ახალი დამხმარე სახელმძღვანელო საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის

თარიღი: 2023-11-14 14:29:49

ვალუტის გაცვლითი კურსები და საერთაშორისო ეკონომიკა  – რეგულირების თეორია და პრაქტიკა, ასე ჰქვია ახალ წიგნს, რომელიც თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა  ეკა სეფაშვილმა  საერთაშორისო ეკონომიკის ცნობილი სახელმძღვანელოების გამოყენებით შექმნა. წიგნი დამხმარე სახელმძღვანელოა და განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის.  თუ საიდან გაჩნდა ამ თემაზე სამეცნიერო ნაშრომის მომზადების იდეა და რამდენად აქტუალურია დღეს წიგნში განხილული საკითხები ამაზე თავად წიგნის შმქნელი – ეკა სეფაშვილი გვესაუბრება:

ეკა სეფაშვილი: ,,მოგეხსენებათ, საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენი ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის მნიშვნელობას უცხოურ ვალუტებთან, განსაკურებით დოლართან და ევროსთან მიმართებაში. ვალუტის გაცვლით კურსებზე მოქმედი ფაქტორები უამრავია. მარტო ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა და მისი ინტერვენციები არ განსაზღვრავს ჩვენი ვალუტის სიმყარეს ან სტაბილურობას. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ფისკალური პოლიტიკა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს, მათ შორის, სხვადასხვა სექტორში დაგეგმილი და განხორცილებული პოლიტიკები, სოციალური დახმარებები და ა.შ.

ხშირია მედიაში შეფასებები, რომელიც ლარის კურსს ეხება. და ეს შეფასებები ხშირად არასწორია, ან არასრულია. იშვიათად, რომ ყველა ფაქტორი იყოს მიმოხილული ან აღნიშნული. აქედან გამომდინარე, ეს თემა აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისათვის და სწორედ ამან განაპირობა მოცემული თემატიკით ჩემი დაინტერესება.

ამასთან, შევეცადე – რთული თეორიული მასალა, რაც შეიძლება, მარტივი ენით გადმომეცა. დაახლოებით, 20 წელია ვასწავლი საერთაშორისო ეკონომიკას თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს. ჩემი გამოცდილებით, სტუდენტებს საკმაოდ უჭირთ იმ რთული თეორიული საკითხების კარგად გააზრება, რაც მოცემულია სახელმძღვანელოებში იმის მიუხედავად, რომ ეს საგანი მე-3 კურსზე, ან მაგისტრატურაში ისწავლება. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ არ არის ეს მარტივი საგანი და ძალიან ბევრი ფორმულა და გრაფიკია გამოყენებული საკმაოდ რთული ეკონომიკური საკითხების ასახსნელად. ხშირად გვხდება ისეთი საკითხები და თემები, რომელთა შესახებ ერთიანი შეჯერებული აზრი და პოზიცია მეცნიერებს და ეკონომისტებს შორის არ არსებობს. ყველა ქვეყნის გადმოსახედიდან პოზიცია განსხვავებულია. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა. შესაბამისად, ვალუტის კურსზე მოქმედი საკითხების განხილვა და გაანალიზება, ნებისმიერი ადამიანისთვის, უფრო იოლს გახდის სწორი დასკვნების გაკეთებას.

ამავე დროს, შევეცადე, რაც შეიძლება მოკლედ  და ლაკონურად გადმომეცა და შემეჯამებინა ის ზღვა მასალა, რომელიც ამ საკითხზე არსებობს და ხშირად აბნევს ამ საკითხში გარკვევის მსურველთ.

