ახალი წიგნი – დემოგრაფიული  ციკლები ისტორიაში და გლობალური უსაფრთხოება

თარიღი: 2023-05-16 19:45:40

დემოგრაფიული  ციკლები ისტორიაში და გლობალური უსაფრთხოება“ ამ სათაურით წიგნად  გამოიცა  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის დოქტორანტის ალექსანდრე უბირიას მონოგრაფია, რომლის პრეზენტაცია სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ახალგაზრდა მეცნიერის კვლევა და მონოგრაფიის მნიშვნელობა პრეზენტაციაზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა,  ალექსანდრე უბირიას სამეცნიერო ხელმძღვანელმა  ია ხუბაშვილმა შეაფასა: „ალექსანდრე უბირიას კვლევა  უაღრესად აქტუალურია, რადგან  დღეს მსოფლიო პოლიტიკაში დემოგრაფიული ციკლების ქაოტურობა, რომლის მთავარი გამოვლენა „დემოგრაფიული აფეთქების’’ სახელით არის ცნობილი, კაცობრიობის პროგრესის მთავარი შემაფერხებელია და მისი გადაწყვეტის გზები დღემდე ვერ მოიძებნა.

ჭარბი მოსახლეობის საკითხი და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური  პრობლემები ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდის საბერძნეთსა და ჩინეთში აწუხებდათ და გამოსავლის გზებს ეძებდნენ.  ინგლისელმა ეკონომისტმა  თომას მალთუსმა თეორიაც კი შექმნა, რომ თუ მოსახლეობის ჭარბი ზრდა არ შეჩერდებოდა, კაცობრიობა შიმშილით დაიხოცებოდა. მალთუსის თეორიის განახლება და განვითარება  მაკენროტმა  სცადა, რომელმაც რესურსებისთვის ბრძოლას დაუკავშირა ყველანაირი  ძალადობრივი ქმედება. დროის  ამ მონაკვეთში კაცობრიობამ ორი მსოფლიო ომი და უამრავი ლოკალური ომი გადაიტანა. „ისპანკას“ პანდემიამ და სხვადასხვა ეპიდემიებმაც, მათ შორის, კოვიდმაც, მუსრი გაავლო მსოფლიოს მოსახლეობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დემოგრაფიული აფეთქების საშიშროება, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე ყველა პრობლემის მამოძრავებელ ძალად ითვლება, ისევ მწვავედ  დგას  და გლობალურ საფრთხედ შეფასდა.  მისი შეჩერება  კი დღემდე შეუძლებელია. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ გლობალური პრობლემები, ასეთ სურათს მივიღებთ: ეკოლოგიური უსაფრთხოება, ეკონომიკური უსაფრთხოება, პოლიტიკური უსაფრთხოება, სოციალური უსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოება. ყველა მათგანი ერთი ჯაჭვის რგოლებია და მათი განცალკევება შეუძლებელია, ამიტომ შესაძლებელია რომელიმე ქვეყანა ან ქვეყნები გლობალური უსაფრთხოების გამომწვევად იქცეს.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე უბირიამ  საფუძვლიანად შეისწავლა ამ საკითხთან დაკავშირებული ინგლისურ და რუსულენოვანი ავტორების ნაშრომების საკმაოდ სოლიდური ჩამონათვალი (ქართულ ენაზე, სამწუხაროდ, ამ საკითხზე გამოკვლევა არ მოიძებნა) და კარგად გააანალიზა ის საფრთხეები, რომლებიც დემოგრაფიული აფეთქების იგნორირებას შესაძლოა მოჰყვეს: ეკოლოგიური კატასტროფა, შიმშილი, შეიარაღებული დაპირისპირება რესურსებისთვის ბრძოლაში და ა.შ. და არგუმენტირებული დასკვნები წარმოადგინა.

საპრეზენტაციოდ წარმოდგენილი წიგნი უდავოდ კარგ სამეცნიერო კვლევას წარმოადგენს. ავტორს  წარმატებებს ვუსურვებ!  მისი სადოქტორო დისერტაცია კიდევ უფრო გააღრმავებს ამ კვლევას ახალი კუთხით; მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობებში ცნობილი ე.წ. „მწვანე თეორია“ და  ახალი იდეოლოგიები (მწვანე კონსერვატიზმი, მწვანე ლიბერალიზმი, ეკონაციონალიზმი, ეკოფაშიზმი, ეკოსოციალიზმი, ეკოფემინიზმი და სხვ) და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური თუ სოციალური კატაკლიზმები იქნება მისი კვლევის საგანი, რაც ქართულ ისტორიოგრაფიაში სიახლეს წარმოადგენს, რომელსაც პრაქტიკული დატვირთვაც ექნება. აღსანიშნავია, რომ  ალექსანდრე უბირიას საბაკალავრო ნაშრომიც ძალიან საინტერესო და გამორჩეული იყო. მისი ნაშრომი იულიუს ევოლას პოლიტიკურ-ფილოსოფიურ შეხედულებებს ეხებოდა“,  – განაცხადა ია ხუბაშვილმა.

მონოგრაფია შეაფასეს წიგნის რეცენზენტმა, ისტორიის დოქტორმა, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორმა მიხეილ ქართველიშვილმა, თსუ-ს  მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელმა თეიმურაზ  პაპასკირმა და სხვებმა.

როგორც მონოგრაფიის ავტორმა განაცხადა, ამ კუთხით კლევის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს. „მოგეხსენებათ, თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც  მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოგრაფიულ ფაქტორს, რომელიც მთავარი მამოძრავებელი ძალაა და თავისთავად მოიცავს ჩვენი სოციუმის თითქმის ყველა სფეროს… დემოგრაფიული ფაქტორი უდიდეს გავლენას ამყარებს ისტორიულ პროცესზე, ვინაიდან ისტორიაში მთავარი აქტორი არის ადამიანი. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პოპულაციის რაოდენობის ცვლილებას. დემოგრაფიული ციკლების ქაოტურობის მთავარი მაგალითია „დემოგრაფიული აფეთქების“ ფენომენი, რომელიც, თავის მხრივ, წარმოქმნის ჭარბი მოსახლეობის საშიშროებას, რომლის შედეგია ცხოვრების ხარისხის გაუარესება. ჭარბი მოსახლეობის პრობლემა მთავარ ზიანს ეკოლოგიას აყენებს, რაც შემდგომ აისახება ეკონომიკაზე და სოციალურ ფაქტორზე. აქედან გამომდინარე, ეკოლოგიური უსაფრთხოება გვევლინება როგორც პრიორიტეტი. ამ პრობლემით ჯერ კიდევ სამაგისტრო დისერტაციის დროს დავინტერესდი, მუშაობის პროცესში უშუალოდ გლობალურ პრობლემებზე გავამახვილე ყურადღება, ამიტომ, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, კვლევას მომავალშიც გავაგრძელებ“,  – აღნიშნა ალესანდრე უბირიამ პრეზენტაციაზე.

Facebook
Twitter
LinkedIn