღვეული ყოფილიყო სალიტერატურო ბერძნული ენის გავლენისგან. იმ დროს საქართველოში მცხოვრებ პონტოელ ბერძნებს არ ჰქონდათ ურთიერთობა საბერძნეთთან, არც იმის საშუალება ჰქონდათ, სადმე ბერძნული ესწავლათ. ამიტომ საქართველოში გავრცელებული პონტოური დარჩა ისეთივე, როგორიც იგი პონტოელმა ბერძნებმა თავიანთი სამშობლოდან ჩამოიტანეს და რომლის მოპოვება ეხლა შეუძლებელია, რადგან საქართველოში პონტოური დიალექტის მცოდნეთა რიცხვი მკვეთრად მცირდება, და ახალი ბერძნული ენის გავლენის გამო, მისი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას. შეგროვილი მასალის საფუძველზე შეადგინა პონტოურ-ქართული ლექსიკონი, მაგრამ ვერც ტექსტების გამოქვეყნება მოასწრო და ვერც ლექსიკონის. პონტოს დიალექტზე კავკასიური ენების გავლენა ჯერ შესწავლილი არ არის. ასევე წინამდებარე მასალა მკვლევრებს დიდ სამსახურს გაუწევს ზოგიერთი ქართული სიტყვის ეტიმოლოგიის დადგენისას. 1914-1967 წლებში ესტატე ლაზარიდი საბჭოთა რეჟიმის მიერ მიღებული მავნებლური ტრადიციის გათვალისწინებით გამოიცვალა გვარი ლაზარევად, რათა სრულად მისცემოდა საშუალება სამეცნიერო მუშაობის. იგი სამცხე ჯავახეთში სოფელ-სოფელ დადიოდა და ბერძნული მოსახლეობიდან აგროვებდა და იწერდა ფოლკლორულ მასალას, ზღაპრებს, ლექსებს, ანდაზებს, ძირითადად, მხცოვანი და ასაკიანი ხალხისგან, რაც ამჟამად გამქრალია და შემდგომ თაობაში დაკარგული. სამწუხაროდ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, მასალით არავინ დაინტერესებულა დღემდე. თუმცა მასალა უნიკალურია, არ აქვს ანალოგი და მნიშვლელოვანია ამ სფეროს სამეცნიერო მკვლევრებისათვის. მისი ხელნაწერები შენახულია ოჯახში და ამჟამად ხელნაწერისვე სახით დაიბეჭდა ოჯახისვე რესურსებით,“ – აღნიშნავს ესტატე ლაზარიდის შვილი ლაზარე ბერძენიშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn