კვლევა, რომელიც თბილისის არეალში და მის შემოგარენში არსებული ზოგიერთი საშიში გეოლოგიური მოვლენის შესწავლას ითვალისწინებდა

თარიღი: 2024-02-22 14:04:34

სულ ცოტა ხნის წინ თბილისში მომხდარმა  13 ივნისის სტიქიურმა  უბედურებამ  მრავალი კითხვა გააჩინა:  არის თუ არა დედაქალაქში ცხოვრება უსაფრთხო?  რა სეისმური საფრთხეების წინაშე ვდგავართ?  თბილისში არსებული შენობები რამდენბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი და დედაქალაქში სეისმურად ყველაზე აქტიური რომელი რაიონია?  –  ამ კითხვებზე პასუხების ძიებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც დაინტერესდნენ და  შიდა საუნივერსიტეტო სტუდენტური პროექტის ფარგლებში საინტერესო კვლევა წარმოადგინეს. კვლევა, თანამედროვე გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე, ქალაქ თბილისის არეალში და მის შემოგარენში არსებული ზოგიერთი საშიში გეოლოგიური მოვლენის შესწავლას ითვალისწინებდა.   თუ რა იყო  ამ კვლევის მიზანი და  რა მნიშვნელობა  ჰქონდა ამ მიმართულებით კვლევების ჩატარებას, ამის შესახებ გვესაუბრება თსუ-ს ასოცირებული პროფესორი მარიამ ელიზბარაშვილი:

– ქალაქ თბილისის არეალში და მიმდებარე ტერიტორიებზე მრავლადაა წარმოდგენილი სხვადასხვა საშიში გეოლოგიური მოვლენა: მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა და სხვა, რაც საფრთხეს უქმნის შენობა ნაგებობებს, გზებს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტს და, ბუნებრივია, უარყოფითი ზეგავლენა შეუძლია იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე, საზოგადოების კეთილდღეობაზე და ადამიანთა მსხვერპლიც კი გამოიწვიოს. ყოველივე ამის თავიდან აცილება შესაძლებელია მოსალოდნელი საფრთხეების წინასწარი შეფასებით, რაც პრევენციისა და მოსალოდნელი ზიანის მაქსიმალურად შერბილების შესაძლებლობას მისცემს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ასევე ქალაქის შემდგომი განვითარების გეგმაში იქნება გათვალისწინებული.

ეს საშიში გეოლოგიური მოვლენები განსაკუთრებით სახიფათო ხდება თანამედროვე გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე. უკანასკნელი წლების კვლევებმა გვიჩვენა, რომ სწორედ კლიმატის გლობალური დათბობის ფონზე ხდება ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდა, მათ შორის, თავსხმა ნალექების. თავსხმა ნალექები კი სხვა მუდმივმოქმედ ფაქტორებთან ერთად (გეოლოგიური აგებულება, რელიეფი, ტექტონიკა, ჰიდროგეოლოგია და სხვა) ხელს უწყობს საშიში გეოლოგიური მოვლენების  – მეწყერის, ღვარცოფის, ქვათაცვენის მასშტაბის, სიხშირისა და ინტენსივობის ზრდას. აღსანიშნავია ისიც, რომ გეოლოგიური პროცესები მუდმივ დინამიკაში იმყოფება, ამიტომ განსაკუთრებით აქტუალურია ქალაქ თბილისის არეალში და მის შემოგარენში საშიში გეოლოგიური პროცესების დღეს არსებული მდგომარეობის შესწავლა. აღნიშნული კვლევა შეავსებს ამ პროცესებზე დღეს მიმდინარე თუ არსებულ კვლევებს და უფრო სრულყოფილ სურათს გვაძლევს, რაც უმნიშვნელოვანესია, ერთის მხრივ, სამეცნიერო თვალსაზრისით, ასევე, გადაწყვეტილების მიმღებთათვის, ხოლო, მეორეს მხრივ, ეს კვლევა უმნიშვნელოვანესი გამოცდილება იყო პროექტში ჩართული სტუდენტებისათვის. პროექტმა გაიმარჯვა შიდასაუნივერსიტეტო კონკურსში და სტუდენტებს მიეცათ საშუალება არა მარტო განეხორციელებინათ კვლევა, არამედ შედეგები  წიგნის სახით გამოექვეყნებინათ, დაებეჭდათ საველე კვლევების დროს გადაღებული ფოტოები.

– რა იკვლიეს პროექტის ავტორებმა და რა მნიშვნელოვანი  საკითხები გამოიკვეთა  პროექტზე მუშაობის განმავლობაში?

– წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მიზანი იყო თანამედროვე გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე ქალაქ თბილისის არეალში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საშიში გეოლოგიური მოვლენების შერჩევა, შესწავლა და აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციული პუბლიკაციის მომზადება. მართლაც მომზადდა და გამოიცა წიგნი,  რომელშიც წარმოდგენილია ქალაქ თბილისის და მისი შემოგარენის ზოგადი ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება: საზღვრები, რელიეფი, გეოლოგიური პირობები, ჰიდროგრაფია, კლიმატი; ასევე, ქალაქ თბილისში და მის შემოგარენში არსებული ზოგიერთი საშიში გეოლოგიური მოვლენა თანამედროვე კლიმატური ცვლილების ფონზე.

 – ვინ იყვნენ პროექტის ავტორები?

 – პროექტის ხელმძღვანელი იყო ალექსანდრე ინაშვილი, პროექტში, ასევე, ჩართულნი იყვნენ ანანო ღაღვიშვილი  და  მარიამ ჭიალაშვილი – სამივე თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის საბაკალავრო პროგრამის „გეოგრაფია“ მე-3 სემესტრის სტუდენტია. პროექტის განხორციელებისას სტუდენტებს კონსულტაციებს ვუწევდით მე და ასისტენტ პროფესორები: გიორგი დვალაშვილი და გიორგი გაფრინდაშვილი. პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა მთლიანად შემოიარეს თბილისი და მისი შემოგარენი.

როგორ ჩაიარა კვლევის პრეზენტაციამ და როგორ შეაფასებდით სტუდენტების  მუშაობას? 

 – სამუშაო ჯგუფმა   პროექტი დაასრულა. ყველა ამოცანა და აქტივობა წარმატებით და ჯეროვნად შესრულდა და მიღწეულ იქნა პროექტის მიზანი. პროექტის შედეგებზე დაყრდნობით  მომზადდა თემა და სტუდენტებმა მოხსენება წარადგინეს 2023 წლის 19 დეკემბერს სამეცნიერო კონფერენციაზე: „გეოგრაფიის თანამედროვე პრობლემები“. პროექტის ფარგლებში, ასევე, მომზადდა და გამოიცა წიგნი: „თბილისი. თანამედროვე გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე არსებული ზოგიერთი საშიში გეოლოგიური პროცესი“.

2024 წლის 1 თებერვალს კი  თსუ-ს პირველი კორპუსის მუზეუმის სივრცეში მოეწყო წიგნის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა, სადაც ამ  პროექტის ფარგლებში  წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ თბილისში გადაღებული ფოტოები. ფოტოები ასახავს ქალაქ თბილისის რთულ რელიეფსა და გეოლოგიური თვალსაზრისით კრიტიკულ ადგილებს.  

Facebook
Twitter
LinkedIn