კონფერენცია, რომლის აქტუალური საკითხებიც პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა

თარიღი: 2023-10-11 20:31:50

მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრობლემები პანდემიისა და რუსეთუკრაინის ომის გათვალისწინებით – ამ თემატიკის გარშემო მსჯელობდნენ  ქართველი და უცხოელი მეცნიერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებითა და რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენციის მიზნები იყო: ქვეყანაში ეკონომიკური მეცნიერების განვითარებისადმი ხელის შეწყობა; ეკონომიკური მეცნიერების პოპულარიზაციის ზრდა; ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო  ურთიერთობებში ჩართულობის გაძლიერება; ინსტიტუტის საქმიანობის პოპულარიზაცია; გამოჩენილ ქართველ მეცნიერ-ეკონომისტთა საიუბილეო თარიღის აღნიშვნა მათი ღვაწლის დაფასებისა და მომავალი თაობის აღზრდაში წვლილის შეტანის მიზნით. კონკრეტულად აღინიშნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან მე-100 წლისთავი. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების განვითარების საქმეში; არის არაერთი სამეცნიერო სიახლის ავტორი.  ფასდაუდებელია ასევე მისი წვლილი სამეცნიერო კადრების აღზრდის საქმეში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მან დასაბამი მისცა ეკონომიკის ახალ მიმართულებას, შეიმუშავა რა მეცნიერული შემეცნების სისტემური მეთოდოლოგია ,,პერიოდანტულ-გენეტიკური მიდგომის” სახით და შექმნა რა ეკონომიკურ მახასიათებელთა მულტიპლიკაციური მთლიანობითი სისტემა, რითაც შესაძლებელი გახადა გადაეჭრა მენეჯმენტის ორგანიზებულობის გაზომვის რთული ამოცანა.

კონფერენციის თემატიკა მოიცავდა დღეისათვის უაღრესად აქტუალურ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის  მსოფლიო და ეროვნულ ეკონომიკაზე  გავლენის შედეგები; მსოფლიო  და ეროვნული ეკონომიკის მაკრო  და მიკროეკონომიკური,  სავალუტო-ფინანსური, სექტორული, სოციალური, დემოგრაფიული და ეკოლოგიური პრობლემები. ამ ორმა დიდმა უარყოფითმა მოვლენამ საკმაოდ სერიოზული პრობლემები წარმოშვა როგორც მსოფლიო, ისე ეროვნულ ეკონომიკებში, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაში. კონფერენციაზე სწორედ ეს მწვავე პრობლემები განიხილეს. აღინიშნა, რომ, მიუხედავად რთული ვითარებისა, არსებობს იმედი მდგომარეობიდან გამოსვლისა, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში.

კონფერენციის სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენილი იყვნენ მეცნიერები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან: ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია, აზერბაიჯანი, უკრაინა და სხვა.  კონფერენციას 100-მდე  ქართველი და უცხოელი მომხსენებელი ჰყავდა.

კონფერენციის მიმდინარეობისას მუშაობდა 5 სექცია: 

•           ეკონომიკური თეორია, ბიზნესის პრობლემათა კვლევა (სექციის ხელმძღვანელები –  პროფესორები გიორგი ბერულავა და  მურმან კვარაცხელია);  

•           მაკროეკონომიკა. მდგრადი განვითარება; ფინანსები და საბანკო საქმე (სექციის ხელმძღვანელები –  ეკონომიკის დოქტორები: მამუკა ხუსკივაძე,  თეა ლაზარაშვილი);

•           სექტორული და რეგიონული ეკონომიკა (სექციის ხელმძღვანელები – პროფესორი ვახტანგ ბურდული,  ეკონომიკის დოქტორი ქეთევან ქველაძე);

•           საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, გლობალიზაცია; სოფლის ეკონომიკა, დემოგრაფია, შრომის ეკონომიკა (სექციის ხელმძღვანელები – ეკონომიკის დოქტორი რევაზ ჯავახიშვილი, ხათუნა ბერიშვილი);

•           დემოგრაფიის,  სოციოლოგიისა  და  ეკონომიკის სექცია (სექციის ხელმძღვანელები –  პროფესორი  ავთანდილ სულაბერიძე და ეკონომიკის დოქტორი ლელა მენაბდიშვილი).

. . .

კონფერენცია გახსნა  თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა,  პროფესორმა რამაზ აბესაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს:  „აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და პედაგოგს  გიორგი ვლადიმერის ძე პაპავას, რომლის  გარდაცვალებიდან  100 წელი შესრულდა. იგი 89 წლის ასაკში წავიდა ჩვენგან  და დატოვა კვალი ნათელი, რომლითაც სამართლიანად იამაყებს  ქართველ ეკონომისტთა  მრავალათასიანი  არმია და, საერთოდ, საქართველო“, – აღნიშნა პროფესორმა   რამაზ აბესაძემ, რომელიც მიესალმა  კონფერეენციის მონაწილეებს და წარმატებები უსურვა.

თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობების შესახებ ისაუბრა ინსტიტუტის საერთაშორისო  სამეცნიერო ურთიერთობის მენეჯერმა გოჩა  გოგუაძემ, რომელმაც  დამსწრე საზოგადოებას ინსტიტუტის საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის, ასევე, კონფერენციაში უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და  უცხოელი კოლეგების მისალმებებიც გააცნო.

კონფერენციის მონაწილეებს  მიესალმა  თსუ-ს რექტორი,  აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.  რექტორმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა დიდი მეცნიერის, ეკონომისტის  გიორგი პაპავას ღვაწლზე, რომელსაც უკავშირდება ქართული ეკონომიკური აზრის  ფორმირება საქართველოში.  „მნიშვნელოვანია,  რომ  ქართული საზოგადოება არ ივიწყებს იმ სახელებს, რომლებმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარების საქმეში. გიორგი პაპავას ნოვატორული აღმოჩენები ქართული ეკონომიკური აზროვნების ბრწყინვალე  ნიმუშებია, რომელიც არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი კოლეგების მიერ იქნა აღიარებული და  სათანადოდ შეფასებული“, – განაცხადა  აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა  ინსტიტუტის დირექტორს  რამაზ აბესაძეს, კონფერენციის ორგანიზატორებს ასეთი მასშტაბური და  საინტერესო კონფერენციის ორგანიზებისათვის.

საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  პრეზიდენტმა  როინ მეტრეველმა დიდი პატივისცემით გაიხსენა  პროფესორ გიორგი პაპავას ღვაწლი და ხაზი გაუსვა  მისი ნაშრომების აქტუალობას, სიღრმესა და ღირებულებას. „ეს კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  უნივერსიტეტში მეცნიერება თავისი გზით მიდის… აქ წარმოდგენილი და განხილული რთული და აქტუალური საკითხები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისათვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ რამაზ აბესაძეს და მის კოლექტივს, რომელიც  ასეთი მასშტაბური და საინტერესო  კონფერენციების ორგანიზებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ეს კონფერენცია  დიდი ქართველი ეკონომისტის ხსოვნას მიეძღვნა, რომელმაც ქართული ეკონომიკური აზროვნება დანარჩენი სამყაროსთვის  ცნობადი და დასაფასებელი გახადა. სწორედ ქართველი მეცნიერების კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს“, – განაცხადა   საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  პრეზიდენტმა  როინ მეტრეველმა.    

შოთა რუსთაველის  საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო  ფონდის გენერალურმა დირექტორმა,  პროფესორმა თეიმურაზ დოჭვირმა გიორგი პაპავას 100 წლის იუბილე მიულოცა კონფერენციის მონაწილეებს და კონფერენციის მნიშვნელობაზე  გაამახვილა ყურადღება: „მჯერა, რომ ეს კონფერენცია იქნება ქართული ეკონომიკური მეცნიერების  პოპულარიზაციის ერთ-ერთი მძლავრი ფაქტორი“, – აღნიშნა თეიმურაზ დოჭვირმა, რომელმაც  მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და  ფონდის სახელით  პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტს  სამეცნიერო საქმიანობაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

„გიორგი პაპავა  ქართული ეკონომიკური მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელია.  იგი მრავალმხრივობით  გამორჩეული  მაღალი რანგის პროფესიონალი იყო. მის მეცნიერულ ნოვატორულ ცხოვრებას  განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებდა  მისივე მოქალაქეობრივი პოზიცია, კეთილშობილებით გაჯერებული მისი პიროვნული თვისება-ღირსებები. სწორედ ამიტომ,  იგი საზოგადოების, კერძოდ კი, კოლეგების  უპირობო ნდობით  სარგებლობდა. იგი ერთნაირად იყო ძლიერი და  და ღირსეული  მამულიშვილი; მასშტაბური აზროვნებისა და  საზოგადოებრივ პროცესებში სოღრმისეული კვლევის ოსტატი;  საბაზრო ტექნოლოგიების შეუდარებელი მკვლევარი,  საოცრად კეთილი და,  ამავდროულად,  პრინციპების ერთგული მეცნიერი, მოქალაქე და დამრიგებელი“, – აღნიშნა  ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა  ნოდარ ჭითანავამ.

