თანამედროვე ეკონომიკა და ღირებულებები

თარიღი: 2022-10-13 16:52:30

არსებობს თუ არა  კავშირი  კაცობრიობის კულტურულ-ღირებულებით სხვაობებსა და მათ ეკონომიკურ განვითარებას შორის? შეიძლება თუ არა კულტურულ-ღირებულებითი თავისებურებები ეკონომიკური განვითარებისათვის ხელისშემწყობ ფაქტორად იქცეს?

დღეს, გარდამავალი ეკონომიკის პირობებში, ბუნებრივია‚ გვიჩნდება კითხვა  – რა როლი უნდა შეასრულოს ეკონომიკის მოდერნიზაციის საქმეში ღირებულებებმა‚ მათმა სისტემამ? ბევრ ქვეყანაში ეს საკითხი მეცნიერული კვლევის მნიშვნელოვან სფეროს განეკუთვნება. ამ საკითხების შესახებ საინტერესო ხედვა და ანალიზია  წარმოდგენილი გამომცემლობა Cambridge Scholars Publishing-ის მიერ გამოცემულ მონოგრაფიაში  (გაერთიანებული სამეფო), ,,The Modern Economy and Values” (ქართულად: „თანამედროვე ეკონომიკა და ღირებულებები“).

წიგნის ავტორები არიან ეკონომიკის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გია ზოიძე და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე.

ახალი მონოგრაფია არის ავტორთა ადრინდელი სამეცნიერო ნაშრომების ერთგვარი გაგრძელება (მაგალითად, მონოგრაფია: ვეშაპიძე შ., (2018) „კაცობრიული ღირებულებები ეკონომიკური ხედვით“ და სხვა).  წიგნი ავტორთა  ოთხწლიანი ერთობლივი შრომის შედეგია.

„წიგნი დაინტერესებულ მკითხველს  მისცემს გეზს  – ობიექტურად აღიქვას ეროვნული და გლობალური ეკონომიკის სიღრმისეული პროცესები, გააცნობიეროს როგორც ხილული, ასევე, უხილავი გამოწვევები (პროცესები), ამასთან, ნათლად წარმოიდგინოს ქვეყნის ეკონომიკისა და ღირებულებების ტრანსფორმაციის მომავალი“, – აცხდაებს  წიგნის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი შოთა ვეშაპიძე, რომელიც მოცემული ნაშრომის მოკლე რეზიუმეს გვაცნობს:

„წიგნი გამომდინარეობს პრინციპებიდან, რომ ჩვენი პლანეტის თითოეული ინდივიდი არის უმაღლესი ღირებულება. თითოეული ადამიანიც იმის მიხედვით შეიცნობა, თუ რა ღირსების, რა ღირებულებების მატარებელია იგი.  მონოგრაფიის ავტორთა მიერ ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ღირებულებების ფენომენი ის კი არ არის, რაც ხალხს უნდა, არამედ ისაა, რაც ხალხს უნდა უნდოდეს. ღირებულებები ჩვენი ცხოვრების მარადიული გზამკვლევი და მისი გასრულყოფილების სათავეა. აღნიშნულ გზაზე ყველაზე მეტად ევროპა და ამერიკა დაწინაურდა. მათ პირველებმა უჩვენეს სამყაროს გზა უმაღლესი ფასეულობებისაკენ. სწორედ ამიტომ, წიგნში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებს“, – ვკითხულობთ წიგნის რეზიუმეში.

თუ ისტორიას გადავხედავთ, ღირებულებების, ფასეულობებისკენ სწრაფვის გზაზე  ყველაზე მეტად ევროპა დაწინაურდა და მთელი კაცობრიობის გზამკვლევი გახდა. მან   ყველაზე სწორი და ყველასათვის მისაღები გზა აჩვენა კაცობრიობას.  ევროპის მაგალითის საფუძველზე, საშუალება გვეძლევა – შეცდომების გარეშე უფრო სწრაფად გავიზიაროთ ის ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებები, რომლის გარეშეც ქვეყნები ერთმანეთთან მშვიდობიან და კეთილმეზობლურ ურთიერთობას ვერ დაამყარებენ. ამიტომ კაცობრიობის წარმატების მთავარი საწინდარი ამ ფასეულობების გავრცელებასა და დამკვიდრებაში ძევს – სწორედ ამაზე საუბრობენ წიგნში ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები: შოთა ვეშაპიძე და გია ზოიძე.

„პოსტ-ბიპოლარული სამყარო, თანამედროვე სოციალური რეალობა ხასიათდება გლობალური პრობლემების გამწვავებით (ეკოლოგიური, დემოგრაფიული, ეკონომიკური, ენერგეტიკული თუ სავაჭრო კრიზისებით), სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის თანამდევი უარყოფითი სოციალური შედეგების ზრდით. კაცობრიობის წინაშე სულ უფრო მკვეთრად დგება ადამიანის ბედის, მისი ყოფნა-არყოფნის, კულტურისა და ღირებულებების გამოწვევები. ადამიანის, კულტურის, ეკონომიკისა და ღირებულებათა პრობლემები ახლა საყოველთაოდ აქტუალურია“, – აღნიშნავენ წიგნის ავტორები. 

მონოგრაფიაში ასევე აღწერილია ღირებულებათა სისტემა, რომელსაც საზოგადოება სახელმძღვანელოდ იყენებს. ეს ღირებულებები ყველასთვის ერთნაირად მისაღები არ არის, ზოგი ხელყოფს კიდეც მათ, მაგრამ საზოგადოებას გამომუშავებული აქვს ფორმალური (კანონები) და არაფორმალური (ადათები, წეს-ჩვეულებები) ინსტიტუტები მათ დასაცავად.

„ღირებულებები გაყინულ სისტემას როდი ქმნიან. ეს სისტემა მუდმივად ახლდება და მის განახლებაში დიდ როლს ასრულებენ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები. აქედან გამომდინარე, წიგნში განხილული საკითხები თანამედროვე ეკონომიკისა და ღირებულებების შესახებ ერთნაირად საინტერესო იქნება თავის ქვეყანასა და საერთოდ კაცობრიობის ბედზე მოფიქრალი ყველა ადამიანისათვის, განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიური აღმსარებლობისა, რასისა, პროფესიისა, ასაკისა და მსოფლმხედველობისა“, -აცხადებენ წიგნის ავტორები. 

წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალობის სტუდენტებისა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის. ამასთან ერთად, ავტორთა მიერ კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ქვეყნის ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლებისა და მენეჯმენტის მიერ, აგრეთვე, მეთოდოლოგიური მასალის სახით ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამებში და სამეცნიერო კვლევებში.

წიგნის ბეჭდური ვერსიის მოძიება და გაცნობა  შესაძლებელია უშუალოდ გამომცემლობის ვებ-გვერდიდან: https://www.cambridgescholars.com/product/978-1-5275-8915-5

Facebook
Twitter
LinkedIn