მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა

თარიღი: 2023-12-04 14:07:48

 „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”  – ამ თემატიკის გარშემო მსჯელობდნენ  ქართველი და უცხოელი მეცნიერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც     თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენციას    100-მდე პროფესორ-მასწავლებელი და მკვლევარი ესწრებოდა და იღებდა მონაწილეობას.  კონფერენციის  თემატიკა, უკვე მერვე წელია, სულ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს, რადგან მუდმივი ცვლილებების პირობებში გამოვლენილი ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების აღწერისა თუ ანალიზის საშუალებას იძლევა.

კონფერენციის გახსნასსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია,   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მიზანი გლობალიზაციის პირობებში ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში მიმდინარე ტენდენციების გამოვლენა იყო როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და, ასევე, რეკომენდაციების შემუშავება შემდგომი განვითარებისთვის. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ  თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  მნიშვნელობასა და უნივერსიტეტელების  წვლილზე  ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში.  „ეს ღონისძიება არის მაგალითი, თუ როგორ უდგას მეცნიერება სახელმწიფოს გვერდში და როგორ ხდება ერთობლივად ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვართ. ბოლო პერიოდის მოვლენებმა წინ წამოსწია უამრავი ახალი პერსპექტივა რესურსების თვალსაზრისით და აუცილებელია ამ რესურსების მაქსიმალურად შესწავლა. ეს არის ინტერდისციპლინური კვლევის საკითხი და მასში ეკონომისტების როლი არის განუზომელი“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

რექტორი, ასევე, შეეხო მეცნიერების კომერციალიზაციის საკითხს. მისი თქმით, მეცნიერებისა და ბიზნესის თანაარსებობა დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, ამ მიმართულების განვითარების გარეშე გამორიცხულია განვითარებაზე ფიქრი.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის ინფორმაციით,  ყოველწლიური კონფერენცია ეხება გლობალიზაციის პრობლემებს, მის გამოწვევებს, სადაც სპეციალისტები უცხოელ კოლეგებთან ერთად მსჯელობენ  – თუ რა რეკომენდაციები უნდა შესთავაზონ სახელმწიფოს, რომ ქვეყანა იყოს კარგად შეიარაღებული ამ გამოწვევების წინაშე. „ჩვენს ყოველწლიურ კონფერენციებზე ხდება აკუმულირება იმ გამოცდილების, რომელიც არის მსოფლიოში, მსჯელობა – თუ რა პროცესები მიმდინარეობს და როგორ ახდენენ ჩვენი ლიდერები რეაგირებას ამ პროცესებზე“, – განაცხადა გიორგი ღაღანიძემ. 

კონფერენციაზე ქართველმა  და უცხოელმა მეცნიერებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს  გლობალიზაციის გამოწვევებზე, რომლებიც  ახალი ეკონომიკური პრობლემების გაუმჯობესების ქმედითუნარიან მექანიზმებს ეძებენ. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილ სამეცნიერო ნაშრომებში აქტუალური და პრობლემური საკითხები იყო განხილული.

კონფერენციის მსვლელობისას თუ რა  საკითხებზე გამახვილდა ყურადღება და რა  აქცენტები გამოიკვეთა   გლობალიზაციის  გამოწვევებზე ეკონომიკასა და ბიზნესში,  ამის შესახებ  პროფესორი მანანა ლობჟანიძე გვესაუბრება:

„გლობალური პროცესების თანმდევი მოვლენები სულ უფრო მეტ ასახვას ჰპოვებს ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაზე. კონფერენციაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: განათლების სისტემის სრულყოფა, საქართველოს ეკონომიკური მოდელი, უმუშევრობის დაძლევის მექანიზმები, საქართველოს ეკონომიკაში ერთობლივ მოთხოვნაზე ფისკალური და მონეტარული ინსტრუმენტების ზემოქმედების თავისებურებები, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, კლასტერული პოლიტიკის ფორმირებისა და სახელმწიფო საწარმოთა მართვის აქტუალური საკითხები, ინოვაციური პროცესების დანერგვის თავისებურებები სხვადასხვა სფეროში, ტურისტული პოტენციალის ათვისების პერსპექტივები, სოციო-კულტურული გამოწვევები და სხვა. აღნიშნული საკითხები არა მარტო თეორიული ინტერესის სფეროა, არამედ ეკონომიკური განვითარების პრაქტიკული ასპექტების ანალიზს წარმოადგენს.

ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებები, რაც გამოიკვეთა რეკომენდაციებში, არის ციფრული ტრანსფორმაცია და მდგრადი, მწვანე ეკონომიკის განვითარება გლობალიზაციის მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით“, – აღნიშნა მანანა ლობჟანიძემ.

პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში.

კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილი იყო 16 სექცია.

კონფერენციის ქართველ და უცხოელ მონაწილეთა ერთობლივი რაოდენობა შეადგენდა  95-ს, ხოლო კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევითი ნაშრომების საერთო რაოდენობა  65-ს. 

კონფერენციის მთავარი მიზანი – მომხდარიყო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, მიღწეულ იქნა. 

Facebook
Twitter
LinkedIn