კონფერენციის მნიშვნელობასა და თემის აქტუალობის შესახებ  ისაუბრა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მიხეილ ჯიბუტმა: „თემა, რომელსაც ეს კონფერენცია ეხება,  არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც აქტუალურია. ის გამოწვევები, რომელიც ეკონომიკის განვითარებაზე ახდენს გავლენას, ცვლის ეკონომიკურ ამინდს მსოფლიოში და ამ პრობლემის გარშემო მეცნიერული მსჯელობა   მნიშვნელოვანი და  აუცილებელია. ასევე  მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს კონფერენცია გამოცდილების გაცნობისა და ურთიერთგაზიარების  საშუალებას გვაძლევს. ამ გამოწვევებს ადექვატური რეაგირება და გადაწყვეტა სჭირდება“, – განაცხადა  პროფესორმა მიხეილ  ჯიბუტმა.  

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ  მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს,  ყველა მონაწილეს და იმედი გამოთქვა, რომ  ეს ტრადიცია სამომავლოდაც გაგრძელდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავაც იქნება ცენტრი ასეთი წარმომადგენლობითი ფორუმების ჩატარებისა, რადგან ეკონომისტების ძირითადი ბირთვი თავს სწორედ  უნივერსიტეტის სივრცეში იყრის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა აკადემიკოს გიორგი პაპავას პედაგოგიურ მოღვაწეობაზე და აღნიშნა: „ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით ქართული ეკონომიკური სკოლა და არასდროს დავივიწყებთ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც გზა გაგვიკვალეს ამ მეცნიერებაში. გიორგი პაპავა იყო ის ადამიანი, რომელმაც სანიმუშო  პედაგოგის, ხელმძღვანელის, თანამოაზრის სახელი დატოვა თავის  აღზრდილებში.მან სიცოცხლეშივე შეძლო  ჭეშმარიტი მოძღვრის სახელის მოპოვება.   გიორგი პაპავა წარმოადგენდა იმ ქართველ ეკონომისტთა ბრწყინვალე პლეადას, რომელსაც კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული – რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამოუკიდებელი ქართული ეკონომიკური აზრის ჩამოყალიბებას, ამ მიმართულებით კადრების აღზრდას; ახალი სამეცნიერო სიახლეების წარმოდგენას და მათ დანერგვას“.

. . .

კონფერენციის პლენარულ სხდომაზე სამეცნიერო მოხსენებით გამოვიდნენ: პროფესორი რამაზ აბესაძე, რომელმაც პროფესორ გიორგი პაპავას ცხოვრებისა და   მოღვაწეობის შესახებ წარმოადგინა ვრცელი მოხსენება. მოგონებებითა და სამეცნიერო მოხსენებით – „პროფესორ გიორგი პაპავას თეორიულ-ეკონომიკური მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ წარსდგა მსმენელის წინაშე თსუ-ს პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი.   ემოციური და მრავალმხრივი იყო პროფესორ მურმან კვარაცხელიას მოგონებები დიდ ქართველ მეცნიერზე; აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა წარსდგა მოხსენებით: „Об опасности банковского кризиса, новой волне зомбирования экономики эффекте ОЛИВЕРА-ТАНЦИ;  გივი ბედიანაშვილი მოხსენებით – „გლობალური განუზღვრელობა და მდგრადი კონკურენტუნარიანობა“;  ლია თოთლაძე, მამუკა ხუსკივაძე ნაშრომით – „ურბანიზაციისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების დამოკიდებულების ანალიზისათვის“; ნუგზარ თოდუა, გიორგი რობაქიძე მოხსენებით –  „პროდუქტის განთავსების გავლენა ქართველი მომხმარებლების მიერ ბრენდებისადმი დამოკიდებულებაზე“ და სხვ.

პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა მუშაობა სექციებში განაგრძეს, სადაც საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს. მომხსენებლებმა განიხილეს გლობალური ეკონომიკის გამოწვევები, ეკონომიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები.  კონფერენცია, პრაქტიკულად, ყველა იმ  საკითხს მოიცავდა,  რაც კი აქტუალურია ეკონომიკაში ბოლო პერიოდში.

კონფერენციის მთავარი მიზანი – მომხდარიყო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, მიღწეულ იქნა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით მომზადდა და გამოიცა სამეცნიერო კრებული, რომელიც პროფესორ გიორგი პაპავას ერთ-ერთ მონოგრაფიასთან, მისი დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ  წიგნთან – „გიორგი პაპავა-100“, სერტიფიკატებთან და სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად დაურიგდათ კონფერენციის მონაწილეებს.

Facebook
Twitter
LinkedIn