როგორ დაეხმარა ISET-ში მიღებული ცოდნა დემეტრე ტურაბელიძეს ჰელსინკის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად

თარიღი: 2024-04-08 19:00:05

საუბრის დაწყებისთანავე დაგვპირდა, რომ ძალიან გულახდილი იქნებოდა, იმიტომ, რომ სურვილი აქვს – რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დაეხმაროს.

გაიცანით: დემეტრე ტურაბელიძე ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი, რომელმაც შემოდგომის სემესტრი გაცვლითი პროგრამით ფინეთში, ჰელსინკის უნივერსიტეტში გაატარა.

„ვფიქრობ, რომ გაცვლითი პროგრამა ყველაზე მეტად პერსონალურ განვითარებაში დამეხმარა. ახალი გარემო, ხალხი და კულტურა ძალიან საინტერესოა. ყველა სტუდენტს ვურჩევდი ამ გამოცდილების მიღებას. ISET-მა ძალიან გამიმარტივა ეს პროცესი, ვინაიდან, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში სწავლის ხარისხის ფონზე, ჰელსინკის უნივერსიტეტში მასალა ადვილად დასაძლევი გახდა“, – აცხადებს დემეტრე,  რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს, წარმოდგენა არ აქვს –   რა პროფესიას  აირჩევს სამომავლოდ და ამას სრულიად ბუნებრივად თვლის. 

„ჯერ ყველაფერი უნდა ვცადოთ,  რომ ვიცოდეთ  – რასა და რას შორის გვაქვს არჩევანი გასაკეთებელი. მთავარია გამოვიმუშაოთ ინდივიდუალური თვისებები (დისციპლინა, საქმის ბოლომდე და ხარისხიანად მიყვანის უნარი, კომუნიკაცია, ვისწავლოთ უცხო ენა, კრეატიული აზროვნება, ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება და ა.შ) და ეს ყველაფერი ნებმისმიერ კარიერულ გზაზე გამოგვადგება“, – გვირჩევს დემეტრე, რომელიც თვლის, რომ ბავშვისთვის  სწავლის დაძალება მას სტრესულ და  არაპოზიტიურ მდგომარეობაში აგდებს. „ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ ყელში აქვს ამოსული მუდმივი წნეხი იმაზე, რომ  გამოცდებზე კარგი ქულები მიიღონ, გრანტი აიღონ ან   კონკრეტული პროფესია აირჩიონ.  ეს ყველაფერი  მოვა მაშინ, როცა დავფიქრდებით – რეალურად რისი კეთება გვინდა, სად გვირჩევნია ცხოვრება და რა გამოცდილებების მიღება გვსურს.  

ჰელსინკის უნივერსიტეტში წასვლას წინ გადაწყვეტილების მიღება უძღვოდა,  რომ ევროპული გამოცდილება მიმეღო. ეს მოტივაცია კი უფრო პერსონალური ცნობისმოყვარეობის შედეგი იყო, ვიდრე აკადემიური მიზანი.
როცა იცი  – რა გინდა და  როგორ უნდა იმოქმედო,   საქმეს ბოლომდე მიიყვან, რაშიც არაფერია წარმოუდგენლად რთული“, – აცხადებს დემეტრე, რომელსაც მოლოდინი აქვს, რომ ჰელსინკში მიღებული  გამოცდილება  საკუთარი თავის ზრდასა და  ხალხის დახმარებაში გამოადგება.  თავის თანატოლებს კი ურჩევს, რომ კარგად გაიაზრონ მიღებული გადაწყვეტილებები,  საჭიროებები და საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად გადასალახი ბიუროკრატიული ფორმალობები.

„როცა ეს ყველაფერი ორგანიზებული გექნებათ, გაიაზრეთ თქვენი სუსტი წერტილები და  მთელი ძალისხმევა მიმართეთ იქითკენ, რომ  ეს სისუსტეები დაძლიოთ.  თვალი ადევნეთ პიროვნულ განვითარებას, აჯობეთ თქვენივე თავს ყოველდღე და არ დაგავიწყდეთ, რომ ხანდახან დასვენებაც საჭიროა, ყველაფრის ანალიზი თავიდან რომ  გააკეთოთ. დააბალანსეთ თქვენი მოქმედება.  არ არის საჭირო მთელი დღე  სახელმძღვანელოებთან ისხდეთ და სწავლობდეთ, არამედ აიღეთ თქვენთვის საინტერესო წიგნი, პოდკასტი… იკითხეთ და უსმინეთ ამ ყველაფერს ინგლისურად, დაეუფლეთ უცხო ენებს, ვინაიდან უცხო ენის კარგად ცოდნა ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგარი უნარია; შეეცადეთ, რომ დაძლიოთ პროკრასტინაცია, დღიური ჩვევები, რაც დროს ფუჭად  გაკარგვინებთ.  შეინარჩუნეთ  ხალხთან ხარისხიანი და პროდუქტიული კომუნიკაცია, ამით დიდ დროს დაზოგავთ და ემოციურ ინტელექტსაც განავითარებთ.  არ დაისტრესოთ, თავიდანვე დაიჯერეთ, რომ შეგიძლიათ ნებისმიერი ოცნების ასრულება და ეს მხოლოდ თქვენი თავისთვის აკეთეთ! Work smart, be consistent, remember that giving to others starts the receiving process, and stay positive! (იმუშავეთ ჭკვიანურად, იყავით თანმიმდევრული, გახსოვდეთ, რომ სხვებისთვის გაცემა იწყებს მიღების პროცესს და იყავით პოზიტიური“!) – ამბობს დემეტრე ტურაბელიძე, რომელიც ყველას  საკუთარი წარმატების მსგავს მიღწევებს უსურვებს.

Facebook
Twitter
LinkedIn