პირველკურსელი ელენე ლიპარტაშვილი წარმატებული მომავლის შესაქმნელად აქედანვე იბრძვის

თარიღი: 2023-09-19 17:11:15

„იყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, ნამდვილად რთული გამოწვევაა, რომელიც  მხოლოდ თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიიღწევა. ასეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოხვედრა და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა მართლაც არ ყოფილა ადვილი, ამიტომაც მოლოდინები ნამდვილად დიდი მაქვს და დარწმუნებული ვარ, თითოეული ლექტორი დამეხმარება – მივიღო საჭირო ცოდნა“, – აცხადებს ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის  პირველკურსელი ელენე ლიპარტაშვილი, რომელმაც წარმატებით გაიარა ეროვნული გამოცდები და საკონკურსო ქულების მიხედვით საუკეთესო შედეგი აჩვენა. მართალია, წელს ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე 150 ადგილობრივი და 6 საერთაშორისო სტუდენტი ისწავლის,  მაგრამ ელენე ყველაზე გამორჩეულია  მაღალი საკონკურსო ქულების მიხედვით. 

„რაც მახსოვს, ყოველთვის მიყვარდა მათემატიკა, ამის გამო ავირჩიე ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა, რომელმაც მომცა როგორც ემპირიული, ისე აკადემიური ცოდნა. ყოველთვის მსურდა ჩემი მომავალი პროფესია მათემატიკასთან დამეკავშირებინა. ჩემს შემთხვევაში  გამიმართლა, ერთ-ერთი  მშობელი ეკონომიკის დოქტორია და, შესაბამისად, ფაკულტეტის არჩევამდე მქონდა შესაძლებლობა ახლოს გავცნობოდი ამ სფეროს. ეს, რა თქმა უნდა, დამეხმარა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“,  – ამბობს ელენე, რომელიც თანატოლებს მოუწოდებს ბოლომდე იბრძოლონ საკუთარი მიზნებისთვის, რადგან შრომის გარეშე არაფერი მიიღწევა, არც წარმატებული  პროფესიული კარიერა. 

„აბიტურიენტობა მართლაც რთული და სტრესული პროცესია ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა მინდა ყველამ იცოდეს, რომ შეუძლებელი არაფერია და იბრძოლონ საკუთარი მიზნებისთვის, ეს ნებისმიერ სფეროში ფასობს. რაც შეეხება მისაღებ გამოცდებზე  საკონკურსო ქულებს, ISET-ის შემთხვევაში დიდი ყურადღება  ექცევა მათემატიკას, ამიტომაც, ვფიქრობ, აბიტურიენტებმა  ამ მიმართულებით ბევრი უნდა ისწავლონ და იმუშაონ“, – აცხადებს ელენე, რომელიც მომავალში გაცვლითი პროგრამით წასვლას გეგმავს უცხოეთში.  `ბაკალავრიატის შემდეგ კი ვაპირებ საფუძვლიანად შევისწავლო ფინანსები, რაც დამეხმარება პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში. საბოლოოდ, თუ არ მექნება საკუთარი კომპანია, მომავალში აუცილებლად ვიმუშავებ ისეთ წამყვან კომპანიებში, როგორიცაა, მაგალითად, Primerica, Chartway და სხვა“, – ასეთი თამამი განაცხადი აქვს ელენეს, რომელიც  წარმატებული მომავლის შესაქმნელად აქედანვე იბრძვის.  

Facebook
Twitter
LinkedIn