ახალ დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი, რომელიც აღწერს ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობას საქონლის მომსახურებით. ვალუტის კურსზე, ასევე, გავლენას ახდენს ინვესტიციები და ის ვალები, რომელსაც ქვეყანა იღებს საშინაო ეკონომიკური განვითარების მიზნით. შესაბამისად, ეს საკითხებიც განხილულია წიგნში.  შეფასებულია მათი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და აღნიშნულია, რომ დადებითი ან უარყოფითი ბალანსი არაფერს არ ნიშნავს, თუ სიღრმისეულად არ გამოვიკვლიეთ მისი გამომწვევი მიზეზები. ასე მაგალითად, საგადასახდელო ბალანსის უარყოფითი სალდო ყოველთვის ცუდი არ არის. ასევე, მეტი ექსპორტი და ნაკლები იმპორტი სულაც არ ნიშნავს, რომ ამგვარად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკაა მხოლოდ პანაცეა და მხოლოდ ამის მიღწევას უნდა ცდილობდეს ხელისუფლება. ასევე, განხილულია, თუ რას ნიშნავს ფულზე მოთხოვნა, როგორ განისაზღვრება საპროცენტო განაკვეთი, რატომ ხდება ინფლაცია, რა გავლენას ახდენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ინფლაცია მოცემული ქვეყნის ინფლაციაზე და როგორ ხდება საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საშუალებით გარკვეული საგარეო და საშინაო შოკების შერბილება; მოთხრობილია სხვადასხვა სავალუტო სტრატეგიების შესახებ, რომლის გამოცდილება ჰქონდათ ქვეყნებს – დაწყებული ადრეული საუკუნეებიდან დღევანდელობამდე; თუ როგორი მოდიფიკაცია განიცადა ამ სტრატეგიებმა, დღეს როგორ ხდება სავალუტო კურსების განსაზღვრა ბაზრებზე, რა ფაქტორებია ძირითადი, რანდენად მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორები და როგორ გავლენას ახდენს ეს ეკონომიკების განვითარებაზე და, შესაბამისად, როგორ ზემოქმედებს ვალუტის კურსებზე. განხილულია, ასევე, ვალუტის უეცარი რყევების მიზეზები და აღწერილია მექანიზმები.

წიგნში ყურადღება ეთმობა აშშ დოლარის, როგოც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტის, განხილვას და იმ მიზეზების გაანალიზებას, თუ რატომაა ეს ვალუტა ასე მნიშვნელოვანი უამრავი ქვეყნისათვის. ასევე, მოთხრობილია ევროკავშირის ერთიანი ვალუტის  – ევროს – წარმოშობის ისტორია და ახსნილია ის მექანიზმები, თუ როგორ ხდება სხვადასხვა ქვეყნების მონეტარული და ფისკალური პოლიტიკების კოორდინირება ევროკავშირის შიგნით, რათა განსაზღვრონ ევროს კურსი და უზრუნველყონ ერთიანი ვალუტის სტაბილურობა. 

წიგნში, ასევე, მიმოხილულია გასული საუკუნის ისტორიული მოვლენები და ახსნილია მათი გენეზისი ეკონომიკური თვალსაზრისით. 

წიგნი, პირველ რიგში, დაიწერა სტუდენტებისთვის. თუმცა,   ვფიქრობ, რომ  მხოლოდ ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულების სტუდენტებისთვის არ იქნება საინტერესო იმ თეორიული მასალის და პრაქტიკული მაგალითების შესახებ ინფორმაციის გაცნობა,  რომელიც საერთაშორისო ეკონომიკას ეხება. საინტერესო იქნება, ასევე,  იმ ფაქტორების და მოვლენების შესახებ ინფორმაციის გაცნობა, რომელიც ვალუტის გაცვლით კურსებზე მოქმედებს და მათ ცვლილებას განაპირობებს. ამ საკითხზე დაწერილი შრომებისგან განსხვავებით, წიგნი საკმაოდ მარტივი ენითაა დაწერილი და ვფიქრობ, ამის გამო ის მკითხველთა ფართო წრისათვის იქნება საინტერესო და კითხვადი. 

სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს,  ასევე,  მარტივი ენით მოვუთხრო სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს ვაჭრობის კლასიკური და თანამედროვე თეორიების შესახებ. ვფიქრობ, გადავამუშავო და ხელმეორედ გამოვცე სახელმძღვანელო, რომელიც, ასევე, თსუ-ს გამომცემლობამ გამოსცა და რომელიც მოიცავს პრაქტიკულ რჩევებს დამწყები მკვლევრებისთვის. ამ წიგნმა თავის დროზე დიდი ინტერესი გამოიწვია და სხვა უნივერსიტეტებმაც შეიძინეს ტირაჟის ნაწილი, თუმცა ყველას ვერ გავწვდით და მხოლოდ 1 ან 2 ეგზემპლარი გადავეცით.  რამდენიმე საკითხზე ვფიქრობ  კიდევ ნაშრომის დაწერას, მაგრამ დროის უქონლობის გამო როგორ მოვახერხებ, ნამდვილად არ ვიცი“… 

Facebook
Twitter
LinkedIn